Thumbnail
ფოტო: ლევან მაისურაძე | დიზაინი: ეთო გაბაშვილი

80-იან წლებში "ტაიტო ქორფორეიშენმა" ნინტენდოსთვის შექმნა თამაში The Legend of Kage, რომელშიც სამურაის როლში მყოფი მოთამაშე ცდილობს, პრინცესა კირი ბოროტი იოშის ტყვეობიდან დაიხსნას. თუმცა, როგორც კი ამას ახერხებს, პრინცესას ისევ იტაცებენ და თავგადასავალიც თავიდან იწყება. და ასე რამდენჯერმე, გააჩნია, რომელი კონსოლით თამაშობ. მიზეზი, რის გამოც ეს ცირკულაცია მოსაწყენი არ ხდება, ის არის, რომ ყოველი მოტაცების დროს სეზონი იცვლება - ზაფხული შემოდგომად იქცევა, შემოდგომა ზამთრად, ბოლოს კი ისევ ზაფხულს ვუბრუნდებით და საწყის სცენას, სადაც ჩნდება წარწერა "პრინცესა გადარჩენილია, ბოროტება გაქრა და მშვიდობამ დაისადგურა - ეს იყო ახალგაზრდა ნინძას ამბავი, რომელიც ძველი დროის იაპონიის შვილია". 

Intro-ს პირველივე წამებმა ზუსტად ეს თამაში გაგვახსენა. დასაწყისის მოკლე პასაჟი მის საუნდტრეკს მივამსგავსეთ და გაგვიხარდა, რომ "კაიკატას" შემოქმედებაში ჩვენი ნინძაც ვიპოვეთ, სახელად Kage (ჩრდილი) - მშვიდობის მოყვარული მებრძოლი, რომელსაც ერთსა და იმავე ტყეში ბევრჯერ შესვლის არ ეშინია, რადგან იცის, რომ ყოველ ჯერზე რაღაც ახალი მოხდება. სულ ცოტა ზაფხულს შემოდგომა შეცვლის, შემოდგომას ზამთარი და მერე ყველაფერი ისევ საწყისს დაუბრუნდება.

ანიმირებული ვიზუალი: Luna997

ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც "რიკი და მორტის" სცენარისტები ექცევიან თავიანთ გმირებს. თავდაპირველად პერსონაჟები კომფორტის ზონას ტოვებენ, შემდეგ ახალი თავგადასავალი იწყება, ოღონდ ახალ, აუთვისებელ მიწაზე და შინ მანამ ვერ ბრუნდებიან, სანამ რაღაცას არ შეცვლიან. აი, როცა შეცვლიან, შემდეგ უკვე სახლში დაბრუნებაც შესაძლებელია და თავგადასავალიც დასრულებულია, მაგრამ საწყისი წერტილი არასდროს არის იგივე, ის უკვე ახალი შთაბეჭდილებებით ივსება და ნამდვილი ცვლილებებიც სწორედ ამ დროს იწყება. სევდის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის, პორტალში გასვლის შემდეგ იმავე სამყაროში რომ ვერასდროს დაბრუნდები, რადგან ან ის იცვლება, ან შენ. ამას პირველად სწორედ პრინცესა კირის გადარჩენის დროს მივხვდით, ბოლოჯერ კი Sadaa-ს მოსმენისას. 

დავიწყოთ იმით, რომ "კაიაკატას" უპრეტენზიო ფანები არასდროს ვყოფილვართ და მათი შემოქმედების ყველა მონაკვეთი ერთნაირად არასდროს მოგვწონდა. უფრო მეტად ცალკეული კომპოზიციების მსმენელები ვიყავით, მაგრამ ამჯერად ვფიქრობთ, რომ Sadaa-ს ცალკეულ ტრეკებზე დაყვანა უსარგებლოა. როგორც ჩანს, ეს ალბომი რაღაც უფრო დიდი გენგეგმის ერთ-ერთი ნაწილია - ძალიან საინტერესო და საკვანძო.

ენის ფარდობითობის (მრავალტანჯული) თეორიის მიხედვით, ადამიანების აზროვნების წესი მნიშვნელოვნად არის განპირობებული მშობლიური ენის სტრუქტურითა და სპეციფიკით, ხოლო ისინი, ვინც სხვა ენაში (შესაბამისად, სამყაროშიც) ცხოვრობენ, რაღაცებს, უბრალოდ, ვერ გაიგებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ჰიპოთეზის თანახმად, ენაში ძირითადი ფერების რაოდენობა და ტიპი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი ცისარტყელას.

ანიმირებული ვიზუალი: Luna997

"კომპოზიციის ტექსტზე მუშაობისას ჩვენ ვსინჯავთ და ვარგებთ ენას გასაღებებს, რათა გავხსნათ სამყაროები", - კატები ენას კეიგენების სისტემად აღიქვამენ, რომელსაც კომპიუტერული კოდებივით შეუძლია სამყაროს შეცვლა, დეფრაგმენტაცია ან თავიდან აწყობა. ამ პროცესში ენის ტრადიციული სტრუქტურა იშლება, შინაარსი და ფორმა ერთმანეთს სცილდება, რეკონსტრუქციის დროს კი ახალ მუტანტებს ვიღებთ. 

სწორედ ამიტომ, მათი სასიმღერო ენა მუშაობს, როგორც სათაგური ყველის გარეშე - შეიძლება, მისი ყველა წერტილი შეისწავლო და შემდეგ ისე გამოხვიდე, რომ ვერც მიხვდე, სად არის "ჯილდო", რომლის გამოც აქ თავი ამოყავი. თუმცა, სანამ გონება სინანულის აღმნიშვნელ რომელიმე ჟესტს დაარეგისტრირებს და ორგანიზმს გადასცემს, თავში სურათი გაგიელვებს, რომელშიც ბრუკლინის რომელიღაც გეტოში დევნილი რობოტები ცეკვავენ, ან იწყებენ ქაღალდის თვითმფრინავების გაშვებას, ან ქარში გუბე იმეორებს იმას, რასაც ზღვა შვება.

Highsnobiety-სთან ინტერვიუში ზურა ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ ტრავმული გამოცდილებებით სავსე სამყაროდან სოკოებისგან აშენებული რაკეტით გარბოდა და ახალში გადასასვლელ პორტალად ფსიქოდელიკებს იყენებდა. აქ, ახალ სამყაროში შეგიძლია, იყო ჰაკერი, აურიო კოდების მოსაწყენი თანმიმდევრობა და ეთამაშო ალგორითმებს ისე, როგორც პატარა კნუტს ქუჩის კუთხეში. "კაიაკატას" ტექსტები ამ ფსიქოდელიური გამოცდილების ლინგვისტური გამოხატულებაა, რომელიც ფორმისა და შინაარსის ახალ კონფიგურაციას სხვა სამყაროში ფუნქციონირებისთვის იყენებს. ამ პათოსს უერთდება მაქსიც, რომელმაც Dazed-თან "აღიარა", რომ ფსიქოდელიკებით გაღებულ კარში ბავშვობიდან იჭყიტებოდა და ახალი სამყაროს სურათებს ინტერესით აკვირდებოდა.

სწორედ ეს ფუნქცია აქვს "კატების" ლირიკით შექმნილ სურათებს. ისინი და ხშირად სრულიად აბსურდული შინაარსის მქონე მენტალური ხატები, რომელთა არსებობასაც ჯგუფის კომპოზიციები პროვოცირებენ, ქმნიან სამყაროს, სადაც მათი მუსიკის მოსმენისას უნდა იცხოვრო ან რაღაცებს უბრალოდ ვერ გაიგებ. შემდეგ უკან უნდა დაბრუნდე და თუ პატარა ცვლილება მაინც შენიშნე, ე.ი. შენ ის მორტი უკვე აღარ ხარ. 

ანიმირებული ვიზუალი: Luna997

"ახლა კი რამდენიმე სიტყვა ესკაპიზმის შესახებ"... ახალი საკომუნიკაციო ენის საშუალებით  მნიშვნელობათა ალტერნატიული სამყაროს შენების იდეა, ერთი შეხედვითაც კი, ესკაპისტური იდეაა, მით უმეტეს, რომ საქმეში სოკოები და LSD არის გარეული. თუმცა, თუ ზურას დავუჯერებთ, პორტალი ცალმხრივი ტრანსპორტირების მანქანა არ არის და დაბრუნების შემდეგ ცვლილებების დრო დგება: "It’s like a portal for you from this reality. When you come back and you can say, guys, we can really change these things". დაბრუნების იდეა "კატების" შემოქმედებაში ყველაზე (ჯერ კიდევ არასაკმარისად) დამაჯერებლად სწორედ სადებიუტო ალბომში გვხვდება. მუსიკოსებს ამ დოზით არასდროს უზრუნიათ იმ ადამიანების ბედზე, ვისაც მათი სჯერა. მსგავსი მომენტები საიბერპანკ დისტოპიის მიღმა, სიტყვებში იმალება და იმდენად მოულოდნელად ჩნდება, რომ შეუძლებელია, გამოგრჩეს.

"კიდე რამდენი ბლასტერი მე have to unBlaaast, რომ წყვდიადებში დაკარგულს ვუთხრა u’re not lost", - ეს დილაქეთის ფრაზაა ტრეკიდან Sarbeni. მაქსი კი ალბომის ერთ-ერთ საუკეთესო ვერსში ამბობს:

"რაარი შენი გენგეგმა 
რაარი შენი gangგეგმა
რაარი შენი გენგეგმა
ყვავილები დარგონ მეტი გენგებმა
რაარი შენი ferrari
უბერავს დილიდან უკიდეგანო ქარი
რაარი შენი gangგეგმა
ქუჩის კატებს მოუარონ გენგებმა".

შემდეგ კი ისევ დილიდან მჟავა და molly და მსგავსი მომენტები პატარა ფლეშბექებად რჩება. "კაიაკატა", ალბათ, პირველად ცდილობს, იყოს კატარა ვიღაცის აანგისთვის და თან რიკი, ვიღაცის მორტისთვის (მეგზური ახალ თავგადასავალში). თუ ისინი გულწრფელები არიან, მაშინ უნდა დავიჯეროთ, რომ იციან, ცვლილებების გარეშე ვერასდროს დაუბრუნდებიან იმ სამყაროს, რომელიც პორტალის მეშვეობით დატოვეს. დაბრუნების და ინტერვენციის გარეშე ხომ ყველაფერს აზრი ეკარგება და ერთ-ერთი მოგზაურობის დროს რაკეტა იმდენად შორს გაფრინდება, რომ შეიძლება, უკან დასაბრუნებლად საწვავი არ ეყოს. 

ანიმირებული ვიზუალი: Luna997

თუ ეს ყველაფერი სისულელეა, მაშინ, მოდით, ისევ მუსიკაზე და, პირველ რიგში, ნიკოლოზ საბანაძეზე ვისაუბროთ. ის უკვე აღარ არის კომპოზიციის ბოლოს მისაწერი Prod. by SABANADZE-ს ტიპის პროდიუსერი. აქ მას გაცილებით მნიშვნელოვანი როლი აკისრია - მთელი ამ ქაოსის მსმენელთან გასაგებ ენაზე მიტანა. ალბომის მოსმენისას ვერ ხვდები, როდის შეიქმნა ტექსტი და როდის მუსიკა, ყველაფერი ერთი გეგმის ნაწილია. საბანაძე ძალზე კარგად ახერხებს სიტყვების, ერთი შეხედვით, ალოგიკურ კომპილაციებს სწორად გაუძღვეს და ზოგჯერ სამურაი ჩამპლუს ხმალი გაგვახსენოს, ზოგჯერ კი ფრენკ ოუშენად ყოფნის სევდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ "კაიაკატას" მსმენელი ყოველი ახალი ტრეკის ჩართვისას ცდილობს, გამოიცნოს მორიგ ბენგერთან აქვს საქმე, თუ უფრო რთულ დრამატურგიულ გადაწყვეტებთან. მას ორივე შეუძლია. ერთადერთი, რაც სხვა კატებმა უნდა გააკეთონ, ის არის, რომ პროდიუსერს მეტი ნდობა გამოუცხადონ და დილემურ სიტუაციებში (სტუდიაში მსგავსი რამ, ალბათ, ხშირად ხდება) არჩევანი სწორედ მის სასარგებლოდ გააკეთონ. 

ყველაზე ნაკლები სიტყვა შეიძლება, ზურა ჯიშკარიანზე დაიხარჯოს, რადგან ის ისედაც თავისი თაობის საუკეთესო ჰაკერია, რომელიც სამართლიანად შეგვიძლია, ჩავთვალოთ "კატების" ლინგვისტური ხაფანგის მთავარ არქიტექტორად. ფაქტია, რომ წლების განმავლობაში მან საკუთარი ორიგინალური იდეურ-ენობრივი კონსტრუქცია შექმნა, რომელიც ზოგჯერ პოეზიის, ზოგჯერ პროზის, ამჯერად კი სასიმღერო ენის სახით მოგვეწოდება. იმის მიუხედავად, რომ ტექსტებით ხშირად საპირისპიროს გვაჯერებს, მის ლაბირინთში მინოტავრი არ ცხოვრობს და არც ძაფის გორგალი აქვს ვინმეს გზის გასაკვლევად, მაგრამ იქ ყოველთვის გვხვდება მაქსი, რომელიც თავისი კალამბურებით უსაფრთხო შესახვევებს გვაჩვენებს. ალბომის მოსმენისას კატების ლირიკებს შორის ურთიერთმიმართებების დაჭერა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გასართობია. ჩანაწერის საუკეთესო ვერსებიც სწორედ იქ გვხვდება, სადაც ლუნა და დილა დიალოგის რეჟიმში არიან. სწორედ ამიტომ, "კაიაკატას" და მსმენელის ურთიერთობა ერთვექტორიანი არ არის - კომუნიკაცია ხდება თავად არტისტებს შორისაც, რაც მსმენელს საშუალებას აძლევს, მზა პროდუქტის ნაცვლად, ხშირად თავად მისი შექმნის პროცესს დაესწროს. 

ზურა ამ ალბომშიც იმას გვთავაზობს, რასაც მისგან ველით - იდეას მისეული სამყაროს შესახებ. თუმცა, როცა საქმე ამ იდეის ფრაზირებამდე მიდის, მაქსი უპირობო ჩემპიონია. მისთვის ეს ალბომი ძალზე დიდი ნახტომია, ასეთი მაქსი ადრე არასდროს გვინახავს. რთულია, დაახასიათო რეპერი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია კლუბ "ბასიანის" რეზიდენტების სეტის დროს მიკროფონი მოითხოვოს და ფრისტაილი ისე წაიკითხოს, როგორც სამხრეთლონდონელ გრაიმ არტისტებს შეეფერებათ. ლუნაქეთის თითოეული პროექტი კარგად წარმოაჩენდა ამ არტისტის ლირიკულ შესაძლებლობებს - მისი ფლოუ, სიტყვათა მარაგი, წინადადების წყობის შეცვლის უნარი, ტემპის მყისიერი ცვლა და კიდევ ბევრი სხვა დეტალი. მაქსიმე მაჩაიძე ყველაზე ნიჭიერი ქართველი რეპერია, რომელიც საუკეთესოდ მართავს ენებს. ის ნამდვილი ემსია, რომლის შესაძლებლობებსაც საზღვარი არ აქვს. 

თუმცა, მაქსი უცნაური ბედის მქონე არტისტია. მას მსმენელი ძალზე პატარა ასაკიდან იცნობს და მის თითოეულ ნაბიჯს თვალს ადევნებს. ეს ხშირად ართულებს განვითარების საფეხურების დაფიქსირებას, მაგრამ აქ ყველაფერი ნათელია. ლუნაქეთმა გვაჩვენა რაღაც ისეთი, რაც აქამდე არასდროს უჩვენებია. ეს კი აჩენს იმედს, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი ისტორიაა, რომლებშიც შეიძლება, გავიგოთ, რაზე საუბრობდა ტრანსვესტიტ ნაშებთან სეირნობისას, ან სად იპოვა დასაფრენი ბილიკი მისმა ქაღალდის თვითმფრინავმა. 

ანიმირებული ვიზუალი: Luna997

"კაიაკატას" შემოქმედების მოსმენა ყოველთვის ფანჯარაში გახედვასავით იყო, საიდანაც უცხო სამყაროს ვაკვირდებოდით. ამ ალბომში კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ისინი დაკვირვებასთან ერთად, თანამონაწილეობასაც გვთავაზობენ. თუმცა, დასაწყისიდანვე ნათელი ხდება, რომ "კატების" მუსიკაში მოგზაურობა ისეთივე გამოცდილება არ იქნება, როგორიც ეს აქამდე იყო. ნამუშევრის პირველ ორ კომპოზიციაში Massaia და Kaya Mango საბანაძე საკლუბო ბენგერისთვის დამახასიათებელ ელემენტებს გვერდს უვლის, ინსტრუმენტალი უფრო ანალოგური ჟღერადობის წარმოსახვას ქმნის, ზურა და განსაკუთრებით მაქსი კი უფრო მეტს მღერიან, ვიდრე ოდესმე, რაც მათ ემოციებს ნათელსა და ადვილად აღქმადს ხდის.

მომდევნო რამდენიმე ჩანაწერი შინაარსითაც და საუნდითაც ნაცნობი ტყეა, რომლის გავლაც ყოველ ჯერზე გვიწევს. ამ პროცესში მთავარ გმირებს სხვა კატები (Mamaflex და CutKill კომპოზიციაში cash, credit., Turbohikari Sufis-ში და Dro ტრეკში Sabana Yes Yes) უერთდებიან და ისინი ერთად მიდიან თავიანთი ტომის დასახსნელად.

ალბომის შუა ნაწილიც ჟღერადობით ნაცნობი ადგილია, Hood Tennis კომფორტის ილუზიას გვიქმნის. მომდევნო ჩანაწერის პირველ წამებზე კი კარის გაღების ხმა გვესმის. სახლში თბილად მოკალათებულებს წინ ალბომის კულმინაცია გველოდება, რომლისთვისაც მზად არ ვართ. 

Polo Palace-ის შესახებ შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ის გლობალური ჰიპ ჰოპ ინდუსტრიის სტანდარტებითაც კი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც 2019 წელს მოვისმინეთ. "კატები" ხშირად ექცეოდნენ თანამედროვე არტისტების გავლენის ქვეშ, მაგრამ ეს ის ტრეკია, რომელიც ნებისმიერ ინსპირაციაზე უკეთესია. ამ ჩანაწერს Wayne-ის გარდა ყველა Lil მოაწერდა ხელს. 

Sadaa უფრო მეტია, ვიდრე ჟანრში დღეს გავრცელებული ტრენდების ქართულ სინამდვილეში გადმოტანის მცდელობა. მისი ჟღერადობა აერთიანებს მათ, ვისაც ჰიპ ჰოპის მოსმენა ეთაკილებათ და მათ, ვისთვისაც მუსიკის ეს მიმდინარეობა 1990-იანებში დასრულდა. სწორედ ამის ხარჯზეა "კაიაკატას" ეს ალბომი ნამდვილი ჰიპ ჰოპი. ის ისეთივე ავთენტურია, როგორიც ქულ ჰერკი იყო 1970-იანების ბრონქსში.

"კატების" სევდა, ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი ალტერნატიული სამყარო ძალზე მჭიდროდ არის დაკავშირებულ ბაზისურთან - ლომბარდში დატოვებული ზამთარიც ისეთივე სუსხიანია, როგორიც იანვრის რიგითი დილა. ამიტომ მათი პორტალი შეგვიძლია, დავინახოთ, როგორც ფილტრი, რომელშიც, უბრალოდ, კონფიგურაციები იცვლება. მათი გენგეგმაც მუდმივი რეფრეშის იდეას ჰგავს, რომელიც იმ იმედით კეთდება, რომ სისტემის გადატვირთვის შემდეგ, ერთხელ მაინც უკეთესი კონფიგურაცია დაჯდება და 8-ბიტიანი თამაშიც ბედნიერად დასრულდება - პრინცესა გადარჩება, ბოროტება გაქრება და მშვიდობა დაისადგურებს. ბოლოს კი პიქსელებით დაიწერება: "და ეს იყო ახალგაზრდა ნინძების ამბავი, რომლებიც ძველი დროის გეტოების შვილები იყვნენ".

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული