Thumbnail

შესაძლოა, ნიკი მინაჟმა ახალი ალბომი გამოუშვას

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნიკი მინაჟმა, რომელმაც მიმდინარე თვის დასაწყისში მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, შესაძლოა, ახალი ალბომი გამოუშვას. ჟურნალ Elle-თან საუბარში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, რეპერი მომავალ სტუდიურ ჩანაწერს "მწვავეს, დაუნდობელსა და მხიარულს" უწოდებს. ინტერვიუ მოღვაწეობის შეწყვეტის თაობაზე პოსტის გამოქვეყნებამდეა ჩაწერილი, რომელიც ტვიტერზე ამჟამად წაშლილია.

► ნიკი მინაჟი: გადავწყვიტე, მუსიკალური კარიერა დავასრულო და ოჯახი შევქმნა 

► Megan Thee Stallion, Nicki Minaj და Ty Dolla Sign კლიპს Hot Girl Summer ავრცელებენ

"ახალი ალბომის გამოშვების წინ ყოველთვის ვღელავ, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. ძალიან მიხარია, რომ თაყვანისმცემლებს მომავალი ჩანაწერის მოსმენამდე დიდი ხნით ლოდინი აღარ მოუწევთ, როგორც ეს წინა შემთხვევებში ხდებოდა. ნამუშევარი იქნება მწვავე, დაუნდობელი და მხიარული", - განაცხადა მუსიკოსმა.

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული