Thumbnail

გიტარის უძველესი წინამორბედი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით მე-14 საუკუნეში დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე გამოჩნდა, თანამედროვე ფორმით კი შუა საუკუნეების ესპანეთში დაიბადა. დროთა განმავლობაში ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინსტრუმენტად იქცა, რომელზე დაკვრითაც სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა თუ მუსიკალური მიმდინარეობის არაერთმა წარმომადგენელმა მოიხვეჭა სახელი.

ჩვენს დღევანდელ სტატიაში ყველა დროის 50 საუკეთესო გიტარისტს გაგაცნობთ. სიის დაკომპლექტებისას ვეცადეთ, ყველა შესაბამისი კრიტერიუმი გაგვეთვალისწინებინა, თუმცა, ბუნებრივია, რომ მასში ყველა ბრწყინვალე შემსრულებლისთვის ადგილი ვერ მოინახა.

► ყველა დროის 50 საუკეთესო ბასისტი

50. Slash

ამერიკული როკ ბენდის, Guns n' Roses-ის გიტარისტს ტექნიკური სრულყოფილების მოყვარული პედანტები ხშირად ამრეზით მოიხსენიებენ. მართლაც, სლეში ვირტუოზის წოდებისგან ძალზე შორს დგას, თუმცა, მისი მელოდიურობა, რიტმზე ორგანულად მორგების უნარი და დასამახსოვრებელი სოლოები არის ის, რის ხარჯზეც სოლ ჰადსონი ჩვენს სიაში ღირსეულ ადგილს იკავებს.

49. Jerry Garcia

1960-იანი წლების ამერიკული კონტრკულტურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლისა და ლეგენდარული ფსიქოდელიური როკ ჯგუფის, Grateful Dead-ის გიტარისტმა უზარმაზარი დისკოგრაფია დატოვა. მის მიერ ჩატარებული 3 ათასზე მეტი კონცერტისა და უამრავი სტუდიური სესიის ქრონომეტრაჟი კი საერთო ჯამში 15,000 საათს აჭარბებს. 

48. John Lee Hooker

ჯონ ლი ჰუკერმა 1930-იან წლებში გავრცელებული, ძირითადად ფორტეპიანოზე გათვლილი ბუგი-ვუგის სტრუქტურა ელექტრონულ გიტარას მოარგო და ურბანული ბლუზის სახელით ცნობილი მიმდინარეობის პიონერად იქცა. ლეგენდარული გიტარისტის სტილი მოგვიანებით ისეთმა კოლექტივებმა აითვისეს, როგორებიც იყვნენ The Doors და ZZ Top.

47. Joe Satriani

სტივ ვაის, კირკ ჰემეტისა და ალექს სკოლნიკის მასწავლებელი, გრემიზე თხუთმეტჯერ ნომინირებული არტისტი და 10 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომის ავტორი, ჯო სატრიანი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი და, პრაქტიკულად, უნაკლო ვირტუოზია, რომელსაც შესრულების საოცრად მრავალფეროვანი ტექნიკა გამოარჩევს.

46. Les Paul

ლესტერ უილიამს პოლსფუსმა გიტარის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის, Gibson Les Paul Standard-ის შექმნით სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი მუსიკის ისტორიაში. ამით ძალაუნებურად დაიჩრდილა მისი, როგორც შემსრულებლის ტალანტი. არადა ლეს პოლის ნებისმიერი გამოსვლის ხილვაა საკმარისი იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი ქმნილების სახელგანთქმულ მფლობელებს ტოლს არაფერში უდებდა.

45. Yngwie Malmsteen

საყოველთაოდ მიღებული შეხედულებით, ინგვეი მალმსთიინი ნეოკლასიკური მეტალის საუკეთესო შემსრულებელია. 1980-იან წლებში აღმოცენებულ ამ მიმდინარეობაში საშემსრულებლო ხარისხის განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორები სისწრაფე და სიზუსტეა, რაშიც შვედ გიტარისტს ბადალი არ მოეძებნება.

44. Angus Young

ამ ავსტრალიელ გიტარისტს ხშირად სდებენ ბრალს იმაში, რომ მისი შემოქმედება ზედმეტად მარტივი და ბანალურია. ბლუზური პენტატონიკების მოყვარული ანგუს იანგი ველოსიპედის თავიდან გამოგონებას მართლაც არასდროს ცდილობდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მისი რიფები როკის ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა. თავბრუდამხვევი სოლოებისა და ქარიზმის ხარჯზე კი მუსიკოსი AC/DC-ის თითოეულ კონცერტს დაუვიწყარ სანახაობად აქცევს.

43. Randy Rhoads

ეს ამერიკელი გიტარისტი ნეოკლასიკური მეტალის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. ვირტუოზული შესრულებით განთქმულ მუსიკოსს, რომელიც ოზი ოსბორნის ბენდსა და ჯგუფ Quiet Riot-ის შემადგენლობაში მოღვაწეობდა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ის სულ რაღაც 25 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

42. Carlos Santana

მექსიკური წარმოშობის გიტარისტმა სახელი როკ-ენ-როლისა და ლათინოამერიკული ჯაზის სინთეზით გაითქვა, თუმცა, მელომანებს ავანგარდში, ფიუჟენსა და ფრი ჯაზში არანაკლებ შთამბეჭდავი მოღვაწეობითაც დაამახსოვრა თავი. 1969 წლის ვუდსტოკის ფესტივალზე ლეგენდად ქცეული გამოსვლიდან დღემდე მისი ბრწყინვალე კარიერა ათ გრემის ჯილდოსა და ას მილიონამდე გაყიდულ ალბომს ითვლის. 

41. Buckethead

ბრაიან ქეროლი სცენაზე მუდამ ნიღბითა და ქუდად ქცეული KFC-ის კალათით გამოდის, მაყურებელთა თვალწინ ნუნჩაკებით ილეთებს ატარებს და რობოტივით ცეკვავს, კარიერის განმავლობაში კი სულ რამდენიმე ერთმანეთზე უცნაური ინტერვიუ აქვს მიცემული. არაორდინარულ პიროვნებასთან ერთად, ბაკეტჰედი გენიალური მუსიკოსიცაა - სამასზე მეტი სტუდიური ალბომის ავტორის შესრულებაში ხარვეზის პოვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

40. John Frusciante

ცოტა გიტარისტს თუ გამოარჩევს შესრულების ისეთი დასამახსოვრებელი სტილი, როგორიც ჯონ ფრუშანტეს და კიდევ უფრო ცოტა ახერხებს დაკვრის განსხვავებული ტექნიკების მსგავსი სრულყოფილებით შერწყმას. Red Hot Chili Peppers-ის ყოფილი წევრის თაყვანისმცემლებს არაერთი საოცარი პერფორმანსი ახსოვთ, თუმცა, მისი უნიკალურობა გამორჩეული სიცხადით ამ ვიდეოშია ასახული. ფრუშანტე აქ ასტრალში მყოფ შამანს ჰგავდა, რომლის გონებასაც სხვადასხვა ეპოქისა თუ მიმდინარეობის საუკეთესო მუსიკოსები რიგრიგობით ეპატრონებოდნენ.

39. Fred Frith

საკულტო ჯგუფის, Henry Cow-ს დამფუძნებლის, ფრედ ფრიტის სტილის ექსპერიმენტულად მოხსენიება ძალზე რბილი და არაფრისმთქმელი შეფასება იქნებოდა. გიტარის კუსტარული მოდელების შექმნითა და მათზე დაკვრისას ყოველდღიური ნივთების (ფუნჯების, თოკების და ა.შ.) გამოყენებით, ბრიტანელმა არტისტმა მუსიკალური ავანგარდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის სტატუსი დაიმკვიდრა. ამ ინსტრუმენტზე თავისუფალი იმპროვიზების ყველაზე საინტერესო ფორმებიც სწორედ მისი უნიკალური ხედვის ნაწილია.

38. Prince

პრინსი პოპვარსკვლავის ამპლუაში იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მისი ქარიზმით აღფრთოვანებულ აუდიტორიას არტისტის სხვა, არანაკლებ საინტერესო ღირსებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩებოდა. ალბათ, ამითაა გამოწვეული ის გარემოება, რომ გენიალურ მუსიკოსს ყველა დროის საუკეთესო გიტარისტებს შორის იშვიათად მოიხსენიებენ, რაც ნამდვილად დიდი უსამართლობაა. 

37. Michael Karoli

კრაუტროკისა და, ზოგადად, მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლექტივის, Can-ის ჩამოყალიბებისას მიხაელ კაროლი სხვა წევრებთან შედარებით ათი წლით უმცროსი იყო. წესით, 20 წლის ახალგაზრდისთვის კარლჰაინც შტოკჰაუზენის სკოლაგამოვლილ ვირტუოზებთან ერთად დაკვრა მარტივი ამოცანა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო (და ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ) გიტარისტს ეპოქალურ ჩანაწერებში საკუთარი კვალის დატოვება აშკარად არ გასჭირვებია.

36. George Benson

ჯორჯ ბენსონი სულ რაღაც 7 წლის იყო, როდესაც უკულელეზე დაკვრით მცირე თანხის გამომუშავება დაიწყო. 8 წლის ასაკში ერთ-ერთ არალეგალურ კლუბში უკვე გიტარის თანხლებით გამოდიოდა, დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე თვეში კი პირველი სინგლი ჩაწერა. ასე დაიწყო შემოქმედებითი კარიერა ამერიკული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ეკლექტურმა არტისტმა, რომლის შესრულების ტექნიკაც ნაწილობრივ ბოშური ჯაზით, ნაწილობრივ კი ფლამენკოს ტრადიციებითაა შთაგონებული.

35. Ali Farka Toure

ბლუზის ტრადიციული ფორმა შეერთებულ შტატებში დაიბადა, მაგრამ ჟანრის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ მისი კვალი აფრიკის კონტინენტიდან იწყება. ალი ფარკა ტურეს სტილი სწორედ ამ მიმდინარეობის უძველეს ფესვებს ეფუძნებოდა. ლეგენდარულ მუსიკოსს ხშირად "მალელ ჯონ ლი ჰუკერად" მოიხსენიებდნენ, თუმცა, აშკარაა, რომ ეს შედარება პირიქითაც არანაკლებ სამართლიანი იქნებოდა.

34. Dimebag Darrell

ამერიკული კოლექტივის, Pantera-ს წევრი ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი იყო ჰევი მეტალის ისტორიაში. ფორმალური მუსიკალური განათლების არქონის მიუხედავად, დაიმბეგ დარელის შესრულების ტექნიკა მსმენელებსა და კოლეგებში მუდამ აღფრთოვანებას იწვევდა. 38 წლის ასაკში ფსიქიკურად არამდგრადი თაყვანისმცემლის მიერ მოკლული მუსიკოსის შემოქმედებამ დიდი როლი ითამაშა გრუვ მეტალის სახელით ცნობილი მიმდინარეობის ჩამოყალიბებაში.

33. Neil Young

საკულტო გიტარისტის სტატუსის მოსაპოვებლად არც ელვისებური სისწრაფეა საჭირო და არც ურთულესი არპეჯიოები - აკორდების სწორად შერჩევაც სავსებით საკმარისია. ქანთრი როკის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის, გრანჟის ნათლიმამისა და უბრალოდ ცოცხალი ლეგენდის, ნილ იანგის წარმატების საიდუმლოც სწორედ ამაში მდგომარეობს. კანადელი არტისტის თითოეული რიფი თუ სოლო იმ ცნობილი გამონათქვამის დადასტურებაა, რომლის მიხედვითაც, ყველაფერი გენიალური მარტივია. 

32. Eddie Van Halen

ორმაგი თეფინგის ტექნიკა ედი ვან ჰალენს არ შეუქმნია (მუსიკათმცოდნეების დიდი ნაწილი ამ ინოვაციას ჯგუფ Genesis-ის ყოფილ წევრს, სტივ ჰეკეტს მიაწერს), თუმცა, მისი დახვეწისა და პოპულარიზების საქმეში ბენდ Van Halen-ის წევრს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ედის სტილი გამორჩეული ეფექტურობით ინსტრუმენტულ შედევრში Eruption აისახა, რომელიც დღემდე გიტარაზე ვირტუოზული შესრულების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად რჩება. 

31. Frank Zappa

ფრენკ ზაპა იმ მასშტაბის მუსიკოსი იყო, რომ მისთვის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტის წოდება მხოლოდ რიგით რეგალიას წარმოადგენდა. ექსცენტრიკული არტისტის არაორდინარული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი მის დაკვრის მანერაშიც იჩენდა თავს. თუმცა, ზაპას იმპროვიზების უნარი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ კოლეგები მის ათწუთიან სოლოებს ხშირად სიმფონიებად მოიხსენიებდნენ.

30. Steve Vai

არცთუ იშვიათად, ვირტუოზი გიტარისტების შემოქმედებაში ტექნიკური სრულყოფილების დემონსტრირების მცდელობა სპორტს ემსგავსება. ამ მხრივ, სტივ ვაი სასიამოვნო გამონაკლისია. ის სულ რაღაც 18 წლის იყო, როდესაც ფრენკ ზაპამ აღმოაჩინა და დასაკრავად საკუთარ ბენდში მიიწვია. დღეისთვის კი ამერიკელი მუსიკოსის შთამბეჭდავი კარიერა 15 მილიონ გაყიდულ ალბომსა და გრემის სამ ჯილდოს აერთიანებს. 

29. Jonny Greenwood

Radiohead-ის დასახასიათებლად ეპითეტ "ეპოქალურს" ძალზე ხშირად იყენებენ, რაც, პირველ რიგში, ჯონი გრინვუდის დამსახურებაა. ინგლისელ მუსიკოსს შესრულების ძალზე სპეციფიკური მანერა გამოარჩევს, მისი ექსპერიმენტები კი კრიტიკოსებსა და მელომანებში გაოგნებას იწვევს. როგორც წესი, ალტერნატიულ როკში მოღვაწე გიტარისტებს ჟანრის კლასიკური ეპოქის ლეგენდების გვერდით ძალზე იშვიათად აყენებენ, თუმცა, გრინვუდმა ეს პატივი სრულიად სამართლიანად დაიმსახურა.

28. Robert Johnson

ძველი ლეგენდა მოგვითხრობს ახალგაზრდა გიტარისტზე, რომელიც შუაღამისას გზაჯვარედინზე ეშმაკს გადაეყარა. ავსულმა მას ინსტრუმენტი გამოართვა, ააწყო, რამდენიმე სიმღერა დაუკრა და შემდეგ უკან დაუბრუნა. გიტარასთან ერთად კი მისი ფლობის ოსტატობაც უბოძა. მარტივი მისახვედრია, რაოდენ დიდი ტალანტის მქონე უნდა ყოფილიყო რობერტ ჯონსონი, რომ მის შესახებ ხალხს ასეთი მითები შეეთხზა. საკულტო მუსიკოსი დელტა ბლუზის პიონერად და ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება.

27. Glenn Branca

ამერიკული მუსიკალური ავანგარდის ერთ-ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა 1980-იან წლებში გიტარას ინოვაციური გამოყენება მოუძებნა, რითაც ნოუ ვეივის, პოსტ როკისა და შუგეიზის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. შეუძლებელია, ამ მცირე ტექსტში გლენ ბრანკას რევოლუციური ხედვა და მრავალფეროვანი, ერთიმეორეზე შთამბეჭდავი ექსპერიმენტები სათანადოდ აღვწეროთ. ამიტომაც, მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის გაცნობით შემოვიფარგლებით, დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდია.

26. Pete Townshend

პიტ თაუნსენდის შესრულების აგრესიული მანერა The Who-ს იმ ფილოსოფიის ნაწილი იყო, რომელმაც კლასიკური როკის ბრიტანელი წარმომადგენლები პანკის ერთ-ერთ წინამორბედებად აქცია. ლეგენდარულ მუსიკოსს შეეძლო, მსმენელთა თვალწინ უკიდურესად ემოციური, მელანქოლიური რიფი შეესრულებინა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ასეთივე წარმატებით, სცენაზე სრული ქაოსი დაეტრიალებინა. გასაკვირი არაა, რომ კონცერტის დროს გიტარის დამტვრევის ტრადიციასაც სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი.

25. Johnny Marr

1980-იანი წლებიდან მოყოლებული ამ მანჩესტერელი მუსიკოსის სტილს ბრიტპოპსა თუ ინდი როკში ასობით მიმბაძველი გამოუჩნდა. თუმცა, მხოლოდ მას თუ გამოარჩევს უნიკალური ნიჭი, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე აკორდში სიმფონიური ორკესტრის ჟღერადობის შეკვრას ან, ერთი შეხედვით, უმარტივეს რიფში მთელი ბენდის შესრულების იმიტირებას ახერხებს. პირველი შემთხვევის მაგალითად ჰანს ციმერის შედევრი Time შეგიძლიათ, მოისმინოთ, მეორის ნიმუშად კი The Smiths-ის ნებისმიერი კომპოზიცია.

24. Gary Moore

გარი მურის სტილს მისი თაყვანისმცემლები როკ მუსიკაში ასახულ ირლანდიურ ხასიათს უწოდებდნენ. დუბლინელი ვირტუოზის შესრულების მანერა ბლუზში, ნეოკლასიკასა თუ ჯაზ ფანკში თანაბრად შთამბეჭდავი იყო. თუმცა, მისი შემოქმედების მწვერვალი ჰევი მეტალისა და ჰარდ როკის ჟანრებში ჩაწერილი ალბომებია, რომელთა ხარჯზეც ლეგენდარული მუსიკოსი არაერთი სახელოვანი კოლეგის კერპად იქცა.

23. Glenn Tipton

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, Judas Priest-ის ჟღერადობა ორ წამყვან გიტარაზეა აგებული. ბენდის კლასიკურ შემადგენლობაში ამ საქმეს კენეთ დაუნინგი და გლენ ტიპტონი ითავსებდნენ. მათში რომელიმეს გამოყოფა ცალსახად გემოვნების საკითხია, თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც არჩევანის ტიპტონზე შეჩერებისკენ გვიბიძგა, ეს საოცარი, ჰევი მეტალის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სოლო გახლავთ. 

22. Muddy Waters

თანამედროვე ბლუზის ნათლია, ჩიკაგოს მეფე, მისისიპის დელტის ჯადოქარი - ყველა ეს მეტსახელი ერთ ადამიანს, მადი უოთერსს უკავშირდება. ამერიკელი მუსიკოსის შემოქმედება როკ-ენ-როლისა და კლასიკური როკის გამორჩეული წარმომადგენლებისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ჯგუფ The Rolling Stones-ის სახელწოდება სწორედ მისი კომპოზიციის ტექსტიდანაა ნასესხები. აღარაფერს ვამბობთ ერიკ კლეპტონზე, ჯიმი ჰენდრიქსზე, ჯეფ ბეკზე და სხვა ათობით ლეგენდარულ გიტარისტზე, რომელთა დაკვრის მანერაზეც მისმა სტილმა უდიდესი გავლენა მოახდინა. 

21. Stevie Ray Vaughan

1980-იან წლებში, როდესაც ტრადიციული ბლუზ როკი, პრაქტიკულად, გაქრობის პირას იდგა, მას მხსნელად ტექსასელი მუსიკოსი, სტივი რეი ვონი მოევლინა. ვინტაჟური პედლებისა და ეფექტების ინოვაციური გამოყენებით, საკულტო გიტარისტმა ძველ ამერიკულ მუსიკალურ ტრადიციებს ახალი სიცოცხლე შთაბერა და გზა მიმდინარეობის არაერთ წარმომადგენელს გაუკვალა.

20. Charlie Christian

1930-იანი წლების მიწურულამდე ჯაზში გიტარა მხოლოდ რიტმ სექციის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა, ჩარლი ქრისჩენის გამოჩენის შემდეგ კი წამყვანი ინსტრუმენტის როლიც შეითავსა. ამ რევოლუციურ ცვლილებასთან ერთად ტექსასელი ვუნდერკინდის სახელს ბიბოპისა და ქულ ჯაზისთვის საფუძვლის ჩაყრა და გიტარის ელექტრონული ჟღერადობის ფართოდ გავრცელება უკავშირდება - წარმოუდგენლად დიდი მემკვიდრეობაა 25 წლის ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსისთვის.

19. Mark Knopfler

ბრიტანული კოლექტივის, Dire Straits-ის ფრონტმენი ამ სიაში მოხვედრას საშემსრულებლო ოსტატობასთან ერთად მისი ინოვაციური ხედვის გამოც იმსახურებს. სწორედ ნოფლერის დამსახურებაა კლასიკური როკისთვის დამახასიათებელი სქემის სინთპოპისა და ნიუ ვეივის ეპოქის სპეციფიკაზე მორგება, რამაც პოპმუსიკაში წამყვან გიტარას აქტუალობა შეუნარჩუნა. მის ცოცხალ პერფორმანსებსა და ვირტუოზობაზე კი საუბარი, ალბათ, ზედმეტია.

18. John Fahey

ჯონ ფეი აკუსტიკურ გიტარაზე ბლუგრასთან კლასიკური მინიმალიზმის, ინდური რაგასა და სხვა ჟანრების სინთეზით არნახულ შედევრებს ქმნიდა, რომლებშიც ამერიკის ლანდშაფტები და ესთეტიკა საოცარი სიცხადითაა ასახული. საკულტო მუსიკოსის შემოქმედება მე-20 საუკუნის შეერთებული შტატების განსხვავებული კუთხით წარმოჩენის მცდელობა იყო. მის მიერ შექმნილ მიმდინარეობას კი დღეს ამერიკულ პრიმიტივიზმად მოიხსენიებენ.

17. Keith Richards

The Rolling Stones-ის გიტარისტი კლასიკური როკის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი რიფების ავტორია. კით რიჩარდსის ცხოვრების წესის გათვალისწინებით, მის თაყვანისმცემლებში ხშირად გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ლეგენდარულმა მუსიკოსმა 75 წლის ასაკს გადააბიჯა. თუმცა, არანაკლებ საოცარია, რომ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სინკოპაციის დიდოსტატს ორიგინალური მელოდიებისთვის იდეების მარაგი ერთხელაც არ ამოსწურვია.

16. John McLaughlin

ჯონ მაკლაფლინის დამსახურებათა ჩამოთვლა ძალზე შორს წაგვიყვანს - ფიუჟენის ერთ-ერთი პირველი ნიმუშების შექმნა, ინდური რაგების დასავლურ მუსიკაში ინტეგრირება, ჯაზში ელექტრონული გიტარის ინოვაციური გზებით გამოყენება და სხვა. Mahavishnu Orchestra-ს, Shakti-ს, ლეგენდარული მაილს დევისის ბენდისა და სხვა არაერთი პროექტის ყოფილი თუ მოქმედი წევრი ჟანრის კორიფედ ერთხმადაა აღიარებული.

15. Jeff Beck

"ერიკ კლეპტონივით დახვეწილი, ჯიმი პეიჯივით ინოვატორი და ჯიმი ჰენდრიქსივით გამორჩეული ხედვის პატრონი", - ასე ახასიათებენ კრიტიკოსები ჯეფ ბეკს. ჯგუფ The Yardbirds-ის ყოფილი წევრი, ფაქტობრივად, სრულყოფილი გიტარისტია, რომელმაც როკ მუსიკაში დისთორშენის ეფექტი სრულიად ახლებურად დანერგა და ასობით გამოჩენილი კოლეგის შთაგონების წყაროდაც იქცა.

14. Wes Montgomery

უეს მონტგომერის ახალგაზრდობაში გიტარაზე ვარჯიში გვიან საღამოობით უწევდა, ამიტომაც, მეზობლების შეწუხების შიშით, მაქსიმალურად უხმოდ, მხოლოდ თითების გამოყენებით უკრავდა. საბოლოოდ, ამ, ერთი შეხედვით, დამაბრკოლებელმა გარემოებამ მას მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშემსრულებლო ტექნიკის გამომუშავებისკენ უბიძგა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ფიუჟენისა და სმუთ ჯაზის ჩამოყალიბებაში.

13. Robert Fripp

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გიტარისტს მოზარდობისას სმენა და რიტმის შეგრძნება თითქმის არ ჰქონდა. თუმცა, თავდაუზოგავი რეპეტიციებისა და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად, რობერტ ფრიპმა წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია. საკულტო კოლექტივის, King Crimson-ის წევრის შესრულება მიკროსკოპულ დონემდე უნაკლოა. უკიდურესად კომპლექსური ტექნიკის მიუხედავად კი, პოპულარული მელოდიების შექმნა რომ არასდროს გასჭირვებია, ამის მაგალითად დევიდ ბოუისთან თანამშრომლობით ჩაწერილი Heroes-იც გამოდგება.

12. Chuck Berry

ლეგენდარულმა მუსიკოსმა საკუთარ შემოქმედებას ბლუზისა და არენბის სწორედ ის ელემენტები შემატა, რომლებიც როკ-ენ-როლის მისაღებად იყო საჭირო. ჩაკ ბერი პირველი არტისტი იყო, რომელმაც რიფი კომპოზიციის წამყვან მელოდიად აქცია და ჟანრის სტრუქტურაში გიტარის სოლოები დაამკვიდრა. სიმღერების Roll Over Beethoven, Johnny B. Goode და სხვა ეპოქალური ჰიტების ავტორი ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა როგორც როკ-ენ-როლის, ასევე ზოგადად მუსიკის ისტორიაში.

11. Paco de Lucia

ფლამენკოს ათობით საოცარი მუსიკოსის სახელი უკავშირდება, თუმცა, ჟანრის ისტორიაში წამყვანი ფიგურის სტატუსს ერთმნიშვნელოვნად პაკო დე ლუსია იმსახურებს. ვირტუოზმა გიტარისტმა მიმდინარეობის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა და მასში ჯაზის, სალსას, ბოსა ნოვასა და როკის ელემენტების ინტეგრირებით ე.წ. ნიუ ფლამენკოს პიონერად იქცა. მისი საშემსრულებლო ტალანტი და არანორმალურად მოქნილი ტექნიკა კი, წესით, დამატებით საუბარს არ საჭიროებს.

10. Brian May

ლეგენდარული Queen-ის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ მუსიკოსების ხედვა მუდმივად ორიგინალურობისა და სიახლის ძიებას გულისხმობდა. ჯგუფის გიტარისტის, ბრაიან მეის სტილიც სწორედ ამ ფილოსოფიამ განსაზღვრა - ეფექტებთან და აპარატურასთან მუდმივმა ექსპერიმენტებმა, საშემსრულებლო ტექნიკის ხშირმა ცვლილებამ და თანდაყოლილმა ტალანტმა ის როკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ვირტუოზად და უამრავი კოლეგის შთაგონების წყაროდ აქცია.

9. Eddie Hazel

Parliament-Funkadelic-ის წევრის ამ სიაში მოხვედრას განმარტება არ ესაჭიროება - ედი ჰეიზელი ფანკის ისტორიაში საუკეთესო გიტარისტი იყო, რომელსაც მელომანები ათწუთიანი ინსტრუმენტული შედევრით Maggot Brain იცნობენ. ამ საოცარი კომპოზიციის შექმნას საინტერესო ლეგენდა უკავშირდება, თუმცა, მრავალჯერ მოყოლილ ისტორიას აღარ მივუბრუნდებით და საკულტო მუსიკოსის სხვა, არანაკლებ შთამბეჭდავ ნამუშევარს წარმოგიდგენთ.

8. Tony Iommi

ტონი აიომი მოზარდობისას ქარხანაში მუშაობდა და, უბედური შემთხვევის შედეგად, მარჯვენა ხელზე ორი თითი ნაწილობრივ დაკარგა. თუმცა, ამ გარემოებამ Black Sabbath-ის წევრს ხელი ვერ შეუშალა, ჰევი მეტალის პიონერი და ჟანრის ისტორიაში საუკეთესო გიტარისტი გამხდარიყო. აიომის სპეციფიკურ სტილსა და იდეებზე დაყრდნობით მეტალის ათობით ქვეჟანრი აღმოცენდა, მისი კოლოსალური გავლენა კი მიმდინარეობის ფარგლებს მნიშვნელოვნად გასცდა და კვალი ექსპერიმენტული მუსიკის სამყაროშიც დატოვა.

7. B.B. King

ბი ბი კინგი სცენაზე მარტო არასდროს გამოდიოდა - ლეგენდარული მუსიკოსის ხელში მისი უსაყვარლესი გიტარა, ლიუსილი თითქოს ცოცხლდებოდა და გამოხატავდა ყველაფერ იმას, რისი აღწერაც ადამიანებს სიტყვებით არ ძალუძთ. ამერიკელმა არტისტმა თავისი დახვეწილი სოლოებით, რბილი ვიბრატოთი და მელოდიური რიფებით ბლუზში საკუთარი ფილოსოფია შექმნა, რომლითაც მისი კოლეგების დიდი ნაწილი დღემდე ხელმძღვანელობს.

6. Ritchie Blackmore

ჯგუფების Deep Purple, Rainbow და Blackmore's Night წევრმა საკულტო არტისტის სტატუსი დიდი ხნის წინ მოიპოვა, რაც გასაკვირი სულაც არაა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირველი რიფი, რომელსაც დამწყები გიტარისტების უმრავლესობა სწავლობს, სწორედ რიჩი ბლექმორის მიერ შექმნილი Smoke on the Water გახლავთ. ჩვენს სიაში მისი ამ კომპოზიციით წარმოდგენა ძალზე ბანალური გადაწყვეტილება იქნებოდა, ამიტომაც, მისი შემოქმედებიდან სხვა, არანაკლებ შთამბეჭდავ ნამუშევარს შემოგთავაზებთ.

5. Django Reinhardt

ჯანგო რეინჰარდტმა 18 წლის ასაკში მარცხენა ხელის ორი თითი მძიმედ დაიზიანა, რამაც მას უნიკალური დაკვრის ტექნიკის გამომუშავებისკენ უბიძგა. თანამედროვეების მიერ "სამთითა ელვად" მონათლული ლეგენდარული ჯაზ გიტარისტი, რომელმაც ჟანრში ბოშური მუსიკის ელემენტები შემოიტანა და გარდამტეხი ცვლილებაც მოახდინა, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. მისი სტილი კი დღესაც ისეთივე მომაჯადოებელი და განუმეორებელია, როგორც თითქმის ერთი საუკუნის წინ.

4. Jimmy Page

ინგლისელმა მუსიკოსმა გიტარა ხელში პირველად 12 წლის ასაკში აიღო. სულ რაღაც ერთ წელიწადში კი BBC-ზე, განსაკუთრებული ტალანტით დაჯილდოებული მოზარდებისთვის მიძღვნილ პროგრამაში მიიწვიეს, სადაც ბრწყინვალე პერფორმანსის შემდეგ განაცხადა, ცხოვრება კიბოს განკურნების მეთოდის ძიებას მინდა, მივუძღვნაო. საბოლოოდ, ჯიმი პეიჯის კარიერა სხვა მიმართულებით წარიმართა და მანაც წარუშლელი კვალი, მედიცინის ნაცვლად, როკის ისტორიაში დატოვა. ლეგენდარული Led Zeppelin-ის წევრი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტალისტად ითვლება.

3. Eric Clapton

კოლეგებისა და თაყვანისმცემლების მიერ "ღმერთად" მონათლული ერიკ კლეპტონი ერთ-ერთი უდიდესი რევოლუციონერია, რომლის ინოვაციურმა ხედვამაც გიტარა ბენდის სტანდარტულ სტრუქტურაში ყველაზე გამოკვეთილ ინსტრუმენტად აქცია. საკუთარი სტილით, რომელშიც მელოდიურობის საოცარ განცდას საშემსრულებლო ვირტუოზობა ერწყმის, ინგლისელმა მუსიკოსმა მთელი ეპოქა შექმნა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტის სტატუსიც მოიპოვა. Blind Faith-ის, The Yardbirds-ისა და მუსიკის ისტორიაში პირველი სუპერჯგუფის, Cream-ის წევრი ისტორიაში ერთადერთი არტისტია, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში სამჯერ შეიყვანეს.

2. David Gilmour

ასეთ სიებში დევიდ გილმორის ხილვა დამატებით შეკითხვებს არასდროს ბადებს. Pink Floyd-ის წევრის სოლირების უნარი სრულყოფილებას უახლოვდება, მისმა რიფებმა ათწლეულებს გაუძლეს და როკის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელ მელოდიებად იქცნენ, ტონის შერჩევისა და ბგერის დამუშავების საქმეში კი ის, სხვა გიტარისტებთან შედარებით, რამდენიმე თავით მაღლა დგას. ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსი უნიკალური ინსტრუმენტალისტია, რომელიც, ზედმეტი მოკრძალების გარეშე, გენიოსის წოდებას იმსახურებს.

1. Jimi Hendrix

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი დაუღალავი მოგზაური იყო, რომელიც მუდამ აუთვისებელ ტერიტორიებს ეძებდა. სწორედ მან აქცია ფიდბექი როკ მუსიკის განუყოფელ ნაწილად, ჟანრში სტერეო ფაზირება შემოიტანა და პედლების ეფექტს ახლებური გამოყენება მოუძებნა. დაბადებიდან ცაციას მემარჯვენეებზე გათვლილი ინსტრუმენტი შეეძლო, უბრალოდ, ამოეტრიალებინა და მასზე საკუთარ განუმეორებელ სტილში დაეკრა, რომელიც კლასიკური პიანისტისა და ბლუზ გიტარისტის ტექნიკებს აერთიანებდა. მისი ცოცხალი პერფორმანსები, სადაც რიტმ და სოლო გიტარისტის ფუნქციებს უნაკლოდ ითავსებდა, მუსიკის ისტორიის ღირსშესანიშნავ ნაწილად ითვლება. ჯიმი ჰენდრიქსი თავად იყო განსხეულებული გიტარა და დღემდე ამ ინსტრუმენტზე ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული