Thumbnail

ნახეთ: კურტ კობეინის ჟაკეტი აუქციონზე იყიდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, კურტ კობეინის ჟაკეტი, რომელიც მას 1993 წელს აკუსტიკური კონცერტების სერიაში MTV Unplugged მონაწილეობისას ეცვა, აუქციონზე Julien's ოქტომბრის ბოლოს გაიყიდება. მოსაცმელი გაურეცხავი და ხელუხლებელია. მასზე ლაქები და სიგარეტით ამომწვარი ადგილები მარტივი შესამჩნევია.

 სახლი, რომელშიც კურტ კობეინმა თავი მოიკლა, $7,5 მილიონად იყიდება

►  ნახეთ: კურტ კობეინის ნაკლებად ცნობილი ფოტოსურათები

"ვადასტურებ, რომ ბრენდ Manhattan-ის მედიუმი ზომის ჟაკეტი კურტ კობეინს 1993 წელს MTV Unplugged-ის პერფორმანსზე ეცვა. მოსაცმელს ხუთი ღილი (ერთი აკლია) და ორი ჯიბე აქვს. ცალი ჯიბე ამომწვარი და გახუნებულია. ჟაკეტი მივიღე მაშინ, როდესაც კობეინების სახლში ვმუშაობდი. მას შემდეგ ის ჩემს საკუთრებაშია", - წერს კურტის შვილის, ფრენსის ბინის ძიძა, ჯეკი ფერი სამოსის ავთენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტში.

მოსაცმელი ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე მეორედ იყიდება. ვარაუდობენ, რომ მასში მყიდველი 200,000-დან 300,000 დოლარამდე გადაიხდის. ამჟამად ჟაკეტის მფლობელი ბიზნესმენია, რომელიც ვინაობას არ ამხელს.

კურტ კობეინმა მუსიკალური კარიერა 1982 წელს დაიწყო, ჯგუფი Nirvana კი 1987 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივს მსოფლიო აღიარება 1991 წლის ალბომმა Nevermind და მასში შესულმა სინგლმა Smells Like Teen Spirit მოუტანა. 1994 წლის 5 აპრილს დეპრესიაში მყოფმა კობეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რის შემდეგაც "ნირვანას" მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია. 

გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული