Thumbnail

რეცენზია: These New Puritans - Inside the Rose

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ინგლისურმა დუეტმა These New Puritans მეოთხე სტუდიური ალბომით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათი სტილის ზუსტად დახასიათება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ნამუშევარში ერთდროულად კლასიკური მუსიკის, ელექტრონიკის, არტ პოპის, პოსტ პანკისა და ტრიპ ჰოპის კვალი იკითხება. როგორც წესი, განსხვავებული მიმდინარეობის შერწყმის მცდელობები საეჭვო შედეგებით სრულდება, მაგრამ ეს ჩანაწერი ამ მხრივ იშვიათი გამონაკლისია.

ჯგუფის დამაარსებლებმა, ჯეკ და ჯორჯ ბარნეტებმა ალბომზე მუშაობის დაწყებამდე საკუთარ ლეიბლს ამცნეს, რომ კარიერაში ყველაზე კომერციულ ჩანაწერს ამზადებდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტყუპებმა ერთხმად იცრუეს. მართლაც, სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით შექმნილი Inside the Rose არაფრით ჰგავს ჩარტების სათავეში მყოფ ჩანაწერებს. პოპვარსკვლავების ნაცვლად, ბენდს პარტნიორობა მუსიკალური ანდერგრაუნდის ისეთმა წარმომადგენლებმა გაუწიეს, როგორებიც არიან ექსპერიმენტური ფოლკის ლეგენდა დევიდ ტიბეტი (კომპოზიციაში Into the Fire) და საკულტო პოსტ როკ კოლექტივის, Bark Psychosis-ის ლიდერი გრეემ სატონი (კომპოზიციაში Infinity Vibraphones).

ჩანაწერში შესული თითოეული ტრეკი ზედმიწევნით დახვეწილია. მათ მელანქოლიურ, იდუმალ ჟღერადობას დამატებით ინტრიგას ორაზროვანი მინიშნებებით სავსე ტექსტები და ჯეკ ბარნეტის სპეციფიკური ვოკალი სძენს. Where the Trees Are on Fire, A-R-P და Anti-Gravity გამორჩეულად შთამბეჭდავი სიმღერებია, თუმცა, ალბომის კულმინაციად კომპოზიცია Beyond Black Suns გვევლინება. Inside the Rose ჯგუფის კიდევ ერთი ბრწყინვალე ნამუშევარია, რომელიც არტ პოპ ჩანაწერისთვის დამახასიათებელ კონცეფციაზეა აგებული და ამავდროულად, სრულიად დაცლილია თანამედროვე პოპ მუსიკის კლიშეებისგან.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული