Thumbnail

რეცენზია: The Chemical Brothers - No Geography

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ბიგ ბითის ოქროს ხანა დიდი ხნის წინ დასრულდა 1990-იან წლებში დაბადებული ელექტრონული მიმდინარეობის დღემდე შემორჩენილ დინოზავრებს შორის ფეხზე ყველაზე მყარად The Chemical Brothers დგას. ეს მანჩესტერული დუეტი ოცდაათწლიანი კარიერის შემდეგ კვლავაც ახერხებს შეინარჩუნოს რელევანტურობა და ამასთან ერთად, არც კომერციული წარმატების დეფიციტს უჩივის. თუმცა, საკუთარ შემოქმედებაში სიახლის შეტანა ნებისმიერი არტისტისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ალბომში No Geography მუსიკოსებმა ინოვაცია წარსულში დაბრუნებითა და კარიერის ადრეული ეტაპისთვის ჩვეული ჟღერადობის გამოყენებით იპოვეს.

ფანკით, ფსიქოდელიით, სოულითა და დისკოთი გაჯერებული No Geography საგრძნობლად განსხვავდება ჯგუფის წინა, 2015 წელს გამოსული ალბომისგან Born in the Echoes, რომელშიც ინდისა და ალტერნატივის ელემენტები სჭარბობდა. კოლაბორანტი არტისტების ტრადიციულად მრავალფეროვანი ჩამონათვალის ნაცვლად, აქ მხოლოდ იაპონელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Nene-სა და ნორვეგიელი პოპ აღმოჩენის, Aurora-ს სახელები გვხვდება. ამ უკანასკნელმა დუეტს პარტნიორობა სამ ტრეკში, Eve of Destruction, Bango და The Universe Sent Me გაუწია. ჩანაწერის ზოგადი ჟღერადობა საკმაოდ მაჟორული და ენერგიულია. ამ მხრივ გამოსარჩევია We’ve Got to Try და ენერგიით დამუხტული, აფრიკული ფოლკ მუსიკიდან ნასესხებ სემპლზე აწყობილი MAH.

"ქიმიური ძმები" მუდამ ახერხებდნენ საკუთარ ესკაპისტურ შემოქმედებაში ფილოსოფიური თუ პოლიტიკური იდეების შემოპარებას. ახალი ნამუშევრის სახელწოდებაც ამერიკელი პოეტის, მაიკლ ბრაუნშტაინის ლექსიდანაა ნასესხები (მისი ავტორისეული შესრულების მოსმენა ტრეკში No Geography არის შესაძლებელი). კომპოზიცია Free Yourself კი მწერლისა და აქტივისტის, დიანა დი პრიმას პოემას Revolutionary Letter 49 ეფუძნება. ერთი სიტყვით, წმინდა მუსიკალური ღირებულების გარდა, ამ ალბომში არც კონტექსტისა და შინაარსის ნაკლებობა იგრძნობა. No Geography ბრიტანული დუეტის შემოქმედებაში საუკეთესო ნამუშევრობაზე პრეტენზიას ნამდვილად ვერ განაცხადებს, თუმცა, მათ შთამბეჭდავ დისკოგრაფიაში თავის ღირსეულ ადგილს აუცილებლად დაიკავებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული