Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ 2019 წლის 10 საუკეთესო ქართულ კომპოზიციას.

ნახე სრული ფლეილისტი

10. Killages - Bottlesip

ქართულ ჰიპ ჰოპში ექსპერიმენტის მცდელობები ბოლო წლებში საკმაოდ მომრავლდა. თუმცა, ის არაორდინარული ჟღერადობა, რომელსაც Killages-ის ამ კომპოზიციაში ვაწყდებით, ჩვენთან კვლავ იშვიათია - ემბიენთის ელემენტებით დატვირთული ინსტრუმენტალი, საცეკვაო რიტმი და ფსიქოდელიური შტრიხები, რომელსაც ჯგუფის ფრონტმენის, გუგა მაჭარაშვილის სპეციფიკური ფლოუ და ხმის ტემბრი ძალზე საინტერესოდ ერწყმის. ერთი სიტყვით, ნამუშევრის მთავარი კოზირი მისივე ორიგინალურობაა - ის ატრიბუტი, რომელიც ნებისმიერი ჟანრის ლოკალური სცენისთვის სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი.

9. Four Dimensional Monster Lobsters - Popcorn Popper

Popcorn Popper ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩანაწერია, რომელიც წელს ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენაზე ვიხილეთ. კომპოზიციას განსაკუთრებულობას სინთპოპისთვის უჩვეულოდ მძლავრი რიტმ სექცია და ფსიქოდელიის არასტანდარტული აღქმა სძენს, რაც ტექსტში ასახულ განცდებს კიდევ უფრო ამძაფრებს და სიმღერის მოსმენით გამოწვეულ ემოციებს მართლაც რომ ოთხგანზომილებიან პრიზმაში შლის. Four Dimensional Monster Lobsters ნელ-ნელა მკვეთრად სპეციფიკური ხელწერის მქონე ჯგუფად ყალიბდება, რომელიც მსმენელთან საკომუნიკაციოდ სათანადო ენის პოვნას წარმატებით ახერხებს.

8. Kay G - მესამე დღე

გიორგი ქებურიას კარიერაში ეს ჩანაწერი, ალბათ, საუკეთესო ნამუშევარია, რომელიც მისი, როგორც არტისტის, შემოქმედებით ზრდაზე მეტყველებს. სტანდარტული თრეფ ბითი აქ ძალზე საინტერესოდ ვითარდება, Kay G კი თანამედროვე ქართული ჰიპ ჰოპ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ლირიკოსის წოდებას სრულად ამართლებს. "მესამე დღე" ძალზე დეპრესიული ტრეკია, თუმცა, აქ მძიმე განწყობა არა დრამატული ჟღერადობისა თუ ტექსტში ბანალური სენტიმენტების ფრქვევის, არამედ პირქუში რეალობის შეულამაზებელი, გულახდილი აღწერით იქმნება. ეს კომპოზიცია მორიგი ამბავია ქალაქიდან, რომელშიც ახალგაზრდებს თავის დასამკვიდრებლად და წარმატების მისაღწევად სულ უფრო და უფრო ნაკლები გზა რჩებათ.

7. Mikhailo + Irakli - Merme

მართალია, მიხეილ თოდუამ ციხე უკვე დატოვა და სასჯელის დარჩენილ ვადას შინაპატიმრობაში გაატარებს, მაგრამ ეს კონკრეტული კომპოზიცია და რელიზიც საკანშია შექმნილი. ციხეში შეგზავნილი აპარატურით აწყობილ სტუდიაში მუსიკოსმა უკვე 5 კრებული გამოსცა, თუმცა, Release მათ შორის ყველაზე დახვეწილი და საინტერესო ნამუშევარია. ამ კომპოზიციაში ემბიენთ განწყობისა და ექსპერიმენტული მუსიკის ტექსტურების სინთეზით Michailo და Irakli შეეცადნენ, ერთი მხრივ, იზოლაციაში ყოფნით გამოწვეული ემოციები აესახათ, მეორე მხრივ კი, ოპტიმიზმისთვის საკმარისი ადგილი დაეტოვებინათ. დღეს მიხაილო თავისუფალია, მაგრამ ეს ნამუშევარი ყველა იმ ადამიანის მოლოდინს გამოხატავს, ვისი დროც ჯერ არ დამდგარა.

6. Bedford Falls - Come.

ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებს ამ ჩანაწერის მოსმენისას თავდაპირველად შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ საქმე წლების წინ გაცვეთილ ფორმულასთან გაქვთ. თუმცა, ნუ იჩქარებთ, რადგან სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ - ამ, ერთი შეხედვით, ათასგზის გადაღეჭილ სტრუქტურაში ორიგინალური იდეები ისე შეუმჩნევლად იპარება, რომ შეიძლება, ვერც მიხვდე, როდის გადაუხვია კომპოზიციის განვითარებამ შენ თვალწინ სრულიად სხვა მიმართულებით. ასეთი ნამუშევრები დღეს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ჟანრის გლობალურ სცენაზეც იშვიათად გვხვდება, Bedford Falls კი კარიერის დასაწყისში მათზე გაცემულ ავანსებს ჯერჯერობით სავსებით ამართლებს.

5. Sexy Bicycle - Gardenias

Sexy Bicycle ბარსელონაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის, ნიკა ელიას ფსევდონიმია, რომლითაც წელს მან მესამე სტუდიური ალბომი გამოსცა. ჩანაწერი ელექტროპოპის, სინთვეივისა და პოსტ პანკის არაორდინარული, მიმზიდველი ნაზავია, რომელსაც თამამად შეგვიძლია, არტისტის შემოქმედებაში საუკეთესო პროექტი ვუწოდოთ. მასში რამდენიმე ძალზე შთამბეჭდავი კომპოზიციაა თავმოყრილი, რომლებიც ჩვენს სიაში ადგილს არანაკლებ ღირსეულად დაიკავებდნენ, თუმცა, ის სპეციფიკური ხელწერა, რაც ელიას ნამუშევრებს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის, ყველაზე კარგად Gardenias-შია ასახული - უცნაურ, ინდი და ლოუ ფაი ესთეტიკით გაჯერებულ სიმღერაში.

4. Moku T - გამოდი გარეთ

ჯგუფ Moku Moku-ს წევრმა, ტატო რუსიამ ეს კომპოზიცია 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე ხალხმრავალი აქციის სისხლიანი დარბევის შემდეგ ჩაწერა. როდესაც საქმე საპროტესტო სიმღერას ეხება, მის წმინდა მუსიკალურ ღირებულებაზე საუბარი მეორეხარისხოვანია, მთავარი კი ის ხდება, თუ რამდენად შეძლებს ავტორი თავისი სათქმელის მსმენელამდე მიტანას. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო წინააღმდეგობის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული ნამუშევარი საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებთან ერთად ათასობით სხვა ადამიანმაც აიტაცა, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მუსიკოსმა ამ ამოცანას თავი იდეალურად გაართვა.

3. Creams - Die 4 You

ნათია ჭიჭინაძის კომპოზიცია ის ახალი სისხლია, რომლის გადასხმაც ქართულ პოპულარულ მუსიკას დიდი ხანია, სჭირდება. ჩამთრევი, მელოდიური ტრეკი ექსპერიმენტული პოპის ყველა გლობალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, თუმცა, ამავე დროს მასში მუსიკოსისთვის საკუთარი თავის დასამკვიდრებლად აუცილებელი ელემენტი, ინდივიდუალური ხელწერაც ნათლად იგრძნობა. "უხეში და ენერგიული, მაგრამ ამავდროულად მელანქოლიური მუსიკა, რომელიც შორსაა კონვენციური ჰიპ ჰოპისგან" - ასე დაახასიათა არტისტმა საკუთარი შემოქმედება. ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, ნათელი ხდება, რომ მისი სიტყვები საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ ყოფილა. Die 4 You რომანტიკული ბენგერია, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს, პირველ რიგში, მისი ავტორის ქარიზმატული, თავდაჯერებული შესრულების მანერა სძენს.

2. Eko & Vinda Folio - თერაპია

ერეკლე დეისაძისა და თემურ ეზუგბაიას დუეტმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ სოციალურ-პოლიტიკური პროტესტით აღსავსე ტრეკებთან ერთად, მელანქოლიურ-რომანტიკული სიმღერების წერაც არანაკლებ ეფექტურად გამოსდის. მუსიკოსების სადებიუტო სტუდიური ალბომის გამხსნელი, ამავე სახელწოდების მქონე სიმღერა, რომელიც ნამუშევრის ზოგადი ემოციური ხაზის იდეალურ მახასიათებლად გამოდგება, ამის კარგი მაგალითია. მისი მოსმენისას მიღებული შეგრძნებებები გამოცდილი თერაპევტის მიერ ჩატარებული სეანსის შედეგს წააგავს. პერმანენტულად პულსირებადი რიტმი, ბასის დომინაცია, გიტარის ფრაზები საჭირო დროს საჭირო ადგილებში და სინთეზატორით შექმნილი მიკროლანდშაფტები პოსტ პანკისთვის ჩვეულ ატმოსფეროს ქმნის და ჩანაწერიც გათენებისას ფანჯარაზე არეკლილ მზის პირველ სხივს ემსგავსება, რომელსაც თან კედლებს მიღმა მომლოდინე ქალაქის სევდა მოჰყვება.

1. KayaKata - Polo Palace

კატების სადებიუტო ალბომის მთავარი კომპოზიციის შესახებ შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ის გლობალური მუსიკალური ინდუსტრიის სტანდარტებითაც კი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც 2019 წელს მოვისმინეთ. ერთი შეხედვით, Polo Palace შესაძლოა, თანამედროვე მეინსტრიმული ჰიპ ჰოპის ფსიქოდელიური, თრეფ ჟღერადობის კოპირების მორიგ მცდელობად მოგეჩვენოთ, თუმცა, აშკარაა, რომ მუსიკოსებს კოლეგებისგან მჟავისფერი საღებავების გარდა არაფერი უნათხოვრებიათ და გეტოს ნაცრისფერ კედლებზე უსწორმასწორო შტრიხებით გამოყვანილი ნახატი მხოლოდ მათი გენგეგმის მიხედვითაა შესრულებული. არტისტები აქ თითქოს წარმოსახვასა და რეალობას შორის არსებული საზღვრების წაშლას ცდილობენ, რათა მათ მიერვე შექმნილი რვაბიტიანი მატრიცა ხელშესახები სამყაროს ანარეკლიდან მის ნაწილად აქციონ. ლომბარდებში დატოვებული ზამთრებისა თუ დამტენად გამოყენებული ცის მეტაფორებით აკინძულ ლირიკაში კი თბილისის პირქუში ყოველდღიურობა და მისგან გაქცევის გზები ერთმანეთში ირევა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული