Thumbnail

2019 წლის 10 საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია

რეზი ხუნწელია პროფილის ფოტო
რეზი ხუნწელია

popmusic წარმოგიდგენთ 2019 წლის 10 საუკეთესო ელექტრონულ კომპოზიციას.

2019 წლის 10 საუკეთესო ელექტრონული ალბომი

10. Peggy Gou - Starry Night

იმის მიუხედავად, რომ მსგავს სიებში პეგი გუს მოხვედრა ხშირად უხერხულობას იწვევს, წლის შეჯამება მის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. საუკეთესო ელექტრონული კომპოზიციების ათეულის გასახსნელად კი Strarry Night იდეალური ტრეკია.

შარშანდელი ჩანაწერის It Makes You Forget მიმოხილვისას, აღვნიშნეთ, რომ 2019 წელს სამხრეთკორეელ მუსიკოსს მოუწევდა დამტკიცება, რომ ერთჰიტიანი პროდიუსერი არ არის. დღეს კი უნდა ვაღიაროთ, რომ ის სულ ცოტა ორჰიტიანი არტისტი მაინცაა. მან თითქოს იგივე ფორმულა გაიმეორა და ისეთივე წარმატებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პეგი ან ძალიან კარგი ალღოთია დაჯილდოებული, ანაც მსმენელი პირდაფჩენილი ელოდება ყველაფერს, რასაც ის გადმოაგდებს. ორივე შემთხვევაში შედეგი უცვლელია.

9. LOFT - That Hyde Trakk

That Hyde Trakk ყურადღების კონცენტრაციის უნარის შესამოწმებელი ტესტია - მანჩესტერელი აია სინკლერი კომპოზიციის თითოეულ ელემენტს ისევე სწრაფად ანგრევს, როგორც აშენებს. მუსიკალური პასაჟები კი იმდენად სწრაფად ცვლის ერთმანეთს, რომ შეუძლებელია მზად დახვდე ან დააფიქსირო, სად გაქრა ბგერა, რომელიც სულ რაღაც ორი წამის წინ გაჩნდა.

LOFT-მა ამ რელიზით არა მხოლოდ საკუთარი, საკმაოდ შთამბეჭდავი შესაძლებლობები გვიჩვენა, არამედ ბოლო წლებში საგრძნობლად მოდუნებულ ლეიბლს Tri Angle Records ახალი სიცოცხლე შესძინა და ის პერიოდი გაახსენა, როდესაც ეს პლატფორმა ქანიე ვესთის, ბიორკის, ეისეფ როქისა და მაკ მილერის ტრეკების პროდიუსერებს ზრდიდა. 

8. Shygirl - BB 

როგორც ჩანს, შარშანდელი ალბომის Cruel Practice წარმატების შემდეგ, ბლეინ მუისმა კარგად გაანალიზა საკუთარი შესაძლებლობები და ის მოლოდინები, რომლებიც მის მიმართ შეიქმნა. ალბათ, ამიტომაც წელს ფართო საზოგადოებას მხოლოდ ორი კომპოზიცია შესთავაზა, რომელთაგან ერთ-ერთს მომდევნო აბზაცის წაკითხვისთანავე უნდა მოუსმინოთ.

თავისი მეგობრის, პროდიუსერ სეგა ბოდეგას დახმარებით, ინგლისელმა არტისტმა ამჯერადაც საკლუბო ბენგერის ესთეტიკაში გადაწყვეტილი ტრეკი გამოსცა, რომელშიც საოცარი თავდაჯერებულობით აცხადებს, რომ მასთან დაწყებულ ყველა თამაშში მოგებული სწორედ ის დარჩება. ვერც გაამტყუნებ, 2019 ნამდვილად შაიგერლის გამარჯვებების წელი იყო.

7. Coucou Chloe - Gecko

ამ კომპოზიციაზე საუბრისას, შეგვიძლია, განვიხილოთ ის, თუ რამდენად სწრაფად მიიწევს ლონდონში მოღვაწე ფრანგი პროდიუსერი გზაზე, რომლის ბოლოშიც რომელიღაც ჰიპ ჰოპ ვარსკვლავთან კოლაბორაცია ელის, ან რამდენჯერ გვხვდება ძაღლის წკმუტუნის ხმა მისი მოსმენისას. თუმცა, არაფერი იქნება უფრო ზუსტი, ვიდრე ერთი მოსწრებული კომენტარი იუთუბზე - "კუკუ ქლო არის ის, რაც ბილი აილიშს საკუთარი თავი ჰგონია".

ეს ტექსტი სტუდიური ნამუშევრის გამოსვლისას, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაიწერა. წლის ბოლოს კი, როდესაც ბილი აილიში ციდან ვარსკვლავების მოწყვეტით არ იღლება, ზემოხსენებული შედარება კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

6. Octo Octa - I Need You

Octo Octa-ს მიერ გამოცემული Resonate Body წლის ერთ-ერთი საუკეთესო ელექტრონული ალბომია, რომელიც არაჩვეულებრივ კომპოზიციას Can You See Me? შეიცავს, მაგრამ ამ სიაში ადგილი მაინც I Need You-ს უფრო ეკუთვნის.

ეს კომპოზიცია მაია ბოლდრი-მორისონის პროდიუსერული კარიერის ყველაზე ღირსშესანიშნავი მომენტია, რომელიც მის უაღრესად საინტერესო დაკვრის სტილსა და დიჯეინგის ტექნიკასაც კი ჩრდილავს. Octo Octa ჰაუს მუსიკის საუკეთესო ტრადიციებსა და ნოსტალგიას ერთმანეთში ძალზე ეგზოტიკურად აზავებს და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, კარგად დავიმახსოვროთ ნამუშევარი, რომლიც შემდეგაც ბრუკლინელი მუსიკოსის აღზევება შეუქცევადი გახდა.

5. Caribou - Home 

დენ სნეითის, იგივე ქარიბუს დაბრუნებას დიდი ხანია ველოდით. არტისტს, რომელმაც 2014 წელს ფანტასტიკური ალბომი Our Love დაგვიტოვა და შემდეგ ზამთრის ძილს მიეცა, ბევრი რამ ჰქონდა ასახსნელი. სულ ცოტა ის, თუ რა შეიცვალა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ და რისთვის გვამზადებს მომავალში.

Home ამ ყველაფერზე ძალიან კარგი პასუხია. გლორია ბარნსის მიერ შესრულებული ბობი დიქსონის სიმღერის სემპლი, Four Tet-ის არანჟირება და ქარიბუს აკადემიური სტილი ძალზე მკაფიოდ მიგვანიშნებს, რომ კანადელ პროდიუსერს საკუთარი სახლი არ დავიწყებია. არავინ იცის, როგორი იქნება მისი ახალი ალბომი, მაგრამ ეს კომპოზიცია საკმარისად ოპტიმისტურად განგვაწყობს საიმისოდ, რომ მას აუცილებლად დაველოდოთ.

4. Djrum - Hard To Say

როგორც სათაური მიგვანიშნებს, მართლაც ძნელია, თქვა, რასთან გვაქვს საქმე. სად და როდის უნდა მოვუსმინოთ ამ ტრეკს, რომ მისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ?! ფაქტი ერთია, ფელიქს მანუელი ამ კომპოზიციაში აკეთებს იმას, რაც მას სხვებზე ბევრად უკეთ გამოსდის - ერთი მხრივ ტემპის, მეორე მხრივ კი, ემოციური ზეწოლის ოპტიმიზაციას, რის შედეგადაც ერთ ტრეკში ვიღებთ როგორც ემბიენთ ატმოსფეროს, ასევე საცეკვაო მოედნის დასაბომბ მექანიზმს, რომელიც არც ძალიან ადრე უნდა აამოქმედო და არც ძალზე გვიან.

საბოლოო ჯამში, Hard To Say კარგი ალღოსა და ინსტინქტების მქონე დიჯეებისთვის განკუთვნილი ნამუშევარია, თუმცა, აუცილებელი არ არის მის მოსასმენად დენსფლორს მიაშუროთ. ეს ტრეკი თავის საქმეს ყველგან გააკეთებს.

3. TNGHT - Serpent

ბაგს ბანი და დაფი დაკი, ჩარლი ბრაუნი და ფრანკლინი, მელ გიბსონი და დენი გლოვერი, ჰადსონ მოჰაუქი და ლუნისი. იმის მიუხედავად, გძულთ თუ გიყვართ, უნდა აღიაროთ, რომ თრეფ მუსიკის ტენდენციების განსაზღვრაში ჰარლემ შეიქის მიმზე დიდი წვლილი TNGHT-ს მიუძღვის. დუეტს, რომელიც ანდერდოგის პოზიციაში ყოფნის პარალელურად, ხან ქანიე ვესთის სტუდიაში ზის, ხან FKA Twigs-თან და ზოგადად ყველგან, სადაც რაღაცის არევ-დარევაა საჭირო.

Serpent უდაბნოს სიცხეში სეირნობას ჰგავს, როდესაც ცდილობ, თავს ქვიშაში დამალული ქვეწარმავალი არ დაგესხას, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვს, საიდან უნდა ელოდო მას. აფრო თუ ტრაიბალური თემატიკის ინსტრუმენტალის მიღმა აქ ძალზე ოსტატურადაა დამალული თრეფ სენტიმენტები, რომლებიც მართლაც შხამიანი გველებივით იკბინებიან.

2. Holly Herndon - Eternal

ადამიანისა და ტექნოლოგიების ურთიერთობის თემატიკა ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. თუმცა, ჰოლი ჰერნდონი სხვებთან შედარებით ერთი ნაბიჯით წინ დგას. ის ხომ მუსიკას თავისივე შექმნილი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით წერს, რომელიც ადამიანის მიერ გამოცემული ბგერებით საზრდოობს.

რასაც კომპოზიციაში Eternal ვხვდებით, ჰერნდონს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია - საიდუმლო არ არის, რომ არტისტი ხმების მუტაციით ერთობა, მაგრამ ისეთ გრძნობას, როგორიც სიყვარულია, მუსიკოსი ასე მძაფრად არასდროს შეხებია. ის მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელ, პლასტიკურ და სინთეტიკურ გარემოშიც კი ახერხებს, ცოცხალი ემოციებით ითამაშოს და თითქოს სჯერა, რომ რობოტებისა და აპლიკაციების დიდი დოზით ინტეგრირების შემთხვევაშიც კი, ადამიანის მთავარი არსი ხელუხლებელი დარჩება.

1. Aïsha Devi - I’m Not Always Where My Body Is

თქვენ მთავარია, წესები და სტანდარტები შექმნათ, რათა აიშა დევის მათი დარღვევის ყველაზე მშვენიერი ფორმების მოძიებაში ხელი შეუწყოთ. სხვა მხრივ, აიშამ ზუსტად იცის, რას ეძებს და როგორ იპოვოს. მედიტაციური ტექნიკით შთაგონებული მუსიკოსი დიდი ხანია, ინდი არტისტის კლიშეს დაუსხლტდა და დღეს საკლუბო გამოცდილების საზღვრებს აფართოებს.

იმის მიუხედავად, რომ მის მუსიკაზე ცეკვა შესაძლებელია, დევი სტუდიაში ყოფნისას მაინც ალქიმიკოსობას ცდილობს. ეს ამ კომპოზიციაშიც კარგად ჩანს. მართლაც, რა უშლის ხელს ამ ტრეკს იმაში, რომ იდეალური დრიმ პოპ სიმღერა იყოს? არც არაფერი, ის ასეთია. ოღონდ არა ჩვენი სტანდარტებით, არამედ თავად მისი არასტანდარტულობის გათვალისწინებით. ის სითამამე, რისკი და შთაგონებების მართვის არაორდინარული უნარი, რომელსაც აიშა ამ ნამუშევრით აჩვენებს, I’m Not Always Where My Body Is-ს წლის საუკეთესო ელექტრონულ კომპოზიციად აქცევს.

2019 წლის 10 საუკეთესო ელექტრონული ალბომი

კომენტარები

ბოლოს დამატებული