Thumbnail

ბრონქსში ჰიპ ჰოპის მუზეუმის ასაშენებლად ხელისუფლებამ $3,5 მილიონი გამოყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიუ იორკში, ბრონქსში მსოფლიოში პირველი ჰიპ ჰოპის მუზეუმი აშენდება. შტატის გუბერნატორის, ენდრიუ ქუომოს განცხადებით, ხელისუფლებამ 3,5 მილიონი აშშ დოლარი კაპიტალური გრანტი უკვე გამოყო. მისივე თქმით, დაწესებულების გახსნა 2023 წელს, ჟანრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით იგეგმება. ამ დროისთვის მუზეუმი ბრონქსში დროებით მისამართზე, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარეობს.

ჰიპ ჰოპის ისტორია

"მუზეუმი არა მხოლოდ მუსიკას, არამედ, ზოგადად, ჰიპ ჰოპ კულტურას მიეძღვნება. დაწესებულება ბრონქსში ტურისტული ნაკადის ზრდას ისევე შეუწყობს ხელს, როგორც ეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზმა შეძლო კლივლენდში. ბრონქსი ბრუნდება", - აცხადებს მუზეუმის დირექტორი, როქი ბუქანო.

მუზეუმის პროექტის ჯამური ღირებულება $80 მილიონს შეადგენს. შტატის ხელისუფლების გარდა, დაწესებულების ასაშენებლად თანხა ქალაქ ნიუ იორკის მერიამ, კომპანია Microsoft-მა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა, ასევე, ჰიპ ჰოპ არტისტებმა Nas და LL Cool J გაიღეს. ამის გარდა, 20 მილიონი დონაციის გზით შეგროვდა. 

მუზეუმი 4,645 კვ.მ. ფართობზე განთავსდება. მისი აგება ბრონქსის სამხრეთ ნაწილში იგეგმება, რომელიც ჰიპ ჰოპის დაბადების ადგილად ითვლება.

მუზეუმის სტუმრებს ცნობილი არტისტების ჰოლოგრამები, ავატარები და VR მოწყობილობები დახვდებათ. ამის გარდა, ისინი ადგილზე გრაფიტის შექმნას, მუსიკის ჩაწერასა და "ბრეიქ დანსის" ცეკვას შეძლებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული