Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ 2019 წლის 10 საუკეთესო მუსიკალურ ვიდეორგოლს.

10. Ozzy Osbourne - Under the Graveyard

ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის უზომო მოხმარება როკ მუსიკოსებისთვის ყოველთვის ჩვეული ამბავი იყო, თუმცა, ოზი ოსბორნთან შედარებისას, მისი ყველაზე თავაშვებული კოლეგების "მიღწევებიც" კი ფერმკრთალდება. Black Sabbath-ის ფრონტმენის მდგომარეობამ კრიტიკულ წერტილს 1980-იან წლებში მიაღწია. ის მათრობელ სუბსტანციებს წარმოუდგენლად დიდი ოდენობით იღებდა, მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კი, ხან საწრუპით ცხვირში ცოცხალ ჭიანჭველებს ისრუტავდა, ხანაც ფეშენებელური სასტუმროების ნომრებში ხანძარს აჩენდა.

კომპოზიციაზე Under the Graveyard გადაღებული ვიზუალური ნამუშევარი ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრების სწორედ ამ პერიოდითაა შთაგონებული. მასში ასახული მოვლენები იმ ადამიანის პერსპექტივიდანაა აღწერილი, რომელსაც ოზის გადარჩენაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. შერონ ოსბორნმა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქმარი არ მიატოვა და კლიპის ერთ-ერთი სცენის არ იყოს, მართლაც ფსკერიდან ამოიყვანა.

რთული მისახვედრი არაა, რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწევდა შერონს ამ პროცესში. საკუთარ თავზე კონტროლდაკარგულმა ოზიმ ერთხელ მისი დახრჩობაც კი სცადა. თუმცა, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. საყვარელი ადამიანის დამსახურებით, საკულტო მუსიკოსი მოღვაწეობას დღემდე განაგრძობს და დროდადრო ასეთ ემოციურ ნამუშევრებსაც გვთავაზობს

9. DJ Shadow ft. De La Soul - Rocket Fuel

DJ Shadow-ს ფსევდონიმით ცნობილი ამერიკელი პროდიუსერის, ჯოშუა დევისის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი Our Pathetic Age თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ცალკეულ ინდივიდებსა თუ მთლიანად საზოგადოებაზე ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მავნე ზემოქმედებაზე მოგვითხრობს. 

ამ ჩანაწერში შესულ კომპოზიციაზე Rocket Fuel გადაღებული ვიდეორგოლი ნაწილობრივ არტისტის 2016 წლის ნამუშევარს Nobody Speak ეხმაურება. თუმცა, კლიპში, რომლის რეჟისორადაც კვლავ სემ პილინგი მოგევლინა, ქაოსსა და არეულობას ამჯერად არა საერთაშორისო დიპლომატიურ შეხვედრაზე დაწყებული დაპირისპირება, არამედ მთვარეზე ადამიანის გადასვლის პირდაპირი ტრანსლაციის ჩაშლა იწვევს.

ასეთი შინაარსი შემთხვევითი სულაც არაა. ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ინტერნეტმა შეთქმულების თეორიების ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი. მათგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულის თანახმად კი, ამერიკელები მთვარეზე არასდროს დამსხდარან და ამ მოვლენის ამსახველი კადრები ლეგენდარულმა რეჟისორმა, სტენლი კუბრიკმა ჰოლივუდის სტუდიაში გადაიღო.

8. Thom Yorke - Last I Heard (… He Was Circling the Drain)

"გიჭირთ თქვენი სიზმრების გახსენება? ეს შეგრძნება ჩვენთვისაც კარგადაა ნაცნობი - სიურრეალისტური სამყაროს სიღრმეში ხარ, სადაც შეგიძლია, ნებისმიერი რამ გააკეთო და ის იყო, ვინც გსურს. შემდეგ იღვიძებ და ზმანება ქარისა თუ კვამლის მსგავსად იფანტება. თუმცა, დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად ქრება? აქ, ANIMA-ში სიზმრების კამერა შევქმენით. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ნომერზე 07588 733 111 და თქვენს სიზმრებს დაგიბრუნებთ", - თავისი მესამე სტუდიური ალბომი ტომ იორკმა სწორედ ამ ორიგინალური სარეკლამო ტექსტით დააანონსა. სიზმრისეულ და რეალურ სამყაროებს შორის საზღვრის წაშლის მცდელობა ჩანაწერის თანმხლებ ფილმშიც გაგრძელდა, რომლის რეჟისორადაც ლეგენდარული პოლ ტომას ანდერსონი მოგვევლინა.

ანდერსონის ნამუშევარში პლატონის იდეების გამოძახილს ვაწყდებით. გამოქვაბულის მსგავსი სივრცე, კედლებზე მოსრიალე ლანდები, მკაცრად მოწესრიგებული საზოგადოება და მზის სინათლისთვის თვალის გასწორების სიმბოლო ანტიკური ფილოსოფოსის იდეებს პირდაპირ ეხმიანება. სწორედ ამ შინაარსობრივი და ესთეტიკური ხაზის გაგრძელებაა კომპოზიციაზე Last I Heard (… He Was Circling the Drain) შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლიც.

ტომ იორკის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი გაუცხოების, პარანოიისა და დაკარგულობის ატმოსფეროს გადმოსაცემად, მისმა ავტორებმა იდეალური ვიზუალური ენა შეარჩიეს. შავ-თეთრ კლიპში ასახული ფრიც ლანგისეული დისტოპია რეალობის გამრუდებული, პირქუში ანარეკლია, სადაც ავტომანქანები ჰაერში ტივტივებენ, უსახო ფიგურები კი უმიზნოდ დახეტიალობენ ქალაქში, რომლისგანაც მხოლოდ მისივე ბუნდოვანი აჩრდილია დარჩენილი.

7. Solange - Almeda

სოლანჟ ნოულზის ახალ ალბომში When I Get Home მის მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონს განსაკუთრებული როლი ენიჭება. ეს ის ადგილია, სადაც მუსიკოსი თავს ადგილობრივი სოციუმის რიგით წევრად გრძნობს და არა მედიისა და თაყვანისმცემლების მუდმივი ყურადღების ქვეშ მყოფ პოპვარსკვლავად. დის, ბიონსესა და სიძის, ჯეი ზის გახმაურებულ ოჯახურ დრამაში აქტიური მონაწილეობის შემდეგ, მას მართლაც სჭირდებოდა სახლში დაბრუნება და საკუთარი იდენტობის ხელახლა პოვნა. სწორედ ეს პროცესია ასახული სტუდიურ ჩანაწერში შესულ კომპოზიციებსა და მათ თანმხლებ ვიდეორგოლებში, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ნამუშევრის ერთ-ერთ საუკეთესო ტრეკზე Almeda შექმნილი კლიპი იქცევს.

დაუვიწყარი შთაბეჭდილება აქ, პირველ რიგში, ვიზუალური ეფექტის ხარჯზე იქმნება - პრაქტიკულად, უნაკლო ქორეოგრაფია, უმცირეს დეტალებამდე დახვეწილი კომპლექსური სცენები და ფერების სპეციფიკური პალიტრა. ადგილობრივი გარემოთი თუ კულტურით შთაგონებული დეკორაციები კი სიმღერის შინაარსსა და სახელწოდებას ეხმიანება - ალმედა ჰიუსტონის ერთ-ერთი რაიონი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ სოლანჟმა ალბომის მხარდასაჭერად კლიპების გარდა ორმოცწუთიანი ვიზუალური ნამუშევარიც გაავრცელა, რომელიც მასშტაბურობითა და ხარისხით ჰოლივუდურ ფილმებსაც არ უდებს ტოლს. მისი ნახვა გაცილებით ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით ამ არაჩვეულებრივი ჩანაწერის კონცეფციის შესახებ.

6. James Blake - Can't Believe the Way We Flow

ბრიტანელი არტისტის ახალი ალბომის Assume Form პირველივე წამებიდან ვიგებთ, რომ ჯეიმსმა ჭეშმარიტი სიყვარული იპოვნა. პოპ მუსიკაში ამაზე ბანალური ცოტა რამ თუ მოიძებნება, მაგრამ ბლეიკი ახერხებს, ყველაზე გაცვეთილი თემებიც კი საინტერესოდ  წარმოაჩინოს. განსაკუთრებით ორიგინალური ფორმით ის ამას კომპოზიციაში Can't Believe the Way We Flow და მის თანმხლებ ვიდეორგოლში აკეთებს. 

კლიპი ასობით მინი სცენისგან შედგება, რომელთა ხანგრძლივობაც ორ წამს არ აჭარბებს. მათში რიგითი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ფრაგმენტებია ნაჩვენები. თავის დროზე რეჟისორმა ფრენკ ლებონმა ASAP Rocky-სთან და King Krule-თან თანამშრომლობით გვაჩვენა, რომ მის კრეატიულობას საზღვარი არ აქვს. თუმცა, აქ ინგლისელმა ხელოვანმა საკუთარ თავს აჯობა და მაყურებელზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მისი საფირმო, უწყვეტი მონტაჟისა თუ არაორდინარული რაკურსების ნაცვლად, სულ სხვა ხერხებით მოახდინა.

ტექნიკური თუ ვიზუალური თვალსაზრისით Can't Believe the Way We Flow წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რომლის მიღმაც ტიტანური შრომის კვალი იკითხება.

5. Kanye West - Follow God

სხვა რეპერები ფულის დასტებითა და ძვირფასი ქვებით იწონებენ თავს, ქანიე ასობით ჰექტარი მიწით. სხვა რეპერები ერთღამიანი ურთიერთობებით ტრაბახობენ, ქანიე ოჯახის სიმტკიცისა და ერთგულების ფასზე ქადაგებს. სხვა რეპერები შეურაცხმყოფელ ჩანაწერებს ერთმანეთს უძღვნიან, ქანიე პირდაპირ სატანას დისავს. ლეგენდარული არტისტი თავისი პირდაპირობითა და უნიკალური მსოფლმხედველობით ისევ ახერხებს, პოპ კულტურის სურათი სრულიად სხვა კუთხიდან დაგვანახოს.

მცირე ხნის წინ ვესთმა განაცხადა, რომ თავიდან მოექცა ქრისტიანად და სეკულარული მუსიკის შექმნაზე ხელი აიღო, რითაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა, მსმენელებს, რომლებიც ქანიეს კარიერას თვალს გულმოდგინედ ადევნებენ, მისი ასეთი მეტამორფოზა არ გაკვირვებიათ და არც ის უფიქრიათ, რომ თავაშვებული ჰედონისტიდან ღვთისმოშიშ ასკეტად სახეცვლილება ფრანც კაფკას ცნობილი ნაწარმოებივით ერთ ღამეში მოხდა. 

კომპოზიციაზე Follow God გადაღებული ვიდეორგოლი ქანიეს ახალ ფილოსოფიას ასახავს. ჭეშმარიტ თავისუფლებას ის თავის უზარმაზარ რანჩოში სეირნობისას გრძნობს, ყველაზე დიდ მიღწევად კი მამასთან საერთო ენის გამონახვას თვლის. თუმცა, ნუ იფიქრებთ, რომ მუსიკოსი რელიგიური დოგმების ბრმად მიყოლას აპირებს. ის ქანიეა და ყოველთვის საკუთარი წესებით ითამაშებს. ღვთისმსახურებასაც შოუს შთამბეჭდავ ნაწილად აქცევს და თუ საჭიროა, ახალ კულტსაც ჩამოაყალიბებს. ამის დასტურად კიდევ ერთი ვიდეორგოლი Closed on Sunday შეგიძლიათ ნახოთ და დასკვნები თავად გამოიტანოთ.

4. FKA twigs - Cellophane

FKA twigs-ის ფსევდონიმით ცნობილი თალია ბარნეტისთვის რიგით მეორე სტუდიური ალბომის შთაგონების წყაროდ ნაწილობრივ მის მიერ გადატანილი უმძიმესი ოპერაცია, ნაწილობრივ კი მსახიობ რობერტ პატინსონთან რომანის დასრულება იქცა. რთული პერიოდის შემდეგ, ბრიტანელმა მუსიკოსმა ალტერ ეგო მარიამ მაგდალინელში, ახალი აღთქმის მრავალწახნაგოვან და კონტროვერსიულ პერსონაჟში იპოვა. რელიგიური თემატიკა, რომელიც კათოლიკურ სკოლაში აღზრდილი ბარნეტისთვის უცხო არც მანამდე ყოფილა, სულიერი კათარზისის გზად იქცა.

MAGDALENE, ფაქტობრივად, უნაკლო ჩანაწერია, რომელიც არა მხოლოდ 2019 წლის, არამედ მთელი დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო პოპ ნამუშევრის წოდებას იმსახურებს. ალბომზე არანაკლებ შთამბეჭდავი მასში წარმოდგენილ კომპოზიციებზე გადაღებული ვიდეორგოლებია, რომელთგან ჩვენს სიაში შესატანად cellophane შევარჩიეთ.

კლიპი ალეგორიულად არტისტის მიერ გამოვლილ რთულ პერიოდს ასახავს. ცად ამაღლების, არაამქვეყნიურ არსებასთან შეხვედრისა და ისევ მიწაზე დაცემის სიმბოლიკა ძველისძველ ჭეშმარიტებაზე მიგვანიშნებს - რაც უფრო მაღლა მიიწევ, მით უფრო ხანგრძლივი და მტკივნეული იქნება ვარდნა. მთავარია, ადგე და ცხოვრება განაგრძო. ამის ძალა კი თალიამ საკუთარ თავში უკვე გამონახა. 

3. Tyler, the Creator - EARFQUAKE

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო რეპერის მეხუთე სტუდიური ალბომის გარეკანზე წარწერა წინასწარ გვაფრთხილებს, რომ რიგითი ჰიპ ჰოპ ნამუშევრის მოსმენის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. მართლაც, IGOR ტაილერის წინა ჩანაწერებისგან საგრძნობლად განსხვავდება და მისი რომელიმე ერთი ჟანრის ჩარჩოებში მოქცევა შეცდომა იქნებოდა. სპეციალურად ამ პროექტისთვის არტისტმა ახალი იმიჯი მოირგო, რომელმაც მის ხაზგასმულ ვულგარულობასა და ეპატაჟურობას მიჩვეულ თაყვანისმცემლებშიც კი გაოცება გამოიწვია.

იგორი პოპკულტურაში ცნობილი სტერეოტიპული პერსონაჟია, რომელიც ბოროტი ზრახვებით შეპყრობილ ბატონს (ხან ძლევამოსილ ვამპირს "დრაკულაში", ხანაც შეშლილ მეცნიერს "ფრანკენშტეინში") ემსახურება. სწორედ მისი სახელით მონათლა ტაილერმა თავისი ალტერ ეგოებიდან ერთ-ერთი, რომელმაც ჰიპ ჰოპის თვითგამოცხადებულ ანტიგმირს წარმატებისკენ მიმავალ ეკლიან გზაზე ერთგული ასისტენტობა გაუწია. ამ ახალი სასცენო სახის გარშემო კი ვიდეორგოლებითა თუ ცოცხალი პერფორმანსებით ერთგვარი მინი-სამყარო შექმნა, რომლის ვიზუალური ესთეტიკაც აშკარად მისი ფავორიტი რეჟისორის, ვეს ანდერსონის შემოქმედებითაა შთაგონებული. 

ალბომი საყვარელი ადამიანის დაკარგვის ისტორიასა და მისი დაბრუნების მცდელობებზე მოგვითხრობს. EARFQUAKE აქ ის ეტაპია, სადაც ტაილერი საკუთარ ქცევას აანალიზებს და შეცდომებსაც აღიარებს. კომპოზიციაზე გადაღებულ ვიდეორგოლში მუსიკოსი სატელევიზიო შოუს სტუმრობს, მაგრამ ცოტა ხანში სტუდიაში ცეცხლს აჩენს, რომლის ჩასაქრობადაც მეხანძრის ფორმაში გამოწყობილი ბრუნდება. ეს ტრაგიკომიკური სანახაობა მისი მთავარი პრობლემის მეტაფორაა - იგორი ბუნებით მავნებელია და გაფუჭებული საქმის გამოსწორებას, რამდენიც არ უნდა ეცადოს, ვერ მოახერხებს. თუმცა, პროცესის ეფექტურ შოუდ გადაქცევაში რომ ბადალი არ ჰყავს, ეს ვიდეორგოლიც ადასტურებს.

2. Billie Eilish - Bad Guy

ფართო აუდიტორიამ ბილი აილიშის შესახებ პირველად 2016 წელს, საუნდქლაუდზე კომპოზიციის Ocean Eyes ატვირთვის შემდეგ შეიტყო. მცირე ხანში ამ ინტროვერტის იერის მქონე, ექსცენტრიკულმა თინეიჯერმა ერთიმეორეზე წარმატებული სინგლები გაავრცელა და პოპულარობაც თავბრუდამხვევი სისწრაფით მოიპოვა. სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა When We All Fall Asleep, Where do We Go? კი ნათლად დაგვანახა, რომ ბილის წარმატება შემთხვევითი სულაც არ იყო და მისი ვარსკვლავი პოპმუსიკის გალაქტიკაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იკაშკაშებს.

პლატინის სტატუსის მქონე, ჰიტებით გადავსებული ნამუშევრის წამყვანი ტრეკი სწორედ Bad Guy აღმოჩნდა. მუდამ დიდი ზომის, ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი თინეიჯერის საფირმო კომპოზიციამ გრემის სამი ნომინაცია მოიპოვა, ასობით პაროდიისა თუ რემიქსის საფუძვლად იქცა და მისი ავტორი XXI საუკუნეში დაბადებული პირველი არტისტი გახადა, რომლის ნამუშევარმაც ბილბორდის ჩარტში წამყვანი პოზიციის დაკავება შეძლო.

სიმღერაზე გადაღებულ ვიდეოს მაურიციო კატელანის (სწორედ იმ კატელანის, კედელზე საიზოლაციო ლენტით მიკრული, 120,000 დოლარად შეფასებული ბანანი ქართველმა ხელოვანმა რომ შეუჭამა) ნამუშევრებით შთაგონებული სცენები კომიკურ, სიურრეალისტურ ელფერს სძენს. აქ ყველაზე ნათლადაა ასახული ბილის, როგორც სუპერვარსკვლავის ფენომენი. გოთური და ჰიპ ჰოპ ესთეტიკის უცნაური სინთეზი, ერთდროულად სასოწარკვეთილი და თავდაჯერებული ტონი, სარკაზმით სავსე ტექსტი და თითქოს ძილბურანში მყოფი არტისტის მიერ ჩასუნთქვებს შორის გამოცრილი ფრაზები - ინტერნეტის ეპოქის თაობისათვის ბილი აილიში არქეტიპიცაა და იმავე მასშტაბის კერპიც, როგორიც თავის დროზე მათი მშობლებისთვის კურტ კობეინი გახლდათ. საკუთარი Smells Like Teen Spirit კი, ალბათ, ყველა თაობას თანაბრად სჭირდება.

1. Rammstein - Deutschland

გერმანული ინდასტრიალ ბენდის შემოქმედებას მუდამ კამათსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამ მხრივ გამონაკლისი არც კომპოზიციაზე Deutschland გადაღებული ვიდეორგოლი აღმოჩნდა. მისი გამოსვლისთანავე კრიტიკოსებისა და მსმენელების ნაწილმა ჯგუფი ჰოლოკოსტის ტრივიალიზებასა და ნაცისტური იდეალებით გატაცებაში დაადანაშაულა. თუმცა, უმეტესობამ სწორედ ის დაინახა, რაც მუსიკოსებს სურდათ - წარსული ტრაგედიების წინა პლანზე წამოწევა და მტკივნეულ თუ ტაბუდადებულ თემებზე ღიად საუბარი.

კლიპის სცენები გერმანიის ისტორიის რეტროსპექტივას ქმნის: რომაელი დამპყრობლები, კუდიანებზე ნადირობა შუა საუკუნეებში, პირველი მსოფლიო ომი, 1920-იანი წლების ჰიპერინფლაცია, ჰინდენბურგის კატასტროფა, ჰიტლერის რეჟიმი და საკონცენტრაციო ბანაკები, ბერლინის კედლით ორად გაყოფილი სახელმწიფო, ბაადერ-მაინჰოფის ტერორისტული დაჯგუფება, ერიხ ჰონეკერის დიქტატურა და ა.შ. - ეპიზოდურად კოლექტივის წევრებთან ერთად ეკრანზე ქვეყნის განსხეულებულ სიმბოლოს ვხედავთ, რომელიც შავკანიანი ქალის სახით გვევლინება. 

ნამუშევრის მთავარი თემა პატრიოტიზმის მიმართ ის სპეციფიკური დამოკიდებულებაა, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, მხოლოდ გერმანელებს ახასიათებთ. სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატვა თითქოს ავტომატურად აღვიძებს ისტორიულ მეხსიერებასა და დანაშაულის გრძნობას თანამემამულეთა მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო. ამ გაორებულ დამოკიდებულებას საუკეთესოდ აღწერს სიმღერის ტექსტიდან აღებული ფრაზა: "გერმანიავ, მინდა, მიყვარდე და მინდა, გწყევლიდე". სცენა კი, რომელშიც კუბოში ჩასვენებულ მთავარ პერსონაჟს კოსმოსში გზავნიან, მარტივ გამოსავალს გვთავაზობს - თუ შენი პატრიოტიზმი სიძულვილით საზრდოობს, სჯობს, მასზე უარი თქვა.

თუმცა, ეს გზა რომ პრობლემას ვერ გადაჭრის, ამაზე კლიპის დასასრულს გაჟღერებული სიმღერის Sonne ნაწყვეტიც მიგვანიშნებს. ჯგუფის სტაჟიან თაყვანისმცემლებს კარგად ემახსოვრებათ ამ ტრეკზე გადაღებული ვიდეორგოლის შინაარსი - კოლექტივის წევრები სადისტი ფიფქიას მონებად ქცეულ ჯუჯებს განასახიერებენ, რომლებიც უმოწყალო მბრძანებლის თავიდან მოშორებისთანავე აცნობიერებენ, რომ მის გარეშე მათი არსებობა აზრს კარგავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული