Thumbnail

ნახეთ: ბრიტნი სპირსის ნახატები საფრანგეთში გამოიფინება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

საფრანგეთში, ფიჟაკის დასახლებაში მდებარე Sympa-ს გალერეაში 18 იანვრიდან ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით Sometimes you just gotta play!!!!! გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გალერეის ადმინისტრაცია ინსტაგრამის საშუალებით ავრცელებს.

"მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ 18 იანვრიდან ბრიტნი სპირსის პირველ პერსონალურ გამოფენას ვუმასპინძლებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

Sympa გამოფენასთან დაკავშირებით მეტ დეტალს არ ავრცელებს. უცნობია, რა ფორმით იქნება ჩართული თავად არტისტი ექსპოზიციაში და მისი რამდენი ნამუშევარი გამოიფინება გალერეაში.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ნახატზე მუშაობის ამსახველი ვიდეო ბრიტნიმ სამი წლის წინ, ინსტაგრამზე გაავრცელა.

გამოცემა Dazed-ის ცნობით, მომღერლის ნამუშევარი, რომლითაც გამოფენის გახსნა დაანონსდა, 2017 წელს ლას ვეგასში, ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე 10,000 აშშ დოლარად გაიყიდა. შემოსული თანხა ფესტივალ Root 91 Harvest-ზე მომხდარი სროლის შედეგად დაზარალებულებს გადაერიცხათ.

ბრიტნი სპირსმა კარიერა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული