Thumbnail

პოპულარულ მუსიკოსებთან დაკავშირებული მითების წარმოშობას განსხვავებული მიზეზები უდევს საფუძვლად. ხანდახან მსმენელები მათი ფავორიტი არტისტის გარდაცვალების ფაქტს ვერ ეგუებიან, ხანაც მედია არაფრისგან სენსაციის შექმნას ცდილობს. ზოგჯერ კი, უბრალოდ, მოცლილი ადამიანების მიერ აგორებულ ჭორებთან გვაქვს საქმე. შედეგად, მელომანებში ამა თუ იმ შემსრულებლის შესახებ ერთიმეორეზე უცნაური ისტორიები ვრცელდება და თაობიდან თაობას გადაეცემა.

ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ასეთ მითზე ვისაუბრებთ. 

10. ჯიმი ჰენდრიქსი შუბლზე LSD-ში ამოვლებულ თავსახვევს იკრავდა

გასაკვირი არაა, რომ ფსიქოდელიური როკის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელზე ჰალუცინოგენებთან დაკავშირებული უამრავი მითი შეიქმნა. მათგან ერთ-ერთის თანახმად, ჯიმი ჰენდრიქსი კონცერტამდე შუბლს დანით ისერდა, შემდეგ კი LSD-ში ამოვლებულ თავსახვევს იკრავდა, რათა დაკვრისას მოულოდნელად არ გამოფხიზლებულიყო.

საკულტო მუსიკოსს სცენაზე მართლაც ხშირად ეკეთა თავსახვევი, რომელიც მისი იმიჯის ნაწილადაც იქცა. თუმცა, არცერთი სანდო წყარო ზემოთ მოთხრობილ ლეგენდას არ ადასტურებს. ცნობიერების შემცვლელი საშუალებების მიღებისას ჯიმი ჰენდრიქსი აშკარად უფრო ტრადიციულ მეთოდებს მიმართავდა.

9. სიმღერა In the Air Tonight ფილ კოლინზმა მას შემდეგ დაწერა, რაც ადამიანის დახრჩობის ფაქტს შეესწრო

ფილ კოლინზის თაყვანისმცემელთა დიდ ნაწილს დღემდე სჯერა, რომ ბრიტანელმა მუსიკოსმა თავისი ჰიტი In the Air Tonight სწორედ მას შემდეგ დაწერა, რაც ამ ტრაგიკული მოვლენის თვითმხილველი გახდა. ლეგენდის თანახმად, კოლინზმა შორი მანძილიდან დაინახა, როგორ იხრჩობოდა უცნობი ადამიანი წყალში, ახლოს მდგომმა პიროვნებამ კი მის გადასარჩენად არაფერი მოიმოქმედა.

ეს მითი იმდენად ფართოდაა გავრცელებული, რომ მასზე მინიშნებებს ემინემის კომპოზიციაში Stan და პოპულარულ ანიმაციურ სერიალში Family Guy ვხვდებით. თუმცა, სინამდვილეში არტისტმა სიმღერა განქორწინების პროცესში, მძიმე დეპრესიაში მყოფმა დაწერა და, მისი თქმით, ზუსტად თავადაც არ იცის, რისი ასახვა სურდა ტექსტში. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ინციდენტი რომ არასდროს მომხდარა, ამაში ჯგუფ Genesis-ის ყოფილი ფრონტმენი მტკიცედაა დარწმუნებული.

8. ჩარლზ მენსონმა ჯგუფ The Monkees-ის შემადგენლობაში მოხვედრა სცადა

წარმატებული ბოროტმოქმედისა და არცთუ წარმატებული მუსიკოსის სახელს არაერთი ლეგენდა უკავშირდება. მათგან ერთ-ერთის თანახმად, როკ ვარსკვლავად ქცევის ამბიციით შეპყრობილმა მენსონმა ჯგუფ The Monkees-ის შემადგენლობაში მოხვედრა სცადა.

1965 წლის 8 სექტემბერს კოლექტივის დასაკომპლექტებლად კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა 437-მა კანდიდატმა მიიღო. თუმცა, მათ რიგებში ჩარლზი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 1961-67 წლებში ავტომანქანების გატაცებისთვის ციხეში სასჯელს იხდიდა. აღსანიშნავია, რომ ამ მითს საფუძვლად ბენდის წევრის, მიკი დოლენცის ხუმრობა დაედო, რომელიც თავის დროზე პრესამ და მსმენელებმა შეცდომით სერიოზულად მიიღეს.

7. პოლ მაკკარტნი გარდაიცვალა და ის ორეულით ჩაანაცვლეს

მუსიკოსებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეთქმულების თეორიის თანახმად, პოლ მაკკარტნი 1966 წლის 9 ნოემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა და The Beatles-ის შემადგენლობაში ის ორეულით ჩაანაცვლეს.

ამ მითის მტკიცებულებად
ისეთი არგუმენტები მოჰყავთ, როგორიცაა "ბითლზის" ალბომის Abbey Road გარეკანში ან სიმღერების ტექსტებში ვითომდა ჩადებული მინიშნებები. თუმცა, ამ "მტკიცებულებებიდან" (რომელთა უმეტესობაც მუსიკოსისა და იუმორისტის, ბილ ლაბორის მიერ 1969 წელს დაწერილი სატირული სტატიიდანაა ნასესხები) მყარი საფუძველი არცერთს გააჩნია. ერთადერთი და განუმეორებელი პოლ მაკკარტნი კი 77 წლის ასაკშიც აგრძელებს წარმატებულ მოღვაწეობას.

6. Pink Floyd-ის კონცერტზე ხმის აპარატურის სიმძლავრისგან ტბაში ყველა თევზი დაიხოცა

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის მიერ ბუნების წიაღში ჩატარებული ერთ-ერთი კონცერტის დროს, ხმამაღალი მუსიკის გამო, ახლომდებარე ტბაში თევზების დახოცვის შესახებ ლეგენდა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში გავრცელდა. ამ ამბის ყოველი მთხრობელი ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ "პინკ ფლოიდს" მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ხმის აპარატურა ჰქონდა.

სინამდვილეში, იმ პერიოდში ყველაზე ძლიერი აუდიოსისტემები მეტალ ჯგუფებს ჰქონდათ, თუმცა, მათ კონცერტებზე მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. "პინკ ფლოიდის" ლაივი კი, რომლის დროსაც თევზი არა მუსიკის ხმამ, არამედ პიროტექნიკის კვამლმა დახოცა, 1971 წლის 15 მაისს კრისტალ ფალასის ტბორთან ჩატარდა.

5. მერილინ მენსონმა ქირურგების დახმარებით ორი ნეკნი ამოიღო

მაღალი ალბათობით, სკანდალურ მუსიკოსთან დაკავშირებული ეს ამბავი ჩვენი მკითხველების ნაწილს სკოლის ასაკიდან ემახსოვრება. ფართოდ გავრცელებული ლეგენდის თანახმად, მერილინ მენსონმა ქირურგების დახმარებით ორი ნეკნი ამოიღო, რათა ავტოფელაციაში ხელი არ შეშლოდა.

ამერიკელ ვარსკვლავს საკუთარი ქცევით საზოგადოება შოკში არაერთხელ ჩაუგდია, თუმცა, ზემოთ აღწერილი მიზნით პლასტიკური ოპერაციისთვის ნამდვილად არასდროს მიუმართავს. არტისტმა ეს მითი ჟურნალისტებთან საუბარში თავადაც არაერთხელ უარყო, ავტობიოგრაფიულ წიგნში კი ხუმრობით აღნიშნა, ავტოფელაცია რომ შემძლებოდა, ლეკვების გასატყავებლად დრო აღარ დამრჩებოდაო.

4. ჯეკ და მეგ უაითები და-ძმა არიან

პოპულარული როკ დუეტის, The White Stripes-ის თაყვანისმცემლების ნაწილს ჯეკ და მეგ უაითები დღემდე და-ძმა ჰგონიათ. ამ ლეგენდის გავრცელებას თავად მუსიკოსებმა შეუწყვეს ხელი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ოჯახში ათი დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსები იყვნენ. 

თუმცა, ეს მხოლოდ მედიის ყურადღების მიპყრობის მიზნით გამოგონილი ისტორია გახლდათ. სინამდვილეში, ჯეკ გილისმა მეგ უაითზე 1996 წელს იქორწინა და მის გვარზეც გადავიდა. წყვილი ერთმანეთს 2000 წელს დაშორდა, თუმცა, ჯეკ უაითი დღემდე ამ სასცენო სახელით მოღვაწეობს. 

3. სიმღერის The House of the Rising Sun ორიგინალი ვერსია ჯგუფ The Animals-ს ეკუთვნის

მელომანების დიდი ნაწილი დღემდე დარწმუნებულია, რომ საკულტო ბალადის The House of the Rising Sun მუსიკა და ტექსტი ჯგუფ The Animals-ის ფრონტმენმა, ერიკ ბერდონმა დაწერა.

სინამდვილეში, 
სიმღერის ნამდვილი ავტორის ვინაობა უცნობია. ყველაზე პოპულარული ვერსიის თანახმად, მისი ტექსტი მე-16 საუკუნის ინგლისურ ბალადას "საბედისწერო თიბვა" ეფუძნება. კომპოზიციის პირველი აუდიოჩანაწერი სათაურით Rising Sun Blues, რომელიც 1933 წლით თარიღდება, ტომ კლარენს ეშლისა და გვენ ფოსტერს ეკუთვნით. ფართო აუდიტორიის ყურადღება კი ნაწარმოებმა 1964 წელს სწორედ The Animals-ის შესრულებით მიიპყრო.

2. ჯინ სიმონსს ქირურგებმა ძროხის ენა გადაუნერგეს

პოპულარული როკ ჯგუფის, Kiss-ის წევრმა, ჯინ სიმონსმა სახელი მუსიკალური კარიერის გარდა, უჩვეულოდ გრძელი ენითაც გაითქვა, რომელსაც თავის დემონურ სასცენო იმიჯს მშვენივრად უხამებდა.

გავრცელებული მითის თანახმად, ამერიკელმა ბასისტმა ასეთ შთამბეჭდავ შედეგებს ქირურგების დახმარებით მიაღწია, რომლებმაც მას, არც მეტი, არც ნაკლები, ძროხის ენა გადაუნერგეს. თუმცა, ადვილად მისახვედრია, რომ ამ ლეგენდას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, თავად სიმონსს კი ეს ყველაფერი სასაცილოდაც არ ჰყოფნის.

1. Stairway to Heaven-ის უკუღმა დაკვრისას სატანისტური გზავნილის მოსმენაა შესაძლებელი

1982 წელს ერთ-ერთი ქრისტიანული სატელევიზიო პროგრამის წამყვანმა, პოლ კრაუჩ უმცროსმა განაცხადა, რომ პოპულარული როკ კომპოზიციების უკუღმა დაკვრის შემთხვევაში, მათში დამალული სატანისტური გზავნილების მოსმენა იყო შესაძლებელი. საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად, მან მაგალითად Led Zeppelin-ის ჰიტი Stairway to Heaven მოიყვანა.

ამ შეთქმულების თეორიას ცოტა ხანში იმდენი მხარდამჭერი გამოუჩნდა, რომ საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, სიმღერის წაღმა და უკუღმა მოსმენისას, მსაჯულებმა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. ბრიტანული კოლექტივის წევრებს ჭორებისათვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, მათმა ლეიბლმა კი ირონიული განცხადება გაავრცელა - ჩვენი ფირსაკრავები ჩანაწერებს მხოლოდ ერთი, სწორი მიმართულებით ატრიალებენო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული