Thumbnail

Björk-მა ნაწარმოები შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იცვლება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ისლანდიელი მუსიკოსი, ბიორკი საკუთარ პროექტებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი ხანია, არ ერიდება. ამჯერად მან ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე სასტუმროსთვის Sister City ჩანაწერი სახელწოდებით Kórsafan შექმნა, რომელშიც უმეტესად თავისი საარქივო, 17 წლის წინ დაწერილი საგუნდო ნაწარმოებები გამოიყენა. არტისტის ნამუშევარი სასტუმროს დერეფანში უწყვეტ რეჟიმში ისმის და Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იცვლება. 

► ნახეთ: Björk-მა სიმღერაზე Losss შექმნილი კლიპი გაავრცელა

კერძოდ, ხელოვნური ინტელექტი შენობის სახურავზე დამაგრებული კამერის საშუალებით ადგენს ამინდის ცვალებადობას, აღიქვამს ღრუბლების მოძრაობას, ატმოსფერულ წნევას, ცაზე თვითმფრინავების ან ჩიტების გამოჩენას და ამის მიხედვით ცვლის გაშვებული კომპოზიციის სტრუქტურას.

Microsoft-სა და სასტუმრო Sister City-ს წარსულშიც უთანამშრომლიათ. 2019 წლის აპრილში ხელოვნური ინტელექტისთვის ნაწარმოები ექსპერიმენტული მუსიკის ჟანრში მოღვაწე არტისტმა, ჯულიანა ბარვიქმა შექმნა. ბიორკმა კი პროექტში ჩართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კულტურული ცენტრის Shed რეზიდენტობის პერიოდში ამ სასტუმროში გუნდ Hamrahlid Choir-თან ერთად დაბინავდა.

ბიორკმა პირველი სტუდიური ჩანაწერი სახელწოდებით Björk ისლანდიაში, 12 წლის ასაკში გამოუშვა. 1993 წელს გამოცემულმა ალბომმა Debut ბიორკს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. შემდეგმა ნამუშევარმა Post კი მისი, როგორც საინტერესო და თვითმყოფადი არტისტის სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა. 2015 წელს ჟურნალმა Time შემსრულებელი ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: It's Oh So Quiet, Army Of Me, All Is Full Of Love, Human Behaviour და Bachelorette მოუტანა. 2017 წელს, SOU ფესტივალის ფარგლებში, მომღერალმა თბილისში, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ორი კონცერტი გამართა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული