Thumbnail

ამა თუ იმ არტისტის ალბომის გარეკანი ზოგჯერ სხვა შემსრულებლის მიერ გამოცემული ჩანაწერის ყდას გვაგონებს. ასეთ დროს, ხშირად უბრალო დამთხვევასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ხანდახან წინასწარ გამიზნულ პაროდიებსა თუ მიბაძვის მცდელობებსაც ვაწყდებით.

ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ასეთ ნამუშევარს იხილავთ.

10. Frank Zappa and Mothers of Invention - We're Only in It for the Money ○ The Beatles - Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band

ფრენკ ზაპასა და მისი კოლექტივის Mothers of Invention მიერ 1968 წელს გამოცემული ალბომის ყდა The Beatles-ის ეპოქალური ნამუშევრის Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band პაროდიაა. საავტორო უფლებების დარღვევის გამო, "ბითლზის" ლეიბლი ამერიკელ მუსიკოსს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, რის გამოც ეს ფოტო დროებით ჩანაწერის შიდა გაფორმების ნაწილად იქცა, გარეკანზე კი მხოლოდ 1972 წელს გადმოინაცვლა.

9. The Residents - Meet the Residents ○ The Beatles - Meet the Beatles!

ჯგუფ The Residents-ის წევრებმა კი ლივერპულური ოთხეულის ალბომის Meet the Beatles! გარეკანზე მუსიკოსების ფოტოსურათებს რქები და ულვაშები მიახატეს და საკუთარი ჩანაწერის Meet the Reisidents ყდად გამოჭიმეს. "ბითლზის" ლეიბლის წარმომადგენლები ისევ უკმაყოფილო დარჩნენ, რის გამოც 1977 წელს გაფორმება შეიცვალა. თუმცა, თავდაპირველმა ვერსიამ თავისი მისია შეასრულა და ექსცენტრიკული კოლექტივის პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა.

8. Madvillain - Madvillainy ○ Madonna - Madonna

საკულტო ჰიპ ჰოპ დუეტის, Madvillain-ის ალბომის გარეკანზე დენიელ დუმილი, იგივე MF DOOM არის გამოსახული. დიზაინერმა ჯეფ ჯენქმა მუშაობის პროცესში აღმოაჩინა, რომ მისი ქმნილება მადონას სადებიუტო ჩანაწერის ყდას ჰგავდა. ამ მსგავსებისთვის ხაზის გასასმელად კი, ფოტოს მარჯვენა ზედა კუთხეში ნარინჯისფერი კვადრატი მიახატა, რომელიც პოპის დედოფლის სახელში ამავე ფერის ასო O-თია შთაგონებული.

7. Vince Staples - Summertime '06 ○ Joy Division - Unknown Pleasures

საკულტო პოსტ პანკ ბენდის, Joy Division-ის შემოქმედება არაერთი თანამედროვე ჰიპ ჰოპ არტისტის შთაგონების წყაროდ იქცა. კომპტონელი რეპერის, ვინს სთეიფლსის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერის გარეკანი სწორედ ამ მანჩესტერული კოლექტივის ალბომის Unknown Pleasures ყდის ინსპირაციითაა შექმნილი, რომელზეც პულსარიდან CP 1919 მიღებული რადიოტალღებია გამოსახული.

6. Childish Gambino - "Awaken, My Love!" ○ Funkadelic - Maggot Brain

Childish Gambino-ს ფსევდონიმით ცნობილი მუსიკოსი, მსახიობი, რეჟისორი და კომიკოსი დონალდ გლოვერი ლეგენდარული Funkadelic-ის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია. ამას მისი მესამე სტუდიური ნამუშევრის გარეკანიც ადასტურებს, რომელიც ამერიკული ფანკ კოლექტივის მიერ 1971 წელს გამოცემული ალბომის Maggot Brain გაფორმებითაა შთაგონებული.

5. Eminem - Kamikaze ○ Beastie Boys - Licensed to Ill

თავისი 2018 წლის ალბომის Kamikaze გაფორმების იდეა ემინემმა ლეგენდარული ამერიკული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, Beastie Boys-ის სადებიუტო ნამუშევრის ყდიდან ისესხა. ნახატის ორიგინალ ვერსიაში ბენდის კუთვნილი "ბოინგ 727"-ია გამოსახული, დეტროიტელი რეპერის ჩანაწერის გარეკანზე კი, სამგზავრო ლაინერის ნაცვლად, საბრძოლო თვითმფრინავს ვხედავთ.

4. Rammstein - Mein Land ○ The Beach Boys - Surfer Girl

Rammstein-ის სინგლზე Mein Land გადაღებულ ვიდეოკლიპში ამ გერმანული ინდასტრიალ მეტალ ჯგუფის წევრები კალიფორნიის სანაპიროზე ნებივრობენ. მის გარეკანზე კი იქაურ პლაჟის კულტურასთან ყველაზე მჭიდროდ ასოცირებული მუსიკალური კოლექტივის, ლეგენდარული სერფ როკ ბენდის, The Beach Boys-ის 1963 წლის ალბომის Surfer Girl ყდის პაროდიას ვხედავთ. 

3. The Clash - London Calling ○ Elvis Presley - Elvis Presley

1979 წელს ნიუ იორკში კონცერტის დროს ლეგენდარული ბრიტანული პანკ კოლექტივის, The Clash-ის ბასისტმა, პოლ სიმონონმა შეიტყო, რომ ორგანიზატორები დამსწრეებს დარბაზში ცეკვის უფლებას არ აძლევდნენ და გაბრაზებულმა გიტარა სცენაზე დაახეთქა. ასე დაიბადა ფოტო, რომელმაც ჯგუფის მესამე ჩანაწერის London Calling გარეკანი დაამშვენა. წარწერის დიზაინი კი მუსიკოსებმა ელვის პრესლის სადებიუტო ნამუშევრიდან ისესხეს.

2. Nas - Illmatic ○ Howard Hanger Trio - A Child is Born

ამერიკელი ჯაზ შემსრულებლის, ჰოვარდ ჰენგერის შემოქმედება დავიწყებისგან 1974 წელს გამოცემული ალბომის A Child Is Born გარეკანმა იხსნა. ის უცნობი გოგონას სურათითაა გაფორმებული, რომლის მკრთალი გამოსახულებაც ქალაქის ლანდშაფტს ერწყმის. Nas-ის ფსევდონიმით ცნობილი რეპერის, ნასირ ჯოუნსის ჩანაწერის Illmatic ყდაზე კი თავად არტისტის ფოტოს ვხედავთ, რომელიც შვიდი წლის ასაკში მამამისმა, ჯაზმენმა ოლუ დარამ გადაუღო. 

1. Gorillaz - Demon Days ○ The Beatles - Let It Be

და ბოლოს, ისევ The Beatles. ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის ალბომების დიზაინი იმდენი არტისტისთვის იქცა შთაგონების წყაროდ, რომ თავისუფლად შეგვეძლო, ცალკე ფოტოგალერეა გაგვეკეთებინა. ამ მხრივ გამონაკლისი არც "ბითლზის" რიგით მეთორმეტე და უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი გახლავთ. Let It Be-ს ყდა ინსპირაციისთვის ათობით ჯგუფმა თუ შემსრულებელმა გამოიყენა. სწორედ მისი გავლენითაა შექმნილი Gorillaz-ის ალბომის Demon Days გარეკანიც.

კომენტარები

ბოლოს დამატებული