Thumbnail

Slipknot-ის კონცერტზე აკრძალული ნივთების ჩამონათვალმა თაყვანისმცემლები გააღიზიანა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკულმა მეტალ ჯგუფმა Slipknot შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, The SSE Hydro-ს არენაზე კონცერტი გამართა. შოუს დაწყებამდე იმ ნივთების სია გამოქვეყნდა, რომელთა შეტანაც მაყურებლებს შენობაში ეკრძალებოდათ. ჩამონათვალმა კოლექტივის თაყვანისმცემელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

► ნახეთ: ჯგუფი Slipknot მოკლემეტრაჟიან ფილმს Pollution ავრცელებს

ლაზერებთან, ფეიერვერკებთან, სანთლებთან და სასტვენებთან ერთად, აკრძალული ნივთების ჩამონათვალში მოხვდა ისეთი აქსესუარები, რომლებიც Slipknot-ის თაყვანისმცემლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის: ლითონის ბალთიანი ქამრები, ჯაჭვები და მისით გაფორმებული ნივთები, ბასრი დაბოლოების მქონე ბეჭდები და წვეტიანი მეტალით გაწყობილი ქურთუკები, ფეხსაცმელები, სამაჯურები, ყელსაბამები ან ქამრები.

"ეს ჩამონათვალი სასაცილოა. სტერეოტიპული შეხედულებაა, რომ მეტალის მსმენელები პოტენციური დამნაშავეები არიან. ბასრი ნივთების აკრძალვა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ ვიქნებით. ყველამ, ვისაც ბილეთი აქვს შეძენილი, იცის, რომ მეტალის მსმენელები ძალიან მეგობრული ადამიანები არიან", - დაწერა Slipknot-ის ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ტვიტერზე.

"მესმის, რომ არენას უსაფრთხოების ნორმები აქვს დაწესებული, რაც სწორია. მაგრამ ჩამონათვალში ქამრის ბალთები და საფულეებიც მოხვდა. ზუსტად ის ნივთებია აკრძალული, რასაც ხალხი ასეთ კონცერტებზე ატარებს. სპეციალურად შევიძინე ლითონის წვეტებით გაფორმებული ფეხსაცმელი და ასეთივე ტყავის ქურთუკი, ახლა კი ჩაცმა არ შემიძლია", - განუცხადა ერთ-ერთმა მსმენელმა ტელეკომპანია STV-ს.

უკმაყოფილო კომენტარებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საკონცერტო სივრცის ადმინისტრაცია:

"ჩვენი მიზანია, ღონისძიებაზე დამსწრეებს აქ ყოფნა სასიამოვნოდ დაამახსოვრდეთ. ამის მიუხედავად, ჩვენთან მოქმედებს აკრძალვები, რაც დაკავშირებულია ღონისძიების სპეციფიკასთან. ეს ყველაფერი არა მხოლოდ დამსწრეთა, არამედ შენობის უსაფრთხოებისთვის არის დაწესებული".

აღსანიშნავია, რომ თავად Slipknot-ის წევრები კონცერტებზე მუდმივად ნიღბებით და ბასრი ლითონით გაწყობილი აქსესუარებით გამოდიან.

გრემის მფლობელი მეტალ ბენდი Slipknot 1995 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი 1999 წელს გამოსცეს. ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ნამუშევარმა Iowa მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული