Thumbnail

მოუსმინეთ: ბრაიან ინომ და მისმა ძმამ, როჯერმა ახალი კომპოზიცია Celeste გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ბრაიან ინომ და მისმა ძმამ, კომპოზიტორმა როჯერ ინომ ახალი კომპოზიცია Celeste გაავრცელეს. ტრეკი მათ მომავალ, საერთო ალბომში Mixing Colours იქნება წარმოდგენილი, რომელსაც გერმანული ლეიბლი Deutsche Grammophon 20 მარტს გამოსცემს.

► მოუსმინეთ: Brian Eno - Everything’s on the Up With the Tories

აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული კომპოზიციების ნაწილზე ძმებმა ჯერ კიდევ 2005 წელს იმუშავეს. ეს მათი პირველი ერთობლივი სტუდიური ჩანაწერი იქნება.

ბრაიან ინომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1971 წელს საკულტო როკ კოლექტივში Roxy Music დაიწყო. თუმცა, ორი ალბომის ჩაწერის შემდეგ, ინომ ჯგუფი დატოვა. მრავალწლიანი სოლო კარიერის განმავლობაში ემბიენთ მუსიკის ერთ-ერთ პიონერს რამდენიმე ათეული სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. სხვადასხვა დროს მას ისეთ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: დევით ბოუი, რობერტ ფრიპი, ჰაროლდ ბადი, ჯონ კეილი, დეიმონ ალბარნი, Talking Heads, Coldplay, U2 და სხვა.

როჯერ ინო კი თავდაპირველად ბრაიან ინოს ალბომის Apollo: Atmospheres and Soundtracks ჩაწერაში მონაწილეობდა. 1985 წელს მან სადებიუტო სოლო სტუდიური ჩანაწერი Voices გამოსცა. მუსიკოსმა კარიერის განმავლობაში ისეთ ცნობილ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: ლუ რიდი, ჯარვის კოკერი, დევიდ გილმორი და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული