Thumbnail

7 ქართული ხალხური საკრავი, რომელთა შესახებ, ალბათ, არ გსმენიათ

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტი მცხეთაში არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი, გედის ძვლისგან დამზადებული სალამურია, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის XV საუკუნით თარიღდება. წერილობით წყაროებში კი ადგილობრივი თუ უცხო კულტურებიდან შემოსული ასზე მეტი საკრავია მოხსენიებული.

ჩვენს სტატიაში შვიდ ქართულ ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტს გაგაცნობთ, რომელთა შესახებ, ალბათ, არასდროს გსმენიათ. ფოტო და აუდიომასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით hangebi.ge-ს. 

7. აბხარცა

აბხარცას სულ ორი სიმი აქვს და საქართველოში გავრცელებული სხვა ხემიანი საკრავებისგან კორპუსის ვიწრო, ნავისებრი ფორმა გამოარჩევს. მთელი ინსტრუმენტის ზომა დაახლოებით სამოცდაათიდან ოთხმოც სანტიმეტრამდე მერყეობს და ის ხის, ძირითადად მურყანის მთლიანი ნაჭრისგან ითლება.

აბხარცა მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე ძირითადად აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში გვხვდებოდა, თუმცა, დღეს ის მხოლოდ ფოლკლორულ ანსამბლებშია შემორჩენილი. ინსტრუმენტი ძირითადად აკომპანემენტისთვის გამოიყენება და მისი თანხლებით ერთ, ორ და სამხმიანი ისტორიულ-საგმირო ან საწესო სიმღერები სრულდება.

მოუსმინეთ ინსტრუმენტის ჟღერადობას

6. წინწილა

წინწილა დაჩხვლეტილ ბრინჯაოს თეფშს წააგავს, რომელიც სარქველითაა დაფარული. მისი დიამეტრი ოციდან ორმოც სანტიმეტრამდე მერყეობს. ამ ინსტრუმენტის ისტორია უხსოვარ წარსულში იკარგება. მისი უძველესი ნიმუშები საქართველოში ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან გვხვდება. 

"ბუკსა ჰკრეს და დაატკბობდეს მათთა ხმათა წინწილანი", - წერს შოთა "ვეფხისტყაოსანში". სულხან-საბა ორბელიანი კი წინწილას "ტკბილ საკრავად" მოიხსენიებს. ინსტრუმენტს ვაწყდებით ბიბლიის ქართულ თარგმანშიც - კერძოდ, პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში: "ადამიანთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვილაპარაკო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ჟღარუნა თითბერი ვიქნები ან მჭექარე წინწილა". 

მოუსმინეთ ინსტრუმენტის ჟღერადობას

5. ჭიბონი

ძირითადად აჭარაში, მესხეთსა და ლაზეთში გავრცელებული ეს უძველესი ქართული საკრავი გუდასტვირის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. მისი სახელწოდება ლაზური სიტყვიდან "ჭიპონი" წარმოდგება, რაც ჭიპიანს ნიშნავს.

ჭიბონი უმეტესწილად სააკომპანემენტო ინსტრუმენტია. მასზე ფანდურის, ჩონგურის ან დოლის თანხლებით საცეკვაო მელოდიები სრულდება. თავის საქმეში დაოსტატებული მეჭიბონეები ქორწილში, წვეულებებსა და ხალხურ დღესასწაულებზე მუდამ სასურველი სტუმრები იყვნენ. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე ორი ან მეტი შემსრულებელი ერთად აღმოჩნდებოდა, როგორც წესი, მათ შორის შეჯიბრი იმართებოდა. დღეს ეს საკრავიც ძირითადად ფოლკლორულ ანსამბლებშია შემორჩენილი. 

მოუსმინეთ ინსტრუმენტის ჟღერადობას

4. პილილი

აჭარასა და ლაზეთში ოდესღაც ფართოდ გავრცელებული პილილი ტყემლის ან დიდგულას ხისგან მზადდებოდა. ხუთი-შვიდი ნახვრეტის მქონე ჩასაბერი ინსტრუმენტის ღერო ოცდახუთი-ოცდათი სანტიმეტრია. საკრავს "წიპილის" სახელით ცნობილი პატარა მილი ერთვის, რომლის სიგრძეც სასურველ ჟღერადობაზეა დამოკიდებული. მისი წარმოშობის ისტორია დღემდე უცნობია. სპეციალისტების ნაწილი ჯიუტად  ამტკიცებს, რომ ის ერთგვარი სახეცვლილი სალამურია, თუმცა, პილილი ჟღერადობით მას ნაკლებად ჰგავს.

პილილს აკომპანემენტს ხან დოლი უწევდა, ხანაც მომღერლების ჯგუფი. მასზე ძირითადად საცეკვაო და სალაღობო სიმღერები სრულდებოდა. თუმცა, დღეს ეს ინსტრუმენტი ყოველდღიური ყოფიდან, ფაქტობრივად, გამქრალია. 

მოუსმინეთ ინსტრუმენტის ჟღერადობას

3. ლარჭემ-სოინარი

ეს ინსტრუმენტი საქართველოში ორი სახელწოდებითაა ცნობილი - სამეგრელოში "ლარჭემით", რაც ლერწამს ნიშნავს, გურიაში კი "სოინარით", რაც ბერძნული სიტყვისგან "სოლინასი" (მილი) წარმოდგება. საკრავი ერთმანეთზე მიწყობილი სხვადასხვა სიგრძის ლერწმის მილებისგან შედგება. ცენტრში გრძელი ღეროები თავსდება, რომლებიც ნაპირებისკენ ზომაში იკლებენ. ასეთი განლაგება მხოლოდ საქართველოსა და ბოლივიაში გვხვდება.

დღესასწაულებსა თუ სხვა საზეიმო დღეებში ამ საკრავზე საცეკვაო მელოდიები სრულდებოდა. სამეგრელოში ერთგვარი შეჯიბრება - "ნირზი" არსებობდა, რომლის დროსაც ორი შემსრულებელი ექვსღერიან ლარჭემს შუაზე ყოფდა და ერთმანეთს გამძლეობასა და ვირტუოზობაში ეპაექრებოდა. 

მოუსმინეთ ინსტრუმენტის ჟღერადობას

2. ჭუნირი

ეს ხემიანი, სამსიმიანი ინსტრუმენტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულ სახელს ატარებს. სვანეთში მას ჭუნირს უწოდებენ, რაჭაში, ხევსურეთსა და თუშეთში კი - ჭიანურს.  თავის დროზე ის ბარშიც იყო გავრცელებული, თუმცა, მე-20 საუკუნის მიწურულიდან მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში შემორჩა. 

ჭუნირის კორპუსის დასამზადებლად წიწვოვანი ხის ჯიშები გამოიყენება, ტარისთვის არყი და მუხა, სიმებისთვის კი ცხენის ძუა. აღსანიშნავია, რომ რაჭაში ორსიმიანი მოდელიც გვხვდება. ამ საკრავზე ძირითადად სარიტუალო, სამგლოვიარო სიმღერები სრულდება, თუმცა, ჭუნირზე ხანდახან დღესასწაულებსა და ქორწილებშიც უკრავენ. 

მოუსმინეთ ინსტრუმენტის ჟღერადობას

1. შიმეკვშე

შიმეკვშე ჩანგის სვანური სახელწოდებაა, რაც "მოხრილ ხელს" ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, ეს საკრავი შვილმკვდარმა მშობელმა შექმნა - ინსტრუმენტის კუთხოვანი კორპუსი გარდაცვლილი ვაჟის მოხრილ ხელს განსახიერებს, სიმები მის თმას, სევდიანი ჟღერადობა კი მამის მწუხარებას. საინტერესოა, რომ ის ფორმით ძალიან ჰგავს ძველი წელთაღრიცხვის 2700 წლით დათარიღებულ შუმერულ არფას. 

შიმეკვშეს კორპუსს ძირითადად წიწვიანი ხის ჯიშებისგან ამზადებდნენ, სიმებად კი ცხენის ძუას იყენებდნენ, რაც დღეს ნეილონის სიმებითაა ჩანაცვლებული. სვანურ კულტურაში ამ ინსტრუმენტისთვის ცალკე რეპერტუარი არ არსებობდა და მასზე ისტორიულ-საგმირო სიმღერებსა თუ იავნანებს ჭუნირთან ერთად ასრულებდნენ.

მოუსმინეთ ინსტრუმენტის ჟღერადობას

კომენტარები

ბოლოს დამატებული