Thumbnail

ლიტერატურული ნაწარმოებებით შთაგონებული 10 კომპოზიცია

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

მუსიკოსებისთვის ლიტერატურა შთაგონების წყაროდ ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან იქცა. პოემები, მოთხრობები თუ რომანები ხომ ინსპირაციისთვის, ფაქტობრივად, ამოუწურავი რესურსია. ცნობილ ნაწარმოებებზე დაყრდნობით ამა თუ იმ ჟანრში მოღვაწე არტისტებმა ასობით სიმღერა ჩაწერეს, რომელთა ნაწილმაც გამორჩეული პოპულარობა და წარმატება მოიპოვა.

ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ასეთ კომპოზიციას წარმოგიდგენთ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. The Rolling Stones - Sympathy for the Devil

ლეგენდარული ბრიტანული როკ ბენდის ვოკალისტ მიკ ჯაგერისთვის ამ კომპოზიციის შექმნისას ინსპირაციის წყაროდ, შარლ ბოდლერის პოეზიასთან ერთად, მიხაილ ბულგაკოვის რომანი "ოსტატი და მარგარიტა" იქცა. ნაწარმოები, რომელშიც საბჭოთა ეპოქის მოსკოვში პროფესორ ვოლანდად გარდასახული სატანისა და მისი ამალის თავგადასავალია აღწერილი. აღსანიშნავია, რომ სიმღერის ტექსტის გამო, რომელიც წყვდიადის მეუფის პერსპექტივიდანაა დაწერილი, კოლექტივის წევრები თავის დროზე ოკულტიზმშიც კი დაადანაშაულეს.

9. Tuxedomoon - The Stranger

ეს ამერიკული კოლექტივი პოსტ პანკ სცენის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი წარმომადგენელია, რომელსაც ძირითადად მრავალგზის გადამღერებული კომპოზიციის In a Manner of Speaking ორიგინალი ვერსიით ვიცნობთ. სიმღერის The Stranger შექმნა კი მუსიკოსებს ცნობილი ფრანგი მწერლის, ალბერ კამიუს თხზულებამ "უცხო" შთააგონა. ნობელიატი ავტორის სადებიუტო რომანი, რომელიც მის შემოქმედებაში აბსურდის ციკლს განეკუთვნება, პიროვნებასა და საზოგადოებას შორის არსებულ გაუცხოებაზე მოგვითხრობს.  

8. Nirvana - Scentless Apprentice

პატრიკ ზიუსკინდის რომანი "სუნამო - ამბავი ერთი მკვლელისა" მის შემოქმედებაში ყველაზე წარმატებული ნამუშევარია, რომლის პოპულარობა რეჟისორ ტომ ტიკვერის ბრწყინვალე ეკრანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ყნოსვის უნიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული და ისეთი სურნელის შეგრძნებაც კი შეუძლია, რომლის შემჩნევას სხვა ადამიანები ვერ ახერხებენ. Nirvana-ს ფრონტმენი კურტ კობეინი ზიუსკინდის რომანს თავის ფავორიტ წიგნად ასახელებდა და სიმღერა Scentless Apprentice სწორედ მისი შთაგონებით შექმნა.

8. David Bowie - 1984

ჯორჯ ორუელის გახმაურებული რომანის გავლენით ლეგენდარულმა ბრიტანელმა არტისტმა, დევიდ ბოუიმ კარიერის სხვადასხვა ეტაპზე რამდენიმე სიმღერა ჩაწერა. მათ შორის ჩვენი სიისთვის მუსიკოსის მერვე სტუდიურ ნამუშევარში Diamond Dogs შესული კომპოზიცია 1984 შევარჩიეთ. ორუელის დისტოპიურ ხედვასა და ფრიც ლანგის საკულტო კინოშედევრის, "მეტროპოლისის" კონცეფციაზე აგებული ამ ალბომის მოტივებზე ბოუის მიუზიკლის დადგმაც სურდა, თუმცა, მწერლის წარმომადგენლებისგან უარი მიიღო და პროექტიც ჩაიშალა.

6. Radiohead - Banana Co

ეპოქალური როკ ბენდის ამ ნაკლებად ცნობილი ნამუშევრის ინსპირაცია კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის რომანი "მარტოობის ასი წელიწადი" გახდა, რომელიც მაგიური რეალიზმის მწვერვალად ითვლება. კომპოზიციის ტექსტში, ბოროტი იმპერიალისტების მიერ ლათინური ამერიკის ბანანის რესპუბლიკებში მცხოვრები ადამიანების ჩაგვრაზე საუბრის გარდა, წიგნის პერსონაჟებსა და სოფელ მაკონდოში განვითარებულ მოვლენებზე პირდაპირი მინიშნებებიც გვხვდება, მათ შორის, ამარანტა ბუენდიაზე, მიწაში დაფლულ საბედისწერო განძზე და სხვა. 

5. Jefferson Airplane - White Rabbit

გრეის სლიკისთვის ამ კომპოზიციის შექმნისას შთაგონების წყაროდ ლუის კეროლის თხზულება "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" იქცა. სიმღერის ტექსტში თეთრი კურდღელი იმ ცნობისმოყვარეობის სიმბოლოდაა გამოყვანილი, რომელმაც ალისას ჯადოსნურ სამყაროში შებიჯებისკენ, გრეისს კი ნარკოტიკების პირველად გასინჯვისკენ უბიძგა. გამოჩენილი ფრანგი კომპოზიტორის, მორის რაველის "ბოლეროს" რიტმებით შთაგონებული ტრეკი, რომელიც კალიფორნიული კოლექტივის საფირმო ნამუშევრად იქცა, ფსიქოდელიური როკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერის სტატუსით სარგებლობს.

4. Elton John - Rocket Man

ის, რომ რეი ბრედბერის სამეცნიერო-ფანტასტიკური თხზულებების კრებულიდან "ტანმოხატული კაცი" ყველაზე დიდი პოპულარობა მოთხრობამ "კოსმონავტი" მოიპოვა, დიდწილად სწორედ ელტონ ჯონის ამ კომპოზიციის დამსახურებაა. სიმღერა, რომლის ტექსტიც მუსიკოსის ათობით ჰიტის თანაავტორმა, ბერნი ტოპინმა დაწერა, კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრზე მოგვითხრობს, რომელსაც დედამიწაზე გული ვარსკვლავებით მოჭედილი ცისკენ მიუწევს, კოსმოსში ყოფნისას კი საკუთარი ოჯახისკენ.

3. Led Zeppelin - The Battle of Evermore

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის შემოქმედებაში ჯონ ტოლკინის ნამუშევრებით შთაგონებული არაერთი კომპოზიცია მოიძებნება, რომელთგანაც ჩვენს სიაში შესატანად The Battle of Evermore შევარჩიეთ. ეს სიმღერა ჯგუფის დისკოგრაფიაში ერთადერთია, რომლის ჩაწერაშიც, რობერტ პლანტთან ერთად, მოწვეული ვოკალისტი სენდი დენი მონაწილეობდა. ტრეკი ტრილოგიის მეორე ნაწილში "ორი ციხე-კოშკი" აღწერილ ჰელმის ხრამის ბრძოლას ეძღვნება და მასში ისეთ პოპულარულ პერსონაჟებზე მინიშნებები გვხვდება, როგორებიც არიან ფროდო, გალადრიელი, ნაზგული და სხვა. 

2. Metallica - For Whom the Bell Tolls

საკულტო თრეშ მეტალ ბენდის ეს კომპოზიცია ერნესტ ჰემინგუეის ამავე სახელწოდების რომანითაა შთაგონებული. "ვის უხმობს ზარი" მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომსა და მასში მოხალისის სტატუსით მონაწილე ამერიკელის, რობერტ ჯორდანის თავგადასავალს აღწერს. ანტისაომარი პათოსით გამსჭვალული სიმღერა, ეფექტური არანჟირებისა და კლიფ ბარტონის ბასის საოცარი პარტიის წყალობით, რომელიც მსმენელთა დიდ ნაწილს დღემდე წამყვან გიტარაში ერევა, კოლექტივის დისკოგრაფიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.

1. The Velvet Underground & Nico - Venus in Furs

ტერმინი "მაზოხიზმი" ავსტრიელი მწერლის, ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის გვარიდან წარმოდგება. მის მიერ 1870 წელს გამოცემულ თხზულებაში "ვენერა ბეწვეულში" ამ სექსუალური პერვერსიისთვის დამახასიათებელი მიდრეკილებები იყო აღწერილი. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ კი, ეს წიგნი ლეგენდარული ამერიკული კოლექტივის The Velvet Underground და გერმანელი მომღერლის, ნიკოს ერთობლივ სადებიუტო ჩანაწერში შესული სიმღერის Venus in Furs შთაგონების წყაროდ იქცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული