Thumbnail

"არავის აინტერესებდა, ვინ ვიყავი, სანამ ნიღაბი არ ავიფარე" - კრისტოფერ ნოლანის საკულტო სურათში "ბნელი რაინდი: აღზევება" გაჟღერებული, ფრთიან გამოთქმად ქცეული ფრაზის ჭეშმარიტება მუსიკის სამყაროში ძალზე ხშირად დადასტურებულა. არტისტები სცენაზე ნიღბით ხან საკუთარი ალტერ ეგოს ეფექტურად წარმოსაჩენად, ხანაც უბრალოდ ინტრიგის გამოსაწვევად გამოდიან. ხშირად კი ეს აქსესუარი მათი იმიჯისა და შემოქმედების განუყოფელი ნაწილი ხდება.

ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ასეთ გამორჩეულ შემსრულებელსა თუ ბენდს წარმოგიდგენთ. სია მხოლოდ ნიღბიანი არტისტებითაა დაკომპლექტებული და მასში მსმენელთა წინაშე მაკიაჟით გამოსვლის მოყვარული მუსიკოსები არ შეგვიყვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ბლექ მეტალ კოლექტივების ჩამოთვლას ვერ ავუვიდოდით.

10. Deadmau5

პოპულარულმა ელექტრონულმა მუსიკოსმა, ჯოელ ტომას ციმერმანმა თინეიჯერობისას პერსონალურ კომპიუტერში მკვდარი თაგვი აღმოაჩინა, რის გამოც თანატოლებმა მას მეტსახელად Dead Мouse შეარქვეს. მოგვიანებით, ჯოელმა ერთ-ერთ ონლაინ ფორუმზე სწორედ ამ ნიქნეიმით სცადა დარეგისტრირება, თუმცა, იმის გამო, რომ სახელის არჩევისას მაქსიმუმ რვა სიმბოლო იყო ნებადართული, ბოლო ორი ასო ხუთიანად გადააკეთა.

ასე შეიქმნა ამერიკელი არტისტის სასცენო ფსევდონიმი, რომელმაც გავლენა მის ვიზუალურ იმიჯზეც იქონია. ციმერმანი ხომ საკუთარ შოუებზე მუდამ თაგვის თავის ფორმის მუზარადით გამოდის. ეს იდეა მუსიკოსს დროზე თავისმა მეგობარმა, ინდასტრიალ კოლექტივის Orgy ფრონტმენმა, ჯეი გორდონმა მიაწოდა.

9. Buckethead

Buckethead-ის ფსევდონიმით ცნობილი ბრაიან პატრიკ ქეროლი არა მხოლოდ ექსცენტრიკული და არაორდინარული პიროვნება, არამედ ნიჭიერი მუსიკოსიცაა. ვირტუოზმა არტისტმა კარიერის განმავლობაში ფანკის, პროგრესივ მეტალის, ალტერნატიული როკის, ემბიენთისა თუ ექსპერიმენტალის ჟანრებში სამასზე მეტი სტუდიური ალბომი გამოსცა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტის წოდებაც მოიპოვა.

ამერიკელი მუსიკოსი მედიის მხრიდან ყურადღებას თავს მაქსიმალურად არიდებს და ინტერვიუებს ძალზე იშვიათად იძლევა. სცენაზე კი საშინელებათა ფილმების სერიის, "ჰელოუინის" მთავარი პერსონაჟის, მაიკლ მაიერსის თეთრი ნიღბითა და KFC-ის კალათით გამოდის, რომელსაც ხშირად წარწერა Funeral (ინგ: დაკრძალვა) ამშვენებს.

8. The Residents

The Residents-ის რიგით მუსიკალურ კოლექტივად მოხსენიება ზედმეტად მშრალი და არაფრისმთქმელი დახასიათება იქნებოდა. ეს მასშტაბური მულტიმედიური პროექტი 1965 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა და დღემდე სამოცზე მეტი ალბომი, ათობით ვიდეორგოლი თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გაავრცელა. აღარაფერს ვამბობთ უამრავ საუნდტრეკსა და ავანგარდულ ექსპერიმენტზე.

ექსცენტრიკული ჯგუფის შემოქმედების თანმდევი სიურრეალისტური ატმოსფერო მისი წევრების სასცენო იმიჯზეცაა ასახული. მუსიკოსები მაყურებელთა წინაშე ყოველთვის არაორდინარული კოსტიუმებისა და აქსესუარების თანხლებით გამოდიან. მათი კლასიკური იმიჯი კი ფრაკს, ხელჯოხსა და თავზე ჩამოცმულ გიგანტურ თვალს აერთიანებს.

7. Orville Peck

Orville Peck ჩვენი სიის ყველაზე ახალბედა წარმომადგენელია. კანადელმა არტისტმა სოლო კარიერა მხოლოდ შარშან, სადებიუტო ალბომის Pony გამოშვებით დაიწყო, რომელმაც კრიტიკოსებისა და მსმენელების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი ალტერ ეგო ქვიარი კოვბოი გახლავთ, რომელიც სახეს ამერიკული ვესტერნების საკულტო პერსონაჟის, მარტოხელა რეინჯერის ნიღბით იფარავს.

გასული წლის ინდი სცენის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა საკუთარ ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელს, თუმცა, ყველაზე დამაჯერებელი ვერსიის თანახმად, ის პანკ ბენდის Nü Sensae დრამერი, დენიელ პიტუ უნდა იყოს. ამ უკანასკნელის ტატუებზე დაკვირვებისა და მათი ორვილ პეკის სვირინგებთან შედარების შემდეგ, ნათელი ხდება, რომ ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებული სულაც არაა.

6. Death in June

ნეოფოლკისა და პოსტ ინდასტრიალის ჟანრებში მოღვაწე პროექტის, Death in June-ის სულისჩამდგმელი დაგლას პირსი, არაკონვენციური ესთეტიკით ცნობილი ამ მუსიკალური მიმდინარეობების კვალობაზეც კი, ზედმეტად უცნაური პიროვნებაა. ის ბავშვობიდანვე იმდენად უჩვეულო ქცევითა და ჩვევებით გამოირჩეოდა, რომ იმედგადაწურულმა მშობლებმა დემონების განდევნის მიზნით ერთხელ ეგზორცისტთანაც კი მიიყვანეს.

საკუთარი შოუების დროს პირსი სცენაზე ყოველთვის შემაძრწუნებელი ნიღბით ჩნდება. მისი ნამუშევრების ვიზუალურ გაფორმებაზე კი, სადაც ერთსა და იმავე დროს ულტრამემარჯვენე სიმბოლიკას, სადომაზოხისტურ სექსუალურ ფეტიშებსა და სკანდინავიური ფოლკლორის ელემენტებს ვაწყდებით, ალბათ, საუბარიც ზედმეტია. 

5. Ghost

2006 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივის წევრებმა სატანისტი პაპისა და მისი ხელქვეითების იმიჯი მოირგეს. ბენდის ფრონტმენი სახეს მხოლოდ შავ-თეთრი მაკიაჟით იფარავს, რის გამოც თაყვანისმცემლებს მისი ამოცნობა არ გასჭირვებიათ. ის შვედი არტისტი, ტობიას ფორგე აღმოჩნდა.

რაც შეეხება ჯგუფის დანარჩენ წევრებს, ისინი ნიღბებს არასდროს იხსნიან. სწორედ ამიტომ, ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც მუსიკოსების ვინაობა გამჟღავნდა, მათ მიერვე ტობიასის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი აღმოჩნდა. ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერა ხომ მხოლოდ ნამდვილი სახელითა და გვარითაა შესაძლებელი. თუმცა, ეს არტისტები ჯგუფის შემადგენლობაში უკვე სხვა შემსრულებლებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც ანონიმურობას ჯერჯერობით წარმატებით ინარჩუნებენ.

4. Pussy Riot

ქალი შემსრულებლებისგან დაკომპლექტებულ ამ კოლექტივს არაერთი ჩაშლილი კონცერტი, დაკავება, სასამართლო პროცესი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შეჩვენებაც კი უკავშირდება. თუმცა, 2011 წელს მოსკოვში ჩამოყალიბებული პანკ ჯგუფის წევრები პროტესტის რადიკალური ფორმებით გამოხატვას არასასურველი ჟურნალისტებისა თუ პოლიტიკოსების თავიდან მოშორებით ცნობილი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის სისხლიანი რეჟიმის პირობებშიც კი არ უშინდებიან.

ბენდის შემოქმედების მთავარი თემები ფემინიზმი, სიტყვის თავისუფლება და ლგბტ თემის უფლებებია, რომელთა ადვოკატირებას ისინი, მუსიკალურ მოღვაწეობასთან ერთად, კონტროვერსიული პერფორმანსებითაც ცდილობენ. ჯგუფის წევრებს სცენასა თუ კლიპებში ყოველთვის ბალაკლავებით ვხედავთ, რაც მათი იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა.

3. Slipknot

ამ ამერიკული კოლექტივის იმიჯს საფუძველი პერკუსიონისტმა შონ ქრეიენმა ჩაუყარა, რომელიც ჯგუფის პირველ რეპეტიციებზე ჯამბაზის ნიღბით ცხადდებოდა. 1997 წლიდან კი გადაწყდა, რომ ბენდის თითოეული წევრი სცენაზე ერთნაირი ტანსაცმლისა და უნიკალური ნიღბის თანხლებით უნდა გამოსულიყო.

თავიდან მუსიკოსებს არა სახელით, არამედ ნოლიდან რვამდე ციფრებით ვიცნობდით, თუმცა, ბასისტ პოლ გრეის გარდაცვალების შემდეგ, ეს ტრადიცია წარსულს ჩაბარდა. ჯგუფის ფრონტმენის, კორი ტეილორის თქმით, ინდივიდუალურ ნიშან-თვისებებზე უარის თქმა და Slipknot-ის ქარხნულ, დაშტამპულ პროდუქტად წარმოჩენის მცდელობა მუსიკალური ინდუსტრიის უკიდურეს კომერციალიზაციაზე მათი პასუხი იყო. 

2. MF DOOM

MF DOOM-ის ფსევდონიმით ცნობილი საკულტო ჰიპ ჰოპ არტისტი, დენიელ დუმილი 1997 წლიდან მსმენელთა წინაშე თავზე ჩამოცმული წინდით გამოდიოდა. თუმცა, ცოტა ხანში არტისტის იმიჯის ეს დეტალი ჯერ "მარველის" კომიქსების ბოროტმოქმედი პერსონაჟის, დოქტორ დუმის ლითონის ნიღაბმა, შემდეგ კი რიდლი სკოტის "გლადიატორის" მთავარი გმირის მუზარადის მსგავსმა აქსესუარმა ჩაანაცვლა,  

მუსიკოსი კამერების წინ ნიღაბს არასდროს იხსნის და ინკოგნიტო ხელოვანის კონცეფციის მიმართ უნიკალური მიდგომა გამოარჩევს. კონცერტებზე თავის ნაცვლად ის ხანდახან სხვა რეპერებს უშვებს და როგორც ამბობს, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს, რადგან MF DOOM დამოუკიდებელი პერსონაჟია და მისი როლის მორგება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

1. Daft Punk

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ელექტრონული დუეტის წევრებმა, ტომა ბანგალტემ და გი-მანუელ დე ომემ-კრისტომ კარიერა როკ ბენდ Darlin'-ის შემადგენლობაში დაიწყეს. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა კრიტიკოსმა მათი შემოქმედება "სულელურ პანკ თრეშად" (Daft punky thrash) მონათლა, არტისტებმა პირველი ორი სიტყვა ახალი პროექტის სახელწოდებად აქციეს, გიტარები კი სინთეზატორებით ჩაანაცვლეს. ასე დაიბადა Daft Punk.

მუსიკოსები თავდაპირველად სცენაზე სხვადასხვაგვარი ნიღბებით გამოდიოდნენ, მეორე სტუდიურ ალბომზე Discovery მუშაობისას კი ახალი იმიჯი მოირგეს, რომელიც ელეგანტურ ჩაცმულობასა და ფუტურისტულ მუზარადებს აერთიანებდა. მუსიკოსების თქმით, ეს სტილი ნაწილობრივ რეჟისორ ბრაიან დე პალმას საკულტო სურათით "სამოთხის აჩრდილი", ნაწილობრივ კი მათი სახელოვანი თანამემამულის, დიდიე მარუანის ჯგუფით Space იყო შთაგონებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული