Thumbnail

საუდელი რეპერი ქალების სიძლიერეზე გარეპვის გამო შესაძლოა, დააკავონ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

საუდის არაბეთის ქალაქ მექის გუბერნატორმა, ხალიდ ალ-ფაისალმა სამართალდამცველ ორგანოებს ადგილობრივი ჰიპ ჰოპ არტისტის, Asayel Slay-ის დაკავებისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ქალმა თავის კომპოზიციაში Bint Makkah ქალაქში მცხოვრები გოგონების სიძლიერესა და სილამაზეზე გარეპა. ტრეკზე გადაღებული კლიპი, რომელიც იუთუბზე გასულ კვირას გავრცელდა, პლატფორმიდან წაშლილია, მუსიკოსის ანგარიში კი დაბლოკილი.

"ყველა გოგოს პატივის ვცემთ, მაგრამ ქალები მექიდან ნამდვილი კანფეტები არიან", - ამბობს არტისტი საკუთარ ნამუშევარში.

კომპოზიციის ვიდეორგოლი კაფეშია გადაღებული, სადაც სლეი მოცეკვავეებთან ერთად იმყოფება.

გუბერნატორი არტისტთან ერთად ყველა იმ ადამიანის დაკავებასა და დაჯარიმებას მოითხოვს, რომლებმაც კლიპის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა. მისი თქმით, ტრეკი და ვიდეო წმინდა ქალაქის მაცხოვრებლების წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს შეურაცხყოფს. ჯერჯერობით უცნობია, რა ზომებს მიიღებენ მუსიკოსთან მიმართებით სამართალდამცველი უწყებები.

ხალიდ ალ-ფაისალის განცხადებას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები მუსიკოსის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ:

"მექიდან ვარ და აქ შეურაცხმყოფელი მხოლოდ თქვენი რასიზმი, მიზოგინია, ახალგაზრდა ქალთან და მის არტისტულ ხედვებთან ომია", - მიმართავენ გუბერნატორს.

"ესაა საუდის არაბეთის ხელისუფლების სახე - ჩამოჰყავთ ცნობილი დასავლელი მუსიკოსები, რათა მიჩქმალონ იმ საუდელ ქალებზე თავდასხმა, რომლებიც ხელოვნების საშუალებით საკუთარი კულტურული იდენტობის გამოხატვას ცდილობენ".

"ეს რასიზმი და სექსიზმია".

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან საუდის არაბეთში კონცერტის გასამართად არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის მერაია ქერი, ნიკი მინაჟი და ჯგუფი BTS მიიწვიეს. მინაჟმა შოუ მას შემდეგ გააუქმა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების გამო, ღონისძიების გამართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული