Thumbnail

ჯეიმს ბონდისთვის დაწერილი კომპოზიციით ბილი აილიშმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

18 წლის პოპულარულმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა, რომელიც კომპოზიციით No Time To Die "ჯეიმს ბონდის" მუსიკალური თემის ყველაზე ახალგაზრდა ავტორ-შემსრულებელი გახდა, კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა - ნამუშევარმა "ჯეიმს ბონდის" ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოახერხა ბრიტანულ ჩარტებში წარმატების მოპოვება.

► ბილი აილიში: ბოლო დროს იმდენი ზიზღი ვიგრძენი, მეტირება

კომპანია Official Charts-ის მონაცემებით, ამ კვირაში ტრეკი ბრიტანეთის სინგლების ჩარტის სათავეში მოექცა. ეს "ჯეიმს ბონდის" ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა მისმა საუნდტრეკმა ასეულში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. აქამდე ეს შედეგი ბრიტანელი მუსიკოსის, სემ სმიტის 2015 წლის კომპოზიციას Writing's on the Wall ჰქონდა მიღწეული. 

გამოსვლიდან პირველ კვირაში No Time To Die-ს 90,000 ეგზემპლარი გაიყიდა. მაშინ, როცა სემ სმიტის კომპოზიციის გაყიდვები ანალოგიურ პერიოდში 70,000 იყო. ამასთან, ონლაინ პლატფორმებზე ბილის სიმღერის მოსმენებმა 10,6 მილიონი შეადგინა. 

ბილი აილიშმა კომპოზიცია პირველად სწორედ გაერთიანებულ სამეფოში, BRIT Awards-ის ცერემონიაზე შეასრულა, სადაც საუკეთესო უცხოელი ქალი არტისტის კატეგორიაში გაიმარჯვა. მას აკომპანემენტს ლეგენდარული გერმანელი კომპოზიტორი, ჰანს ციმერი, ბილის ძმა ფინიასი და ბრიტანელი მუსიკოსი, ჯონი მარი უწევდნენ. 

აღსანიშნავია, რომ "ჯეიმს ბონდის" რიგით 25-ე, ამავე სახელწოდების ფილმი კინოეკრანებზე 10 აპრილს გამოვა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული