Thumbnail

ნიკ ქეივი: ამ სიმღერას ჯადოსნური ძალა აქვს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა საკუთარ ვებგვერდზე Red Hand Files თაყვანისმცემლების შეკითხვებს უპასუხა. რამდენიმე მსმენელი დაინტერესდა, რის შესახებ იყო მისი კომპოზიცია Girl In Amber.

► ნიკ ქეივი: ქანიე ვესთი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი არტისტია

► ნიკ ქეივი: გეტყვით, რა პრობლემები შემიქმნა ნარკოტიკებმა

► ნიკ ქეივმა წერილი მისწერა თაყვანისმცემელს, რომელსაც დედა ტერორისტმა მოუკლა

"ამ სიმღერას განსაკუთრებული, შეიძლება, ითქვას, ჯადოსნული ძალა აქვს. 2014 წელს პარიზში, უორენ ელისის სამზარეულოში ვიჯექი. მაგიდაზე ობობის გამოსახულების მქონე მინის ნაკეთობა იდგა. მის შემყურეს გონებაში სიმღერის სახელწოდება Girl In Amber ამომიტივტივდა. ძალიან გამიხარდა, რადგან მიჭირს ხოლმე სათაურების მოფიქრება. ამ ფრაზამ გამახსენა ადამიანები, რომლებიც სრულ სტაგნაციაში იმყოფებიან, სამუდამოდ წარსულში არიან დარჩენილები. კონკრეტულად ვინმესთვის ეს კომპოზიცია არ მიმიძღვნია", - გაიხსენა მუსიკოსმა.

ამის შემდეგ ქეივის 15 წლის შვილი გარდაიცვალა, რამაც არტისტისთვის სიმღერას სხვა დატვირთვა შესძინა. შეგახსენებთ, რომ შემსრულებლის ვაჟი, არტური 2015 წელს ინგლისის ქალაქ ბრაიტონში 18 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა.

"ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ პარიზის ერთ-ერთ სტუდიაში ალბომის Skeleton Tree დასრულებას ვცდილობდი. ჩემი ცხოვრება რადიკალურად იყო შეცვლილი. ვიჯექით და ვუსმენდით სიმღერებს, რომლებზეც მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. Girl In Amber-მა ჩემში დიდი ემოცია გამოიწვია. მივხვდი, რომ ეს ტრეკი ჩემს ცოლზე, სიუზიზე იყო, რომელიც საშინელ ტკივილსა და დარდს გრძნობდა. კომპოზიციას ფრაზა Your little blue-eyed boy (შენი პატარა ლურჯთვალება ბიჭი) დავუმატე, დანარჩენი არაფერი შემიცვლია. 

როდესაც ის კონცერტზე პირველად შევასრულე, უფრო კარგად გავიაზრე, რა საშინელი ცხოვრება მქონდა. ჩემი ცოლი კვლავ საკუთარი მწუხარების ტყვე იყო. მინდა, მჯეროდეს, რომ Girl In Amber რაღაც ფორმით დაგვეხმარა მე და სიუზის, რომ ცხოვრების გაგრძელება მოგვეხერხებინა", - წერს ნიკ ქეივი.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული