Thumbnail

კლასიკური მუსიკით შთაგონებული 10 კომპოზიცია

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

პოპულარული შემსრულებლები შთაგონებისთვის კლასიკურ მუსიკას საკმაოდ ხშირად მიმართავენ. მოცარტის, ბახისა თუ ბეთჰოვენის უკვდავი მელოდიების გამოყენება ნამუშევრის წარმატების ალბათობას ხომ ცალსახად ზრდის. ამასთან ერთად, კომპოზიტორის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მისი შემოქმედება საჯარო ინტელექტუალური საკუთრების სტატუსს იძენს და არტისტებს საავტორო უფლებებთან დაკავშირებული თავის ტკივილიც ეხსნებათ.

ნახე სრული ფლეილისტი 

ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ასეთ გამორჩეულ კომპოზიციას შემოგთავაზებთ. სიაში მხოლოდ ისეთი სიმღერები შევიტანეთ, რომელთა კავშირი კლასიკურ ნაწარმოებებთან კითხვებს არ აჩენს. საპირისპირო შემთხვევის მაგალითად ანტონ ბრუკნერის მე-5 სიმფონიის ნაწყვეტის მოყვანა შეგვიძლია. ალბათ, თავადაც მიხვდებით, The White Stripes-ის რომელი ჰიტი გვაქვს მხედველობაში.

10. Julian Casablancas + The Voidz - Human Sadness

ამერიკული როკ კოლექტივის სადებიუტო სინგლი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის "რეკვიემის" მელოდიაზეა აგებული. გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის ნამუშევარზე დაყრდნობით მუსიკოსებმა ნეოფსიქოდელიის, ნოიზის, ალტერნატივისა და ექსპერიმენტული პოპის არაჩვეულებრივი სინთეზი შემოგვთავაზეს. სიმღერის ტექსტი კი ჯგუფის ფრონტმენის, ჯულიან კასაბლანკასისა და მისი მამის რთული ურთიერთობითაა შთაგონებული.

9. Blonde Redhead - For the Damaged Coda

2000 წელს გამოცემულ ამ კომპოზიციას წარმატება ანიმაციური ტელესერიალის, "რიკი და მორტის" მუსიკალურ თემად გამოყენებამ მოუტანა. მისი შექმნისას ამერიკული დრიმ პოპ კოლექტივის წევრებისთვის შთაგონების წყაროდ ფრედერიკ შოპენის შემოქმედება იქცა. ჩანაწერის სევდითა და ირონიით სავსე მელოდია სწორედ ლეგენდარული პოლონელი კომპოზიტორის "ნოქტიურნზეა" დაფუძნებული.

8. Nas - I Can

ჰიპ ჰოპ არტისტების შემოქმედებაში კლასიკური მუსიკიდან აღებული სემპლები საკმაოდ ხშირად გვხვდება. ამ მხრივ სხვებს არც Nas-ის ფსევდონიმით ცნობილი ლეგენდარული რეპერი, ნასირ ჯოუნსი ჩამორჩება. მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებული პოპულარობით მეექვსე სტუდიურ ალბომში God’s Son შესული ჰიტი I Can სარგებლობს, რომელშიც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის უკვდავი ნაწარმოები "ელიზესთვის" ჟღერს. 

7. Muse - Space Dementia

ამ ჯგუფის ჩანაწერებში ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან ნასესხებ მელოდიებს ხშირად ვაწყდებით. ეს გასაკვირი სულაც არ არის იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კოლექტივის ფრონტმენი, მეთიუ ჯეიმს ბელამი კლასიკური განათლების მქონე პიანისტია, რომელიც ინსტრუმენტს ექვსი წლის ასაკიდან მიუჯდა. ჩვენს სიაში შესატანად კი სიმღერა Space Dementia შევარჩიეთ, რომელიც სერგეი რახმანინოვის მე-2 საფორტეპიანო კონცერტითაა შთაგონებული.

6. Flying Lotus - Puppet Talk

ერიკ სატის მიერ 1888 წელს შექმნილი ნამუშევრების ციკლი "სამი გიმნოპედია" შთაგონების წყაროდ არაერთი მუსიკოსისთვის იქცა. ფრანგი იმპრესიონისტი კომპოზიტორის ამ ნაწარმოებისთვის დამახასიათებელმა უნიკალურმა ესთეტიკამ ელექტრონული მუსიკის ექსცენტრიკული ჯადოქარი, სტივენ ელისონიც მოხიბლა. Flying Lotus-ის ფსევდონიმით ცნობილი არტისტის კომპოზიცია სწორედ სატის "პირველი გიმნოპედიის" მელოდიაზეა დაფუძნებული.

5. Radiohead - Exit Music (For a Film)

კოლეგებისგან იდეებს ზოგჯერ ლეგენდარული "რედიოჰედის" წევრებიც სესხულობენ. ბრიტანული ჯგუფის ფრონტმენმა, ტომ იორკმა ეპოქალურ ალბომში OK Computer შესული ამ კომპოზიციის ტექსტი უილიამ შექსპირის ტრაგედიის "რომეო და ჯულიეტა" შთაგონებით დაწერა. მელოდია კი პოლონელი კომპოზიტორის, რომანტიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, ფრიდერიკ შოპენის მე-4 პრელუდიის გავლენითაა შექმნილი. 

4. The Beatles - Because

ლივერპულური ოთხეულის ეს ნაკლებად ცნობილი სიმღერა გერმანელი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის "მთვარის სონატას" ეფუძნება. ერთხელ ჯონ ლენონი იოკო ონოს მიერ ფორტეპიანოზე მის შესრულებას შეესწრო. მუსიკოსმა ცოლს ნაწარმოების უკუღმა დაკვრა სთხოვა. შედეგად მიღებული აკორდების პროგრესია კი, მცირე ცვლილებებით, ალბომში Abbey Road შესული ტრეკის Because წამყვან მელოდიად იქცა.

3. Public Image Ltd - Death Disco

დისკოს ჟანრში სიმღერის ჩაწერა ჯონ ლაიდონს კიბოთი დაავადებულმა დედამ სთხოვა. მუსიკოსმა მისი სურვილი შეასრულა და საკუთარ დისკოგრაფიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარის შექმნა. შიშით, ისტერიითა და სასოწარკვეთით სავსე ამ კომპოზიციაში პიოტრ ჩაიკოვსკის "გედების ტბის" მელოდიის ორიგინალურ ინტერპრეტაციას ვხვდებით, რომელიც  გიტარისტ კით ლევენს ეკუთვნის. ლაიდონის თქმით, ჩანაწერი მან პირველად დედას მოასმენინა, რომელიც ძალიან კმაყოფილი დარჩა და სიკვდილსაც მშვიდად შეხვდა.

2. Elvis Presley - Can't Help Falling in Love

ელვის პრესლის ეს ჰიტი მე-18 საუკუნეში მოღვაწე ფრანგი კომპოზიტორის, ჟან-პოლ მარტინის რომანსს "სიყვარულის სიხარული" ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულ არტისტს სიმღერა თავიდან დიდად არ მოსწონდა და მის შესრულებაზეც მხოლოდ ფილმის "ცისფერი ჰავაი" გასაფორმებლად დათანხმდა. თუმცა, საბოლოოდ, ის პრესლის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად იქცა, რომლითაც მუსიკოსის კონცერტების უმეტესობა სრულდებოდა. 

1. Procol Harum - A Whiter Shade of Pale

ამ ბრიტანული ჯგუფის შემოქმედებაში არაერთი ბრწყინვალე კომპოზიცია მოიძებნება, თუმცა, პოპულარობით A Whiter Shade of Pale-ს ვერცერთი შეედრება. კოლექტივის ფრონტმენმა, გარი ბრუკერმა სიმღერის მელოდია იოჰან სებასტიან ბახის მე-3 საორკესტრო სიუიტის ავგუსტ ვილჰელმისეული არანჟირებიდან ისესხა. ნამუშევარმა საკულტო სტატუსი მოიპოვა და ათ მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა, რაც მას მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სადებიუტო სინგლად აქცევს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული