Thumbnail

პაულო კოელიო: ვისაც BTS სძულს, სინამდვილეში სურს, მათ ჰგავდეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ბრაზილიელმა მწერალმა, პაულო კოელიომ პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის მხარდასაჭერად ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კოლექტივის მოძულეების შესახებ დაწერა:

► Green Day-მ და BTS-მა კორონავირუსის გამო აზიაში კონცერტები გააუქმეს

► Cardi B და ბრუნო მარსი BTS-ს მადლობას უხდიან

"ჰეითერები დაბნეული თაყვანისმცემლები არიან, რომლებსაც სურთ, თქვენ გგავდნენ".

მწერალმა აგრეთვე იასამნისფერი გულის ემოჯები გამოაქვეყნა, რაც "ბითიესსა" და მის ფანდომში ნდობის, სიყვარულისა და მხარდაჭერის სიმბოლოდ ითვლება.

კოელიოს სიტყვებმა CNN-ის ჟურნალისტი, ქრის ქუომო დააბნია, რომელმაც პოსტის კომენტარებში დაწერა:

"პირველი შემთხვევაა, როცა ამ დიდებულ მწერალსა და მოაზროვნეს არ ვეთანხმები".

კოელიომ მას უპასუხა:

"მადლობა ასეთი პირდაპირობისთვის. მე კორეულ ჯგუფს, BTS-ს ვგულისხმობდი, რომელიც გამუდმებით თავდასხმის ობიექტია იმის გამო, რომ პლანეტის ყველაზე წარმატებული ბენდია. სწორედ ამის გამო დავწერე მათი სიმბოლოც - გულები".

ამის შემდეგ ტელეჟურნალისტმა "ბითიესის" მოძულეები თავადაც გააკრიტიკა:

"ვინც ამ არტისტების მიმართ სიძულვილს გამოხატავს, ვერ იტანს ვერც სიმართლეს, ვერც სიყვარულს და ვერც სხვა მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეულ გაგებას".

პაულო კოელიო BTS-ის თაყვანისმცემელია. 2019 წელს, როცა ბიჭები ტურნეს Love Yourself: Speak Yourself ფარგლებში ბრაზილიას ესტუმრნენ, მწერალმა ტვიტერზე დაწერა:

"დატკბით ბრაზილიაში ყოფნით, ბიჭებო. მე და ჩემს ქვეყანას გვიყვარს თქვენი მუსიკა". 

თანამედროვეობის ერთ-ერთი პოპულარული ავტორის შემოქმედება არაერთ წარმატებულ ნაწარმოებს მოიცავს, მათ შორისაა რომანები: "ალქიმიკოსი", "პორტობელოელი ჯადოქარი", "ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა", "ეშმაკი და სენიორიტა პრიმი", "თერთმეტი წუთი" და სხვა. 

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული