Thumbnail

სხვა ენაზე შესრულებული 10 ცნობილი კომპოზიცია

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

პოპულარული არტისტების კომპოზიციები სხვადასხვა ენაზე არაერთხელ გადაუმღერებიათ. როგორც წესი, ამას ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრები მათი ნაკლებად წარმატებული კოლეგები აკეთებენ, თუმცა, ზოგჯერ ორიგინალისგან განსხვავებულ ენაზე ჩაწერილ თავისივე სიმღერებს თავად მუსიკის ვარსკვლავები გვთავაზობენ. 

ნახეთ სრული ფლეილისტი

ჩვენს სიაში სწორედ ათ ასეთ გამორჩეულ ნამუშევარს წარმოგიდგენთ.

10. Blur - To the End (French Version)

ლონდონური ბრიტპოპ კოლექტივის ამ კომპოზიციის ორიგინალ ვერსიაში ტექსტის დიდი ნაწილი მუსიკოსებისთვის მშობლიურ, ინგლისურ ენაზეა დაწერილი, მცირე მონაკვეთი კი, რომელსაც საკულტო არტ პოპ ბენდის, Stereolab-ის წევრი, ლეტისია სადიე ასრულებს, ფრანგულად.

მოგვიანებით Blur-მა სიმღერა მხოლოდ ფრანგულენოვანი ტექსტის თანხლებითაც ჩაწერა. 1995 წელს კი ტრეკის კიდევ ერთი, ორენოვანი ვერსია გამოიცა სახელწოდებით To the End (La Comedie), რომლის ჩაწერისას დეიმონ ალბარნსა და კომპანიას პარტნიორობა ლეგენდარულმა ფრანგმა არტისტმა, ფრანსუაზა არდიმ გაუწია.

9. Nena - 99 Red Balloons

გერმანული ჯგუფის გიტარისტს, კარლო კარგესს ამ კომპოზიციის შექმნა The Rolling Stones-ის მიერ ბერლინში 1982 წელს გამართულმა კონცერტმა შთააგონა. შოუს დასასრულს ცაში გაშვებული ბუშტები მუსიკოსმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს მიამსგავსა და წარმოიდგინა, რა მოხდებოდა, მათ რომ კედლის მეორე მხარეს, აღმოსავლეთ გერმანიაში გადაეფრინათ.

სიმღერის 99 Luftballons გამოცემიდან მცირე ხანში კოლექტივმა მისი ინგლისურენოვანი ვერსიაც გაავრცელა. თუმცა, მუსიკოსები ჩანაწერით უკმაყოფილო დარჩნენ. მათი აზრით, თარგმანში კომპოზიცია სულელურად ჟღერდა და ამიტომაც კონცერტებზე მას ყოველთვის გერმანულ ენაზე ასრულებდნენ.

8. ABBA - Waterloo

შვედური პოპ ბენდისთვის Waterloo პირველი სინგლი იყო, რომელიც ABBA-ს სახელით გამოიცა. 1974 წელს ჯგუფმა "ევროვიზიის" კონკურსზე სწორედ ამ კომპოზიციით მიიღო მონაწილეობა და მშობლიურ ქვეყანას პირველი გამარჯვებაც მოუტანა, რამაც მათი შემდგომი საერთაშორისო პოპულარობა განაპირობა.

მოგვიანებით მუსიკოსებმა ნამუშევარი გერმანულშვედურ და ფრანგულ ენებზეც ჩაწერეს. აღსანიშნავია, რომ ფრანგულენოვანი ვერსიის შექმნაში კოლექტივს პარტნიორობა მიუზიკლის "საბრალონი" ავტორმა, ლეგენდარულმა კლოდ-მიშელ შონბერგმა გაუწია.

7. The Rolling Stones - Con Le Mie Lacrime

მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი ფიქრობდნენ, რომ As Tears Go By მათ მიერ შექმნილი ერთ-ერთი უსუსტესი სიმღერა იყო. თუმცა ლეგენდარული როკ ჯგუფის მენეჯერმა, ენდრიუ ოლდემმა მუსიკოსები დაარწმუნა, რომ საქმე პოტენციურ ჰიტთან ჰქონდათ. როგორც აღმოჩნდა, ოლდემი ამ შეფასებაში არ შემცდარა. 

მარტოსული ქალის პერსპექტივიდან დაწერილი კომპოზიცია თავდაპირველად 1964 წელს ჯაგერის იმდროინდელმა მეგობარმა გოგონამ, პოპულარულმა შემსრულებელმა, მერიან ფეითფულმა ჩაწერა. ბრიტანული კოლექტივის სინგლმა და მისმა იტალიურენოვანმა ვერსიამ კი მზის სინათლე მომდევნო წელს იხილა.

6. Einstürzende Neubauten - Blume

დასავლეთ ბერლინში 1980 წელს ჩამოყალიბებულმა პოსტინდასტრიალ კოლექტივმა თავის მეექვსე სტუდიურ ალბომში Tabula Rasa შესული ეს კომპოზიცია ოთხ - გერმანულ, ფრანგულიაპონურ და ინგლისურ ენებზე ჩაწერა. ნამუშევრის თითოეული ვერსიის შექმნაში მონაწილეობა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ანიტა ლეინმა მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ ლეინი მცირე დროის განმავლობაში ლეგენდარული ავსტრალიელი არტისტის, ნიკ ქეივის როკ ჯგუფის The Bad Seeds წევრი გახლდათ, რომელშიც Einstürzende Neubauten-ის ფრონტმენი, ბლიქსა ბარგელდიც მოღვაწეობდა. 

5. Beyonce - Si Yo Fuera un Chico

ბიონსე ნოულს-კარტერს საკუთარი კომპოზიციები ესპანურ ენაზე არაერთხელ გადაუმღერებია, თუმცა, განსაკუთრებით ეფექტურად ამერიკელ სუპერვარსკვლავს ეს 2008 წელს ჩაწერილი ნამუშევრის If I Were a Boy შემთხვევაში გამოუვიდა.

მექსიკასა და ესპანეთში სახელწოდებით Si Yo Fuera un Chico გამოცემულ სინგლს ესპანური ტექსტი იმდენად ორგანულად მოერგო, თითქოს თავიდანვე ამ ენაზე იყო დაწერილი. ეს ჩანაწერი სიმღერის ორიგინალ ვერსიას ტოლს ოდნავადაც არ უდებს და ბიონსეს მძლავრი ვოკალისა თუ უფრო ემოციური შესრულების წყალობით, შეიძლება ითქვას, რომ სჯობს კიდეც.

4. Kylie Minogue - Fie Toi Á Moi

კომპოზიცია Confide in Me კაილი მინოუგის სოლო დისკოგრაფიაში, ალბათ, ყველაზე კარგი ნამუშევარია. ავსტრალიელი პოპვარსკვლავის მიერ შესრულებული, უნაკლო არანჟირებით გამორჩეული მულტიჟანრული ჩანაწერი 1994 წლის ჰიტად და კრიტიკოსების ფავორიტად იქცა.

სტანდარტული პოპ შაბლონებისგან შორს მდგომი კომპოზიცია სავსებით სამართლიანად ითვლება გასული საუკუნის 90-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო სინგლად. სიმღერის ერთ-ერთ რემიქსში კაილიმ ტექსტი ფრანგულ ენაზე იმღერა, რაც მის ხმის ტემბრსა და შესრულების სპეციფიკურ მანერას ძალზე მოუხდა.

3. The Beatles - Komm Gib Mir Deine Hand

ლივერპულური ოთხეულის კარიერაში ყველაზე გაყიდვადი სინგლის I Want to Hold Your Hand გერმანულ ენაზე ჩაწერის იდეა ლეიბლ EMI-ის მესვეურებს გაუჩნდათ. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ვერც ეს კომპოზიცია და ვერც ჯგუფის პირველი ოქროს სტატუსის მქონე ტრეკი She Loves You ამ ევროპულ ქვეყანაში წარმატებას სხვა გზით ვერაფრით მიაღწევდა.

The Beatles-ის წევრები, რომლებიც ტურნეს ფარგლებში პარიზში იმყოფებოდნენ, ამ გადაწყვეტილებას სიხარულით არ შეგებებიან, თუმცა ჯგუფის პროდიუსერმა, ჯორჯ მარტინმა მუსიკოსები მის მართებულობაში დაარწმუნა. ასე მოევლინა სამყაროს ლეგენდარული კოლექტივის ორი გერმანულენოვანი ნამუშევარი Komm Gib Mier Deine Hand და Sie Liebt Dich.

2. Kraftwerk - Dentaku

რიგით მერვე სტუდიური ალბომის Computer World მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნესთვის ლეგენდარულმა დიუსელდორფულმა კოლექტივმა ნამუშევარში შესული კომპოზიციის Pocket Calculator გერმანულიფრანგული, იტალიური და იაპონური ვერსიები ჩაწერა. მათ შორის ყველაზე საინტერესოდ სწორედ ეს უკანასკნელი ჟღერს, რომელიც ამომავალი მზის ქვეყანაში სახელწოდებით Dentaku გამოიცა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა სინგლის პრომოუშენისთვის მახვილგონივრულ ხერხს მიაგნო და Casio-ს ფირმის კალკულატორისა და მუსიკალური სინთეზატორის ჰიბრიდი მოწყობილობა გამოუშვა, რომელიც Krafwerk-ის თაყვანისმცემლების კოლექციებში ერთ-ერთ უძვირფასეს ექსპონატად ითვლება.

1. David Bowie - Ragazzo Solo, Ragazza Sola

როდესაც 1970 წელს იტალიელმა არტისტებმა დევიდ ბოუის ჰიტის Space Oddity რამდენიმე ქავერი გაავრცელეს, მისი ლეიბლის ხელმძღვანელებმა იფიქრეს, რომ ეს ამ ქვეყანაში სინგლის გაყიდვებს შეამცირებდა და ლეგენდარულ მუსიკოსს კომპოზიციის იტალიურენოვანი ვერსიის ჩაწერისკენ უბიძგეს.

ყველა მელომანისთვის კარგად ცნობილი სიმღერის ტექსტი საგრძნობლადაა შეცვლილი. მაიორი ტომის კოსმოსური თავგადასავლის ნაცვლად, მასში სიყვარულის ისტორიაა აღწერილი. კომპოზიციის ლირიკა მოგოლის ფსევდონიმით ცნობილ ჯულიო რაპეტის ეკუთვნის, რომელიც ადრიანო ჩელენტანოს, ჯანი მორანდისა და იტალიური ესტრადის სხვა ვარსკვლავების არაერთი ჰიტის თანაავტორია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული