Thumbnail

ნათია მეგრელიძის (N ice) 5 საყვარელი სიმღერა

ჰიპ ჰოპ არტისტ ნათია მეგრელიძის, სასცენო სახელით N ice, 5 საყვარელი კომპოზიცია. 

ძალიან გამიჭირდა მხოლოდ და მხოლოდ 5 კომპოზიციის არჩევა, რადგან უამრავი საყვარელი სიმღერა მაქვს სხვადასხვა ჟანრიდან. ისიც ვიცი, რომ გემოვნება იცვლება და დარწმუნებული ვარ, ეს სიაც მალე შეიცვლება და ჩანაცვლდება. თუმცა, ამ მომენტისთვის ყველაზე ხშირად აქ ჩამოთვლილ კომპოზიციებს ვუსმენ.

5. The Cure - The Holy Hour

ეს ჯგუფი, რომ არ დავმალო, არც ისე დიდი ხნის აღმოჩენილი მყავს, თუმცა, მოსმენისთანავე დავუჭირე მუღამი. თვითონ ეს ტრეკი ძალიან მეესთეტიკურება, თანაც ისეთი ინსტრუმენტალი აქვს, ჩვეულებრივად იკითხება რეჩიტატივი. რამდენიმე თვის წინ დავწერე კიდეც ინგლისურად პატარა ტექსტი, მისამღერებამდე. ზოგადად ახასიათებთ ეგ, გრძელი ინტროები, მრავალფეროვანი ჟღერადობით.

4. Guns N’ Roses - Sweet Child O'Mine

ეს სიმღერა ყოველთვის ნოსტალგიაში მაგდებს. ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან ვუსმენ და ყოველ მოსმენაზე ხელახლა ვბრუნდები ძველ დროში. ზოგადად, მაგრად მომწონს ამ ჯგუფის სიმღერები, თუმცა Sweet Child O'Mine ჩემთვის ფავორიტია. ცალკე სოლო არის სასწაული მოსასმენი. მოკლედ, ყველაფერი ერთად ამ კომპოზიციაში არის სრული სიგიჟე და სილამაზე.

3. Craig Mack - Get Down

ეს არტისტი ჩემთვის ძალიან გამორჩეულია, საკუთარი flava და წაკითხვის მანერა აქვს. მართალია, ტრეკების უმეტესობა ერთ სტილში აქვს და რაღაცნაირი საერთო ჟღერადობა დაჰკრავს, მაგრამ კონკრეტულად Get Down არის განსაკუთრებულად საინტერესო ჩემთვის. სასწაულად კითხულობს და ბითიც ყველაფერს აგვირგვინებს. ზოგადად, ბუმ ბეფიდან, ალბათ, ამ კონკრეტულ ტრეკს გამოვარჩევდი.

2. The Game, 50 Cent - Hate It Or Love It

არც The Game-ის და არც 50 Cent-ის დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ ეს კომპოზიცია სასწაულად მიყვარს. ალბათ უფრო ნოსტალგიის გამო, რომელშიც ის მაგდებს. ბავშვობაში მიყვარდა, ვაიბიც თავისებური აქვს, შინაარსიც მომწონს და მსუბუქი ინსტრუმენტალიც. მოკლედ, ყველაფერი იდეალურადაა. პირდაპირ 2000-იანებში მაგდებს და ეგაა ამ ტრეკის მთავარი ეშხი.

1. J. Cole - 4 Your Eyez Only

ამ სიაში J. Cole როგორ უნდა გამომრჩეს. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი არტისტია, კონკრეტულად ეს ტრეკი კი ძალიან ემოციურია. მიყვარს მსგავსი ჟღერადობისა და შინაარსის სიმღერები. რამდენჯერაც არ უნდა მოვუსმინო, იმდენჯერ თავიდან განვიცდი არტისტის ისტორიას და ემოციურად მოქმედებს ჩემზე. ვაფასებ სთორითელინგს ჰიპ ჰოპში, ასწორებს. ვფიქრობ, ქოულს ეს ძალიან კარგად გამოსდის.

კომენტარები

ბოლოს დამატებული