Thumbnail

ბილი აილიში: ჩემი სხეული არ გინახავთ, მაგრამ მაინც განმსჯით. რატომ?

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა თავისი სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go? მხარდამჭერი მსოფლიო ტურნე ქალაქ მაიამით დაიწყო. კონცერტი ბილიმ მოკლე ვიდეორგოლით გახსნა, რომელშიც ის ტანსაცმელს ნელ-ნელა იხდის და საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით საზოგადოების შეხედულებებზე საუბრობს.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ბილი აილიშს?

►  ბილი აილიშის ძმა პასუხობს ჭორს, რომ წარმატებას მშობლების კავშირებით მიაღწიეს

"თქვენ აფასებთ ჩემს მოსაზრებებს, მუსიკას, ტანსაცმელს, სხეულს. ზოგს სძულს, რაც მაცვია, ზოგს კი მოსწონს, ზოგი თვლის, რომ უნდა დამცინოს ჩაცმულობის გამო. ვგრძნობ, როგორ მაკვირდებით, მაშტერდებით, როგორ მიწუნებთ - თქვენს ამ შეხედულებებს რომ ყურადღებას ვაქცევდე, მოძრაობის უნარს დავკარგავდი. გინდათ, რომ უფრო გამხდარი ვიყო? სუსტი? მაღალი? მშვიდი? გინდა, გამოგიწვიოს ჩემმა მხრებმა, გულმკერდმა, მუცელმა თუ თეძოებმა? სხეული, რომელშიც დავიბადე, არაა ისეთი, როგორიც გინდოდა, ყოფილიყო? თუ მაცვია ის, რაც კომფორტულია, ქალი არ ვარ. თუ სამოსს ვიხდი, ბო*ი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ჩემი ტანი არ გინახავთ, მაინც განმსჯით. რატომ?", - ამბობს 18 წლის მუსიკოსი ვიდეოში.

ბილი აილიში 2020 წლის მსოფლიო ტურნეს 7 სექტემბერს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში დაასრულებს.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული