Thumbnail

კორონავირუსის შესახებ დაწერილი 8 უცნაური კომპოზიცია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ახალი კორონავირუსის პანდემია არაერთ სფეროს, მათ შორის მუსიკალურ ინდუსტრიას შეეხო. მსოფლიოში უკვე არაერთი ფესტივალი, ტურნე თუ კონცერტი გაუქმდა. ვირუსის გავრცელებას მუსიკოსთა ნაწილი ნამუშევრებით გამოეხმაურა. კომპოზიციების მოსმენის შემდეგ შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ზოგიერთი არტისტი Covid19-ის გავრცელებას საკმაოდ არასერიოზულად უყურებს.

► ნახეთ: კორონავირუსის გამო გაუქმებული ფესტივალები და კონცერტები

► ნახეთ: კორონავირუსისგან დასაცავად Foals მსმენელებს ხელების სწორად დაბანას ასწავლის

8. Jealous Coronavirus

ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადების გავრცელების პრევენციისთვის მოსახლეობისთვის სასარგებლო რჩევების მიცემა იუმორისტული ანიმაციური ვიდეორგოლის Jealous Coronavirus საშუალებით გადაწყვიტა, რომელშიც აცეკვებულ ვირუსებს იხილავთ.

7. My Corona

ამერიკელმა თერაპევტმა, ზუბინ დამანიამ, რომელიც, საექიმო საქმიანობის პარალელურად, ფსევდონიმით ZdoggMD კომედიურ კომპოზიციებს ავრცელებს, როკ ჯგუფ The Knack-ის ჰიტის My Sharona ტექსტი გადააკეთა და სიმღერა სახელწოდებით My Corona კლიპთან ერთად გამოუშვა. ნამუშევრის მთავარი გზავნილია - კორონავირუსის ეპიდემიას, ნერვიულობისა და შიშის ნაცვლად, სჯობია, სათანადოდ ინფორმირებულები და მომზადებულები შევხვდეთ.

6. Corona Virus

დომინიკელ მუსიკოს Yofrangel ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კორონავირუსის გავრცელებას სახალისო კომპოზიციითა და მასზე გადაღებული კლიპით Corona Virus გამოეხმაურა. ტრეკს, რომელსაც სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი არტისტი ესპანურ ენაზე ასრულებს, სოციალურ ქსელებში საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

5. Coronavirus

ირანელმა არტისტმა, დენიელ ხეირიქამ, რომლის სამშობლოშიც კორონავირუსით 24 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მოქალაქეებს ხელების ხშირი დაბანისკენ ორიგინალური ხერხით მოუწოდა.

4. La Cumbia Del Coronavirus

მექსიკელმა არტისტმა, ფსევდონიმით Mister Cumbia, კლიპთან ერთად სიმღერა La Cumbia Del Coronavirus გაავრცელა. ვიდეორგოლში ექთნები საავადმყოფოს შენობის ფონზე ცეკვავენ, მუსიკოსი კი მოგვიწოდებს, ბინძური ხელებით სახეს არ შევეხოთ. 

3. Coronavirus

ჰონგ კონგში მოღვაწე მომღერალმა და მსახიობმა, კეტი მაკმა კი გრემის ნომინანტი მუსიკოსის, ნატალი იმბრულიას ჰიტის Torn ინსტრუმენტალის გამოყენებით თაყვანისმცემლებს ამცნო, რამდენად ზედმიწევნით იცავს მედიკოსთა რეკომენდაციებს - "სრული დეზინფექცია ჩავიტარე, შედეგად ჩემი ხელები სულ გამომშრალია. იმდენი რამეა, რასთან შეხებაც არ შემიძლია, განრისხებული ვარ. როგორ გამოვიძახო ლიფტი? როგორ შევაღო კარი?", - მღერის კეტი.

2. Fight the Virus

სინგაპურში მცხოვრებმა მომღერალმა, ელვინ უნმა ამერიკული ფოლკ-როკ ჯგუფის Simon & Garfunkel ცნობილი კომპოზიციის Sound of Silence შეცვლილი ვერსია Fight the Virus გამოაქვეყნა. ვიდეორგოლი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული კადრებით იწყება, რომელშიც ღამურისგან მომზადებული კერძია ნაჩვენები - "ვისმენთ თეორიებს, თუ როგორ წარმოიშვა ვირუსი, ის გველებისა და ღამურებისგან გავრცელდა", - მღერის ის.

1. Stupid Cough

ფილიპინელმა კომიკოსმა და მომღერალმა, მაიკი ბასტოსმა კი ამერიკელი პოპვარსკვლავის, ლედი გაგას ახალი კომპოზიციის Stupid Love პაროდია Stupid Cough გაავრცელა. მუსიკოსი მღერის - "მირჩევნია, სახლში გამოვიკეტო. არ მომიახლოვდე. თუ ჩემთან საქმე გაქვს, Whatsapp-სა და Viber-ში შემეხმიანე. არც კი გამაგონო ეს სულელური ხველება". ამასთან, არტისტი გვირჩევს, დავიბანოთ ხელები, სწორად ვიკვებოთ, გამოვიყენოთ სადეზინფექციო საშუალებები და რასისტებად არ ვიქცეთ.

ახალი კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით უკვე 424 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 19 ათასს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული