Thumbnail

10 ალბომი, რომელსაც 2020 წელს ნახევარი საუკუნე უსრულდება

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ნახევარი საუკუნის წინ მუსიკის ისტორიისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი დეკადა, 1960-იანი წლები მიიწურა. ორი განსხვავებული ეპოქის გზაგასაყარზე პოპულარულმა არტისტებმა ასობით ბრწყინვალე ალბომი გამოუშვეს, რომლებშიც იმდროინდელი ტენდენციები თუ კულტურული ღირებულებები აისახა. ამ ნამუშევრებმა არაერთ თაობაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს და დღეს საკულტო სტატუსით დამსახურებულად სარგებლობენ.

ჩვენს სიაში სწორედ 1970 წელს გამოცემულ ათ გამორჩეულ ალბომს წარმოგიდგენთ. ჩანაწერების ნუმერაცია პირობითია და მხოლოდ მათი გამოსვლის თარიღებს ეფუძნება.

10. Simon & Garfunkel - Bridge Over Troubled Water

ხშირად ეპოქალურ არტისტებს შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ კარიერის ბოლომდე ხარისხის შენარჩუნება უჭირთ, თუმცა ეს ლეგენდარული დუეტი ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისი აღმოჩნდა. პოლ საიმონისა და არტ გარფანკელის მეხუთე და უკანასკნელი ალბომი Bridge Over Troubled Water მათ შესანიშნავ დისკოგრაფიაში საუკეთესო ჩანაწერის წოდებაზე პრეტენზიას თამამად აცხადებს. ნამუშევარმა მსმენელებისა და კრიტიკოსების მხრიდან ერთსულოვანი აღიარება დაიმსახურა, თუმცა იმ დროისათვის მუსიკოსებს შორის ურთიერთობა უკვე ზედმეტად იყო გამწვავებული. თანაც, ორივეს გული სოლო მოღვაწეობისკენ მიუწევდა. ამიტომ, ამ წარმატებას დუეტის დაშლისთვის ხელი არ შეუშლია.

გამოსვლიდან მცირე დროში Bridge Over Troubled Water ათ ქვეყანაში ჩარტების სათავეში მოექცა, დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ალბომების ასეულში კი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რჩებოდა. ამასთან ერთად, 1971 წელს გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე ჩანაწერმა ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა. მასში შესული სიმღერები The Boxer, El Condor Pasa (If I Could), Baby Driver, The Only Living Boy in New York მელანქოლიური, უწყინარი ტექსტებით გამოირჩევა, თუმცა თავიდან ნამუშევარში მეთორმეტე კომპოზიციის შეტანაც იყო დაგეგმილი, რომელიც დანარჩენებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. Cuba Si, Nixon No, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და მისი საგარეო პოლიტიკა მწვავედ იყო გაკრიტიკებული, საბოლოო ტრეკლისტიდან არტ გარფანკელის ინიციატივით ამოიღეს.

მოუსმინეთ ალბომს

9. The Doors - Morrison Hotel

ლეგენდარული ამერიკული ბენდის წევრები მეხუთე სტუდიურ ალბომში Morrison Hotel თავდაპირველ, ბლუზით შთაგონებულ სტილს დაუბრუნდნენ, ფსიქოდელიური ჟღერადობის ელემენტები კი საგრძნობლად შეამცირეს. ეს ცვლილება გარკვეულწილად იმ უსიამოვნებებმაც განაპირობეს, რომლებიც The Doors-სა და განსაკუთრებით მის ფრონტმენს, ჯიმ მორისონს ჰალუცინოგენურ სუბსტანციებთან ფლირტმა დაატეხა თავს. 1960-იანი წლების მიწურულს, ფაქტობრივად უკონტროლო მორისონის მიერ პროვოცირებული ინციდენტების შედეგად, ჯგუფს ტურნე ჩაეშალა, რადიოსადგურების ნაწილმა კი მათი სიმღერები შავ სიაში შეიყვანა.

ალბომის გამოსვლისას მასში შესული კომპოზიციებიდან ჰიტის სტატუსი ვერცერთმა მოიპოვა, თუმცა წლების განმავლობაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა და ნახევარი საუკუნის შემდეგ Roadhouse Blues, Waiting for the Sun და Peace Frog გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს. ნამუშევარი ორ ნაწილად, Hard Rock Café და Morrison Hotel იყოფა, რომელთა სათაურებიც მუსიკოსებს ლოს ანჯელესში მდებარე, ჩანაწერის გარეკანსა და შიდა ყდაზე გამოსახულმა დაწესებულებებმა შთააგონა. აღსანიშნავია, რომ კორპორატიული მითოლოგიის თანახმად, "ჰარდ როკ კაფეს" გლობალური ქსელის მესვეურებმა 1971 წელს დაარსებულ ბრენდს სახელწოდება სწორედ ამ ალბომის ვიზუალის ნახვის შემდეგ შეურჩიეს.

მოუსმინეთ ალბომს

8. Funkadelic - Funkadelic

ამერიკული ბენდის სადებიუტო ალბომს კრიტიკოსები და აუდიტორიის დიდი ნაწილი საკმაოდ ცივად შეხვდა. უპრეტენზიო, სილაღითა და მსუბუქი სენტიმენტალურობით სავსე ფანკსა და სოულს მიჩვეული მსმენელები ექსტრავაგანტულად ჩაცმული მუსიკოსების ბნელმა, ინტენსიურმა მუსიკამ დააფრთხო. გამოცემა Rolling Stone-ის მიერ გამოქვეყნებული რეცენზია შეკითხვით "ვის სჭირდება ეს ნაგავი?" სრულდებოდა, რომლის პათოსსაც არაერთი მკითხველი იზიარებდა. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და კონტროვერსიული ნამუშევრის არაორდინარულმა ხასიათმა მის მიმართ ცნობისმოყვარეობა აღძრა, რამაც მნიშვნელოვანი კომერციული წარმატებაც განაპირობა.

ალბომი, რომელზე მუშაობის დროსაც კოლექტივის წევრები ხშირად ჰალუცინოგენების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, ფსიქოდელიური როკის იმდროინდელი ტენდენციებითაა შთაგონებული. ჯგუფის ფრონტმენის, ჯორჯ კლინტონის შესრულების მანერა ხან ისტერიულია, ხანაც გამომწვევი, კომპოზიციების ინსტრუმენტალები კი უჩვეულოდ მძიმე და დრამატული. ერთი სიტყვით, მანამდე ასეთი რამ არავის არსად მოესმინა. ჩანაწერი ტრეკით Mommy, What's a Funkadelic? იხსნება. ლეგენდარულმა ბენდმა ამ შეკითხვას პასუხი ათწლეულების განმავლობაში იმ მემკვიდრეობის შექმნით გასცა, რომლის გავლენაც პოპულარულ მუსიკაში თითქმის ყველგან იგრძნობა, დაწყებული მაიკლ ჯექსონის და დამთავრებული Red Hot Chili Peppers-ის შემოქმედებით. როგორც ჩანს, "ეს ნაგავი" ძალზე ბევრს საჭირდებოდა.

მოუსმინეთ ალბომს

7. Miles Davis - Bitches Brew

ჟანრის ისტორიაში არავის გამოსდიოდა ეპოქისთვის აქტუალური მუსიკალური ტენდენციების საკუთარ შემოქმედებაში ისე ეფექტურად ინტეგრირება, როგორც მაილს დევისს. ლეგენდარულმა ჯაზმენმა სხვადასხვა დროს ფანკისა თუ არენბის ელემენტებით სავსე ნამუშევრები შექმნა და სიცოცხლის ბოლოს ჰოპ ჰოპ ჩანაწერიც კი გამოსცა. 1969 წელს დევისს სპირიტუალური ჯაზისა და პოპულარობის ზენიტში მყოფი ფსიქოდელიური როკის შერწყმის იდეა დაებადა, ჩანაფიქრის განსახორციელებლად კი საოცარი გუნდი შეკრა - უეინ შორტერი, ჯო ზავინული, დეივ ჰოლანდი, ჩიკ კორია, ჯეკ დეჟონეტი, ჯონ მაკლაფლინი. ამ შემადგენლობას ისევ მაილს დევისის მიერ ათი წლით ადრე, ალბომისთვის Kind of Blue შეკრებილი ვარსკვლავური ანსამბლი თუ გაუწევდა მეტოქეობას.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მაილსმა როკ კოლექტივებისგან ისესხა, ბენდის ცენტრალურ ნაწილად რიტმ სექციის ქცევა გახლდათ. თითქმის მთელი ალბომის განმავლობაში ორი ბასისტი, ორი ან სამი დრამერი, ამდენივე პიანისტი და პერკუსიონისტი ერთდროულად უკრავს, ამ ფსიქოდელიურ ფონზე კი მაილსი საკუთარ პარტიებს ისეთი გახელებითა და პირველყოფილი ექსტაზით ასრულებს, თითქოს აფრიკის მცხუნვარე მზის ქვეშ ადგილობრივი შამანი მის ვუდუს თოჯინას აჯადოებს. ლათინოამერიკული მუსიკის, ეისიდ როკისა და ავანგარდის ელემენტებით სავსე Bitches Brew ეპოქალური ნამუშევარია, რომელიც ჯაზის ერთ-ერთ მწვერვალად ითვლება.

მოუსმინეთ ალბომს

6. The Beatles - Let It Be

რიგით მეთორმეტე ალბომზე მუშაობის დაწყებამდე The Beatles-ის წევრებს შორის ურთიერთობა უკვე უკიდურესად იყო დაძაბული, დასრულებულმა ჩანაწერმა კი, მისი შექმნის პროცესის ამსახველ დოკუმენტურ ფილმთან ერთად, დღის სინათლე 1970 წლის 8 მაისს, ჯგუფის დაშლიდან დაახლოებით ერთ თვეში იხილა. Let It Be-მ გამოსვლისთანავე მოწონებასთან ერთად უარყოფითი შეფასებებიც დაიმსახურა, რაც ბენდის ათწლიან, დიდებით სავსე კარიერაში პირველი შემთხვევა იყო. მუსიკის კრიტიკოსები და კოლექტივის თაყვანისმცემლები კი ნახევარი საუკუნის შემდეგაც ვერ თანხმდებიან საკითხზე, არის თუ არა ლივერპულური ოთხეულისთვის ეს ნამუშევარი ღირსეული გედის სიმღერა.

ჯგუფის წევრებს შორის დაუსრულებელმა კონფლიქტებმა და სხვა პრობლემებმა ალბომს თავისი დაღი დაასვა, რაც მისი მოსმენისას ხშირად ნათლად იგრძნობა. თუმცა, ყველა ნაკლოვანების ფონზე, ის როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ჩანაწერად რჩება. მასში შესული კომპოზიციები Get Back, Across the Universe და Let It Be თაობების სათაყვანებელ ჰიტებად იქცნენ. "ბითლზის" დისკოგრაფიაში ერთ-ერთი უსუსტესი ნამუშევარი ათასობით არტისტისთვის მიუწვდომელი, საოცნებო მწვერვალია - მათ სიდიადეს ამაზე უკეთ, ალბათ, ცოტა რამ თუ უსვამს ხაზს.

მოუსმინეთ ალბომს

5. Deep Purple - Deep Purple in Rock

ლეგენდარული კოლექტივის დისკოგრაფიაში მათი მეოთხე სტუდიური ალბომი Deep Purple in Rock, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჰარდ როკისა და ჰევი მეტალის ჟღერადობის განსაზღვრაზე, უდავოდ საუკეთესოა. ბენდის კლასიკური შემადგენლობისათვის (იენ გილანი, ჯონ ლორდი, რიჩი ბლექმორი, იენ პეისი, როჯერ გლოვერი) ეს პირველი ერთობლივი ჩანაწერი იყო. მუსიკოსები ერთმანეთს თავიდანვე ბრწყინვალედ შეეწყვნენ, თანაც, გილანსა და ბლექმორს მრავალწლიანი კინკლაობის დაწყება ჯერ ვერ მოესწროთ. ნამუშევარმა დიდი ბრიტანეთის ჩარტებში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჯგუფის პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა.

Deep Puprle-ის მიერ 1970 წლის 3 ივნისს გამოშვებული ალბომი საგრძნობლად დამძიმებული ჟღერადობით გამოირჩეოდა, რაც დიდწილად მათი თანამემამულეების, Led Zeppelin-ის სადებიუტო ნამუშევრის გავლენა გახლდათ. კლასიკური მუსიკით შთაგონებამ (Flight of the Rat ცნობილი კომპოზიტორის, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის ნაწარმოებს Flight of the Bumblebee ეფუძნება), შესანიშნავმა რიტმ სექციამ, ბლექმორის აგრესიულმა რიფებმა და გილანის შთამბეჭდავმა ვოკალურმა მონაცემებმა ჩანაწერს როკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ალბომის სტატუსი დამსახურებულად მოუპოვა. სწორედ აქ შევიდა ანტისაომარი პათოსით გამსჭვალული ჰიტი Child in Time, რომლის მელოდიაც კოლექტივის წევრებმა თავისი კოლეგების, ჯგუფის It's a Beautiful Day კომპოზიციიდან Bombay Calling ისესხეს.

მოუსმინეთ ალბომს

4. Can - Soundtracks

ქალაქ კიოლნში 1968 წელს ჩამოყალიბებული Can ჩვენს სიაში წარმოდგენილი ჯგუფებიდან ყველაზე ნაკლებადაა ცნობილი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი წევრები ნიჭითა თუ საშემსრულებლო პროფესიონალიზმით ვინმეს ჩამოუვარდებოდნენ. ამ კოლექტივის მნიშვნელობა თანამედროვე მუსიკისთვის ძალზე დიდია. მისი გავლენის კვალს არაერთი გამოჩენილი არტისტის შემოქმედებაში აღმოაჩენთ, იქნება ეს Radiohead-ის მსგავსი ლეგენდარული როკ ჯგუფები თუ ქანიე ვესთის დარი ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტები. საკულტო კომპოზიტორის, კარლჰაინც შტოკჰაუზენის მოსწავლეების მიერ დაფუძნებული ბენდი 1960-იანი წლების გერმანიაში დაბადებული მიმდინარეობის, კრაუტროკის ერთ-ერთ საფლაგმანო წარმომადგენლად იქცა.

ეს ალბომი Can-ის დისკოგრაფიაში ერთადერთია, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა ჯგუფის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს მოღვაწე ორივე ვოკალისტმა, დამო სუძუკიმ და მალკოლმ მუნიმ მიიღო. Soundtracks მუსიკოსების მიერ მხატვრული ფილმებისთვის შექმნილი კომპოზიციებითაა დაკომპლექტებული, რაც ისედაც ორიგინალური იდეებით განთქმული კოლექტივის ნამუშევარს საოცრად ეკლექტურ ხასიათს სძენს. კომპოზიცია Mother Sky პირველყოფილი, მისტიკური ენერგიითაა დამუხტული, იქვეა სევდიანი ბალადა Tango Whiskyman, მათ გვერდით კი ხან მელანქოლიურ-რომანტიკული She Brings the Rain გვხვდება, ხანაც Soul Desert, რომლის არაორდინარული, უნიკალური ატმოსფეროს სიტყვებით აღწერა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მოუსმინეთ ალბომს

3. Black Sabbath - Paranoid

ჰევი მეტალის პიონერებმა 1970 წელს ორი სტუდიური ალბომი Black Sabbath (თებერვალში) და Paranoid (სექტემბერში) გამოსცეს, რომელთაგან ჩვენს სიაში შესატანად არჩევანი ამ უკანასკნელზე შევაჩერეთ. ბირმინგემული კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარი უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მუსიკის ისტორიაში, თუმცა მასში ბენდის ინდივიდუალური ხელწერა სრულყოფილად ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი. ჩანაწერი ალაგ-ალაგ ზედმეტი ერთფეროვნების განცდასაც ტოვებდა, რის გამოც მუსიკალური გამოცემების მხრიდან არცთუ უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტად იქცა. Paranoid-ით კი ჯგუფმა მსგავსი პრეტენზიებისთვის მცირედი საბაბიც აღარ დატოვა.

ალბომიდან, რომელშიც Iron Man-ის და War Pigs-ის მსგავსი საკულტო სიმღერებია შესული, ცენტრალური ტრეკის გამოყოფა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. კომპოზიციებით Electric Funeral და Hand of Doom შექმნილ პირქუშ, აპოკალიპტურ ატმოსფეროში კი ხან ინსტრუმენტალური შედევრის Rat Salad, ხანაც ფსიქოდელიური, ჯგუფის ზოგადი სტილიდან სრულიად ამოვარდნილი Planet Caravan-ის სახით უეცარი გადახვევები გვხვდება. ჩანაწერზე მუშაობის პროცესის მიწურულს პროდიუსერებმა მუსიკოსებს აცნობეს, რომ ქრონომეტრაჟის შესავსებად კიდევ ერთი სამწუთიანი ტრეკი სჭირდებოდათ. მათაც არ დაახანეს და ექსპრომტად ჰევი მეტალის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა Paranoid შექმნეს.

მოუსმინეთ ალბომს

2. Pink Floyd - Atom Heart Mother

უცნაურია, მაგრამ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის ლიდერები, დევიდ გილმორი და როჯერ უოტერსი ამ შესანიშნავ ალბომს უხალისოდ იხსენებენ. თუმცა, იმ წარმოუდგენლად მაღალი სტანდარტების გათვალისწინებთ, რომელსაც მუსიკოსები საკუთარ თავებს უწესებდნენ, ეს ფაქტი დიდად გასაკვირი არაა. Atom Heart Mother-ში ჯერ კიდევ იგრძნობა სიდ ბარეტის ეპოქისეული Pink Floyd-ის მაგია, რომელიც კოლექტივის შემდგომ ნამუშევრებში სრულყოფილებისადმი მანიაკალურ სწრაფვასა და ჟღერადობის სტერილიზაციას შეეწირა. ამის მიზეზი, ალბათ, ისიც იყო, რომ იმ პერიოდში, გილმორისა და რიკ რაითის დახმარებით, სიდი თავადაც მუშაობდა სოლო ჩანაწერზე Barrett, შიგადაშიგ კი ყოფილი ბენდის სტუდიასაც სტუმრობდა.

პასტორალური ატმოსფეროს მქონე Atom Heart Mother ფოლკის, პროგრესივის, ფსიქოდელიის, ემბიენთის, ავანგარდისა და სიმფონიური ჟღერადობის მომაჯადოებელი ნაზავია. მისი ცნობილი ყდის შესაქმნელად დიზაინერი სთორმ თორგერსონი ქალაქგარეთ გაემგზავრა და ფოტო პირველივე შემხვედრ ძროხას გადაუღო, რომელიც პატრონს სახელით "ლულუბელ მესამე" ჰყავდა მონათლული. ნამუშევარმა კრიტიკოსების მხრიდან მოწონება დაიმსახურა და ბენდის პირველ ალბომად იქცა, რომელმაც ბრიტანულ ჩარტებში ლიდერის პოზიცია დაიკავა. საინტერესოა, რომ საკულტო რეჟისორს, სტენლი კუბრიკს ჩანაწერის წამყვანი, ამავე სახელწოდების კომპოზიციით საკუთარი კინოსურათის "მექანიკური ფორთოხალი" გაფორმება სურდა, თუმცა ჯგუფის წევრებისგან ცივი უარი მიიღო.

მოუსმინეთ ალბომს

1. Led Zeppelin - Led Zeppelin III

1970 წელს Led Zeppelin უკვე სახელმოხვეჭილი ბენდი იყო, რომლის მესამე სტუდიურ ალბომსაც მსმენელთა მთელი არმია სულმოუთქმელად ელოდა. ჯგუფმა ჩანაწერზე სამუშაოდ უელსში მდებარე, მეთვრამეტე საუკუნეში აშენებული კოტეჯი შეარჩია. იქაურმა გარემომ და ამერიკული პრიმიტივიზმის სახელით ცნობილი მიმდინარეობის საკულტო ფიგურის, ჯონ ფეის შემოქმედებით გატაცებამ კოლექტივის წევრებს აკუსტიკური, ფოლკ კომპოზიციების შექმნისკენ უბიძგა. ამასთან ერთად, მუსიკოსებს სურდათ ყველასთვის დაემტკიცებინათ, რომ მათი, როგორც არტისტების შესაძლებლობები გაცილებით მასშტაბური იყო, ინტერესების სფერო კი მხოლოდ ბლუზ და ჰარდ როკით არ შემოიფარგლებოდა.

შედეგად, Led Zeppelin III-ში ენერგიული როკ სიმღერების Immigrant Song და Celebration Day გვერდით მსუბუქი ფოლკ კომპოზიციები Gallows Pole და That's the Way აღმოჩნდა. კრიტიკოსების ნაწილი ბენდის სტილიდან ამ უეცარ გადახვევას ეჭვით შეხვდა. ნამუშევარი არცთუ დადებითად შეაფასეს, რამაც მის კომერციულ წარმატებაზე საგრძნობი გავლენა მოახდინა. ამან ჯგუფის გიტარისტი, ჯიმი პეიჯი ისე გააბრაზა, რომ 18 თვის განმავლობაში პრესის წარმომადგენლებს ინტერვიუზე უარს ეუბნებოდა. ლეგენდარული მუსიკოსის თქმით, ჟურნალისტებს ჩანაწერისთვის გულდასმით არც მოუსმენიათ და ისინი კოლექტივისგან მხოლოდ მორიგ Whole Lotta Love-ს ელოდებოდნენ.

მოუსმინეთ ალბომს

კომენტარები

ბოლოს დამატებული