Thumbnail

ტელესერიალების ქუდებში გამოყენებული 10 საუკეთესო კომპოზიცია

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

მას შემდეგ, რაც ტელესერიალების ყურება ინტერნეტის საშუალებით გახდა შესაძლებელი, ამა თუ იმ შოუს უკვე არაერთხელ ნანახი ქუდი შეგვიძლია, მარტივად გადავახვიოთ. თუმცა, როდესაც მისი საუნდტრეკი სწორადაა შერჩეული, მაყურებელთა დიდ ნაწილს ამის გაკეთება აზრადაც არ მოსდის და მორიგი ეპიზოდის დაწყებამდე ნაცნობ მელოდიას, ვინ იცის, უკვე მერამდენედ სიამოვნებით უსმენს.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ჩვენს სიაში სწორედ სერიალების ქუდებში გამოყენებულ ათ გამორჩეულ კომპოზიციას წარმოგიდგენთ. 

10. Douglas J. Cuomo - Opening Titles

Sex and the City

შვიდი ემისა და რვა ოქროს გლობუსის მფლობელი Sex and the City ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. მისი ქუდისთვის მუსიკა ამერიკელმა კომპოზიტორმა, დაგლას კუომომ შექმნა. ოთხი ნიუ იორკელი მეგობრის შესახებ გადაღებული, ინტრიგებით, დრამებითა და სასიყვარულო თავგადასავლებით სავსე სერიალის განწყობა მან ლათინოსამერიკული ჯაზისა და სალსას ელემენტებით გაჯერებული არაჩვეულებრივი ნაწარმოებით გადმოსცა.  

9. Kyle Dixon & Michael Stein - Stranger Things

Stranger Things

გასული საუკუნის 80-იანი წლების ესთეტიკით გაჯერებული შოუს ქუდისთვის მუსიკა ამერიკული ჯგუფის Survive წევრებმა, კაილ დიქსონმა და მაიკლ სტეინმა დაწერეს. პროგრესივ ელექტრონიკისა თუ ემბიენთის ლეგენდარული წარმომადგენლების - ვანგელისის, ჟან-მიშელ ჟარის, ჯორჯო მოროდერისა და სხვათა გავლენით შექმნილ ნაწარმოებში, სამეცნიერო-ფანტასტიკური სერიალის იდუმალ ატმოსფეროსთან ერთად, იმ ეპოქის მუსიკალური ტენდენციებიცაა გადმოცემული.

8. Rodrigo Amarante - Tuyo

Narcos

ბრაზილიელი შემსრულებლის, როდრიგო ამარანტეს ეს სიმღერა მე-20 საუკუნის მექსიკაში ჩასახულ მუსიკალურ მიმდინარეობას, ნარკოკორიდოს მიეკუთვნება. როგორც სახელწოდება მიგანიშნებთ, ამ ჟანრში მოღვაწე არტისტებისთვის შთაგონების წყაროს ნარკობარონების ცხოვრება და მათთან დაკავშირებული ლეგენდები წარმოადგენს. კომპოზიცია ლათინოამერიკული ნარკოკარტელების შესახებ გადაღებული სერიალის ქუდში გაჟღერდა და შოუსთან ერთად ნამდვილ ჰიტად იქცა.

7. Apparat ft. Soap & Skin - Goodbye

Dark

სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებმა სერიალი Dark თავდაპირველად ამერიკულ Stranger Things-ზე გერმანელი კინემატოგრაფისტების პასუხად აღიქვეს. თუმცა, მცირე ხანში აშკარა გახდა, რომ საქმე გაცილებით ჩახლართულ, პირქუშ და დრამატულ ნამუშევართან გვქონდა. შოუს ავტორებმა ქუდის მუსიკისთვის საშა რინგისა (Apparat) და ანია პლაშგის (Soap & Skin) ერთობლივი კომპოზიცია Goodbye შეარჩიეს. ტრეკი, რომელიც კიდევ ერთი გახმაურებული ტელესერიალის, Breaking Bad-ის მეოთხე სეზონის ფინალურ ეპიზოდშიც გაჟღერდა.

6. Massive Attack - Teardrop

House

Massive Attack-ის ამ საკულტო კომპოზიციას შოტლანდიური დრიმპოპ კოლექტივის, Cocteau Twins-ის ვოკალისტი ელიზაბეტ ფრეიზერი ასრულებს. ტრიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრეკი სხვადასხვა დროს ათობით ფილმისა თუ სატელევიზიო შოუს საუნდტრეკად იქცა. თუმცა, უდავოა, რომ მსმენელთა უმეტესობამ ჩანაწერი "ექიმი ჰაუსის" ქუდიდან გაიცნო. მისი ინსტრუმენტული ვერსია სწორედ ამ ექსცენტრიკული გენიოსის შესახებ შექმნილ სერიალში ჟღერდა. 

5. Alabama 3 - Woke Up This Morning

The Sopranos

საკულტო კრიმინალური დრამის ავტორს, დევიდ ჩეიზს თითოეული ეპიზოდის დასაწყისში სხვადასხვა სიმღერის გაჟღერება სურდა, თუმცა, კომპანია HBO-ს წარმომადგენლებმა მას მოსთხოვეს, რომელიმე ერთი კომპოზიცია შეერჩია. ჩეიზსაც ბევრი არ უფიქრია და არჩევანი ბრიტანული ჯგუფის Alabama 3 ჩანაწერზე შეაჩერა. ასე იქცა Woke Up This Morning ტონი სოპრანოს ოჯახის შესახებ გადაღებული სერიალის ქუდის საუნდტრეკად.

4. Mark Snow - Materia Primoris: The X-Files Theme

The X-Files

პარანორმალური მოვლენებისადმი მიძღვნილი ეს სერიალი ნანახი რომც არ გქონდეთ, მისი ქუდის მელოდია პირველი წამებიდანვე გეცნობათ. ჩანაწერში გამოყენებული ექოს ეფექტი კომპოზიტორმა მარკ სნოუმ შემთხვევით აღმოაჩინა. მუშაობის პროცესში მას შოუს ავტორთან, კრის კარტერთან ამა თუ იმ საკითხზე უთანხმოება ხშირად მოსდიოდა. ერთხელ, მორიგი კამათის შემდეგ, დაღლილი სნოუ ხელებით უნებლიედ სინთეზატორს დაეყრდნო, რომლის მიერ გამოცემულმა ბგერებმა მყისვე მიახვედრა, რომ სწორედ იმას მიაგნო, რაც სჭირდებოდა.

3. Ramin Djawadi - Main Title

Game of Thrones

ირანული წარმოშობის გერმანელ კომპოზიტორს მხატვრული ფილმებისა თუ ტელეშოუების გასაფორმებლად არაერთი ბრწყინვალე ნამუშევარი აქვს შექმნილი. თუმცა, მისი შემოქმედების მწვერვალად ჯერჯერობით Game of Thrones-ის მთავარი თემა რჩება. ჯორჯ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების ციკლის, "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" საფუძველზე შექმნილი სერიალისთვის დაწერილი ეპიკური კომპოზიცია ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ მელოდიად იქცა.

2. Ron Grainer & Delia Derbyshire - Doctor Who Theme

Doctor Who

ამ სამეცნიერო-ფანტასტიკური სერიალის პრემიერა 1963 წელს შედგა. საუნდტრეკი კომპოზიტორ რონ გრანიეს შეუკვეთეს, თუმცა, შოუს თემატიკიდან გამომდინარე, მის მიერ შექმნილ მუსიკას ფუტურისტული ჟღერადობა ესაჭიროებდა. BBC-ის მესვეურებმა პარტიტურის გადაწყობა დელია დერბიშირს მიანდეს. სინთეზატორების გარეშე, რომლებიც იმ დროს ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არ იყო, ავანგარდული ელექტრონიკის პიონერმა ნაწარმოები ისე გადაამუშავა, რომ ორიგინალი ვერსიის ავტორმა იკითხა, ნუთუ, ეს ჩემი ნამუშევარიაო? მხოლოდ ნაწილობრივ, მშვიდად მიუგო მას პასუხად დერბიშირმა. 

1. Angelo Badalamenti - Twin Peaks Theme

Twin Peaks

დევიდ ლინჩის ფილმების სიურრეალისტური სამყარო წარმოუდგენელია ანჯელო ბადალამენტის მუსიკის გარეშე. იტალიური წარმოშობის ამერიკელმა კომპოზიტორმა "მალჰოლანდ დრაივის", "ლურჯი ხავერდის", "დაკარგული გზისა" თუ რეჟისორის სხვა საკულტო სურათებისთვის არაერთი ბრწყინვალე საუნდტრეკი შექმნა. თუმცა, მის ყველაზე შთამბეჭდავ მიღწევად "ტვინ პიქსის" თემა რჩება, რომლისთვისაც 1990 წელს გრემის ჯილდოც დაიმსახურა. ეს კომპოზიცია ზებუნებრივ, პირქუშ და ამავდროულად საოცრად მელანქოლიურ ატმოსფეროს ქმნის. სწორედ ისეთს, როგორსაც კულტურულ ფენომენად ქცეული ეს ეპოქალური სერიალი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული