Thumbnail

ნახეთ: ბრაიან მეი ინსტაგრამზე Bohemian Rhapsody-ს გიტარის სოლოს ასწავლის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, თვითიზოლაციაში მყოფი თაყვანისმცემლების გასამხნევებლად, ინსტაგრამზე ვიდეოგაკვეთილი განათავსა, რომელშიც ასწავლის, როგორ უნდა შესრულდეს კოლექტივის ჰიტის Bohemian Rhapsody გიტარის სოლო პარტია.

► სიმღერის ისტორია: Bohemian Rhapsody

► ნახეთ: როგორ შეასრულებდნენ Bohemian Rhapsody-ს ცნობილი მუსიკოსები

"სპონტანურად ჩავწერე ვიდეოინსტუქცია. ექსპერიმენტი ჩავატარე. არ მგონია, ამის გაკეთება კიდევ ვცადო, რადგან ინსტაგრამზე ვიდეოს გაზიარებამ უაზროდ დიდი დრო წაიღო. არ არის მთად დახვეწილი გაკვეთილი, მაგრამ ის ახალი თაობისთვისაა და მაინტერესებს, გამოგადგებათ თუ არა", - წერს არტისტი.

მუსიკოსს მალევე გამოეხმაურნენ მადლიერი თაყვანისმცემლები:

"ძალიან კარგი ვიდეოა, გთხოვთ, კომპოზიციის Crazy Little Thing Called Love გიტარის პარტიის გაკვეთილიც ჩაგვიტარეთ".

"მადლობა, ბრაიან. რამდენჯერმე ვნახე ვიდეო".

"მაბედნიერებს თქვენი ვიდეოების ყურება. სახლში გამოკეტვა რთულია. გთხოვთ, თავს გაუფრთხილდეთ". 

1975 წელს გამოშვებული Bohemian Rhapsody "ქუინის" მეოთხე სტუდიურ ალბომში A Night at the Opera შედის. 2004 წელს ჩანაწერი გრემის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2018 წლის დეკემბერში სიმღერა მუსიკალურ პლატფორმებზე მე-20 საუკუნის ყველაზე მოსმენადი ჩანაწერი გახდა.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული