Thumbnail

ქანიე ვესთისა და ტეილორ სვიფტის სატელეფონო საუბრის სრული ჩანაწერი გავრცელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ინტერნეტში ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთისა და პოპვარსკვლავ ტეილორ სვიფტის სატელეფონო საუბრის 27-წუთიანი ჩანაწერი გავრცელდა, რომელმაც არტისტებს შორის არსებული მრავალწლიანი უთანხმოება კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. საქმე ეხება კომპოზიციის Famous ფრაზას, რომლის შესათანხმებლადაც ქანიე ტეილორს დაუკავშირდა. ამ დრომდე ვესთის ცოლის, კიმ კარდაშიანის მიერ საუბრის ფრაგმენტი იყო გავრცელებული, რომელშიც ისე ჩანდა, თითქოს ტეილორისთვის მისაღები იყო, ქანიეს გაერეპა:

► ტეილორ სვიფტი: კულისებს მიღმა ქანიე მეგობრულად მექცევა, სახალხოდ მაგარ ბიჭს თამაშობს

I feel like me and Taylor might still have sex. Why? I made that bitch famous.

"ვფიქრობ, მე და ტეილორს შეგვიძლია, სექსი გვქონდეს. რატომ? მე ხომ ეს ძუკნა პოპულარული გავხადე".

სრული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ კი გაირკვა, რომ ქანიეს ფრაზის წარმოთქმისას სიტყვა "ძუკნა" არ უხსენებია.

"ჩემს ახალ სინგლში შენს შესახებ არის საუბარი. უმაგრესი კომპოზიციაა, მაგრამ ძალიან კონტროვერსიულიც. რაღაც ემინემის ტიპის ჩანაწერი გამოვა. ჩემს ცოლთან და მენეჯერებთან ერთად ბევრი ვიფიქრე, როგორ გადამეკეთებინა ფრაზა, არადა ის ძალიან მომწონს. თავიდან კიმს რომ მოვასმენინე, მითხრა, სრული სიგიჟეაო, მაგრამ ახლა ამ ტრეკში ყველაზე მეტად ეს მონაკვეთი მოსწონს. მოკლედ, ტექსტში შენზე ვამბობ: "მგონი, მე და ტეილორს შეგვიძლია, სექსი გვქონდეს". ამის გამო გირეკავ, რადგან შენ თაყვანისმცემლების 2-მილიარდიანი არმია გყავს. თუ ჩათვლი, რომ ეს მაგარია და ჰიპ ჰოპს შეეფერება გამოხატვის ეს ფორმა, მაშინ ხალხსაც მოეწონება. ამიტომ, შენ უნდა იყო ის, ვინც იტყვის, რომ კომპოზიცია კარგია... ხო, მართლა, ტექსტში ამასაც ვამბობ - ის მე ვაქციე ვარსკვლავად", - ეუბნება ქანიე ტეილორს.

სვიფტი კი რეპერს პასუხობს:

"არ ვიცი, ამაზე უნდა დავფიქრდე. ეს სიტყვები არც ისე საშინლად ჟღერს. მადლობა, რომ საქმის კურსში ჩამაყენე".

კომპოზიციის გავრცელების შემდეგ განაწყენებულმა პოპვარსკვლავმა განაცხადა, რომ ტექსტი მასთან არ ყოფილა შეთანხმებული. სწორედ ამის პასუხად გამოაქვეყნა კიმ კარდაშიანმა სატელეფონო საუბრის მონაკვეთი, რის შემდეგაც მომღერალი არაერთმა ინტერნეტმომხმარებელმა სიცრუეში დაადანაშაულა.

"სად არის ვიდეო, რომელშიც ქანიე მეუბნება, რომ აპირებს, ძუკნა მიწოდოს? ასეთი ჩანაწერი არ არსებობს, ასე რომ, მას ვერავინ გაავრცელებს", - პასუხობდა მაშინ ტეილორი კრიტიკას.

სატელეფონო საუბრის ახალგავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით არტისტების მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. კიმ კარდაშიანმა კი ინსტაგრამის სთორიში დაწერა, რომ ამ ვიდეოში ახალი არაფერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული