Thumbnail

კიმ კარდაშიანი: ტეილორ სვიფტი ქანიესთან ტყუის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის ცოლი, ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი პოპშემსრულებელ ტეილორ სვიფტს სიცრუეში ადანაშაულებს. საქმე ეხება ქანიესა და ტეილორის 2015 წლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რომელშიც რეპერი მომღერალთან კომპოზიციის Famous ფრაზის - "ვფიქრობ, მე და ტეილორს შეგვიძლია, სექსი გვქონდეს. რატომ? მე ხომ ეს ძუკნა პოპულარული გავხადე" შეთანხმებას ცდილობს. ახლახან საუბარი ინტერნეტში სრული სახით გავრცელდა, მანამდე კი მისი ფრაგმენტი თავად კიმს ჰქონდა გასაჯაროებული.

► ქანიე ვესთისა და ტეილორ სვიფტის სატელეფონო საუბრის სრული ჩანაწერი გავრცელდა

► ტეილორ სვიფტი: კულისებს მიღმა ქანიე მეგობრულად მექცევა, სახალხოდ მაგარ ბიჭს თამაშობს

ვიდეოს სრული ვერსიის ხილვის შემდეგ ტეილორმა ტვიტერზე დაწერა, რომ მთელი ეს პერიოდი მართალი იყო, როდესაც ამტკიცებდა, რომ ვესთს სიტყვა "ძუკნის" გამოყენებაზე ის არ გაუფრთხილებია.

"იმის ნაცვლად, რომ თქვენს კითხვებს ვუპასუხო - თუ რას ვფიქრობ იმ ჩანაწერის შესახებ, რომელიც ამტკიცებს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სიმართლეს ვამბობდი, გთხოვთ, ქველმოქმედებაში შემომიერთდით და თანხა შესწირეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კომპანია Feeding America-ს", - დაწერა არტისტმა ინსტაგრამის სთორიში.

ტეილორს მალევე გამოეხმაურა კიმ კარდაშიანი. მისი აზრით, ტეილორი არაადეკვატურად იქცევა, როდესაც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში კვლავ ამ ამბავზე საუბრობს. 

"ტეილორ სვიფტმა ძველი წყენის გახსენება გადაწყვიტა, რაც ეგოისტური საქციელი მგონია იმის გათვალისწინებით, რომ ამ წუთებში მსოფლიოს მილიონობით ნამდვილი მსხვერპლი ჰყავს. კომენტარის გაკეთების სურვილი არ მქონდა, მაგრამ ის ამ თემაზე საუბარს არ წყვეტს და სხვა გზა არ დამრჩა, უნდა ვუპასუხო, რადგან სინამდვილეში ტყუილს ამბობს - თავიდან ის ამტკიცებდა, რომ ქანიეს მისთვის საერთოდ არ დაურეკავს. არადა, ყველამ ნახეთ მათი საუბრის ამსახველი ვიდეო. ჩვენს მხარეს არასდროს უარყვია, რომ სიტყვა "ძუკნა" შეთანხმებული არ ყოფილა. საუბრის მომენტში ტრეკი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დაწერილი. კომპოზიციის გამოშვების შემდეგ ტეილორმა ქანიესთან საუბრით მანიპულირება დაიწყო, თითქოს ჩემს ქმარს უარი უთხრა და გააფრთხილა, ასეთი ქალთმოძულეობრივი აქცენტებით სავსე კომპოზიცია არ გაევრცელებინა.

როცა ტყუილს ვახსენებ, არ ვგულისმობ სიტყვა "ძუკნას". ტყუილი იმას ეხებოდა, შედგა თუ არა საერთოდ ეს დიალოგი და რა ტონით მიმდინარეობდა ის. კიდევ ერთი სიცრუე ისაა, რომ თითქოს მათი საუბრის დამონტაჟებული ვერსია გავავრცელე. მე, უბრალოდ, Snapchat-ზე ავტვირთე რამდენიმე ვიდეო და სრულ ჩანაწერს, რომელმაც ახლა გამოჟონა, სრულებით არ შეუცვლია მისი კონტექსტი. ამ თემაზე ბოლო კომენტარს ვაკეთებ, რადგან ვიცი, ეს თემა არავის არ ადარდებს. ბოდიშს გიხდით, რადგან ვაცნობიერებ, ახლა გაცილებით სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ", - წერს კიმი.

ტეილორისა და ქანიეს დაპირისპირება ჯერ კიდევ 2009 წელს, MTV Video Music Awards-ზე დაიწყო, როდესაც ქალის საუკეთესო ვიდეორგოლის კატეგორიაში გამარჯვებული ტეილორის სიტყვით გამოსვლისას, სცენაზე ქანიე ავიდა და განაცხადა, რომ ამ ჯილდოს ბიონსე იმსახურებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული