Thumbnail

ნახეთ: Metallica-მ ონლაინ კონცერტების სერია დაიწყო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Metallica ახალი პროექტი Metallica Mondays დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბენდი ყოველ ორშაბათს ფეისბუქის გვერდსა და იუთუბის არხზე სხვადასხვა დროს გამართული კონცერტების სრულ ჩანაწერს განათავსებს.

► ნახეთ: ჯეიმს ჰეტფილდის კლასიკური მანქანების კოლექცია

► რეაბილიტაციის შემდეგ ჯეიმს ჰეტფილდი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

"გჭირდებათ დასვენება "ნეტფლიქსისგან"? წარმოგიდგენთ კონცერტების სერიას #MetallicaMondays, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დროს გამართული ღონისძიებების ჩანაწერების ნახვა სრულიად უფასოდ შეგეძლებათ", - წერია კოლექტივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველი კონცერტი ჯგუფმა პლატფორმებზე უკვე ატვირთა. ეს გახლავთ ირლანდიაში 2019 წლის 8 ივნისს Slane Festival-ზე გამართული შოუ, რომელზეც ბენდმა 18 კომპოზიცია დაუკრა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის პანდემიის გამო ჯგუფმა აპრილში სამხრეთ ამერიკაში დაგეგმილი კონცერტები გადადო.

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული