Thumbnail

კორონავირუსის გამო ლედი გაგამ ახალი ალბომის გამოშვება გადადო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლედი გაგამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ახალი ალბომის Chromatica გამოშვების თარიღი გადადო. ჩანაწერი გაყიდვაში 10 აპრილს უნდა ჩაშვებულიყო. ამის შესახებ გაგამ განცხადება ინსტაგრამის გვერდზე გააკეთა. 

► ნახეთ: მწერს სახელი Lady Gaga-ს პატივსაცემად დაარქვეს

► მოუსმინეთ: Lady Gaga-მ ფლეილისტი Women of Choice შეადგინა

სტუდიური ნამუშევრის გამოცემის ახალ თარიღს მუსიკოსი ახლო მომავალში დაასახელებს.

"პირველ რიგში, მინდა, დავრწმუნდე, რომ ყველა კარგად ხართ და იცავთ თვითიზოლაციის წესს. იცოდეთ, რომ თქვენზე ვფიქრობ. ბევრი ბჭობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი მომავალი ალბომის Chromatica გამოცემა გადავდო. მისი გამოშვების ახალ თარიღს ძალიან მალე გაგაგებინებთ. არ მგონია, რომ გლობალური პანდემიის პერიოდში ნამუშევრის გავრცელება სწორია. ეს დრო გამოსავლის ძიებაზე ფიქრში უნდა დავხარჯოთ" , - წერს გაგა სოციალურ ქსელში.

Chromatica გაგას რიგით მე-6 სტუდიური ალბომი იქნება. ჩანაწერის პირველი სინგლი Stupid Love მან უკვე გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კორონავირუსით მსოფლიოში 423 700-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 18 922 გარდაიცვალა.

გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული