Thumbnail

ბრიტნი სპირსს ეგონა, რომ სირბილში მსოფლიო რეკორდი მოხსნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამის საშუალებით თაყვანისმცემლებს აცნობა, რომ ასი მეტრის გარბენა 5,97 წამში შეძლო. ცნობისთვის, რეკორდი 100 მეტრზე სპრინტში იამაიკელ სპორტსმენს, უსაინ ბოლტს ეკუთვნის, რომელმაც ეს მანძილი 2009 წელს ბერლინში ჩატარებულ ათლეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე 9,58 წამში დაფარა. 38 წლის მომღერლის მტკიცებით, პირველ ცდაზე მისი შედეგი 9 წამი იყო, ახლა კი დრო თითქმის 5-მდე შეამცირა.

► ბრიტნი სპირსი: მაკრიტიკებენ, 15 ერთნაირ ფოტოს დებს და სულ ერთი და იგივე აცვიაო

"პირველი შემთხვევაა, როცა წამზომზე 5 წამი დავინახე. საიდუმლო იმაშია, რომ სირბილის დაწყებამდე შიში უნდა დაძლიოთ. მე ეს შევძელი. როგორც წესი, ამას ექვს ან შვიდ წამს ვანდომებ... თავდაპირველად 9 წამი დამჭირდა, ახლა კი 100-მეტრიანი დისტანცია 6 წამზე ნაკლებ დროში დავფარე", - დაწერა არტისტმა.

"ბრიტნი სპირსი ირწმუნება, რომ 100 მეტრზე სირბილში მსოფლიო რეკორდი თითქმის ოთხწამიანი განსხვავებით მოხსნა. ეს ჯერჯერობით, ამ კვირის საუკეთესო სათვითიზოლაციო კონტენტია“, - დაწერა ამ ამბის გაზიარებისას ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა.

მას შემდეგ, რაც პოსტის კომენტარებში ბევრმა თაყვანისმცემელმა გამოთქვა ეჭვი, რომ ბრიტნი სინამდვილეში ბევრად ნაკლებ დისტანციაზე სირბილს ანდომებდა ასეთ მცირე დროს, არტისტმა ფოტო წაშალა და განაცხადა, რომ იხუმრა.

"სინამდვილეში ვიხუმრე, რადგან რეკორდი 9,58 წამით უსაინ ბოლტს ეკუთვნის. მაგრამ გირჩევნიათ, დაიჯეროთ, რომ მსოფლიო რეკორდის მოსახსნელად ვემზადები", - წერს ბრიტნი.

ბრიტნი სპირსმა კარიერა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული