Thumbnail

კეტი პერი: Queen-ის ამ სიმღერამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის შემოქმედება არაერთი თანამედროვე არტისტის შთაგონების წყაროდ იქცა, მათ შორისაა ამერიკელი პოპვარსკვლავი, კეტი პერი, რომელმაც 2013 წელს ჟურნალ Cosmopolitan-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ კოლექტივის ადრეულმა ჰიტმა Killer Queen მის ცხოვრებასა და კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა.

► კეტი პერიმ პლაგიარიზმთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოიგო

► ნახეთ: კეტი პერიმ ახალ კლიპში Never Worn White ორსულობა გაამხილა

"მორწმუნე ოჯახში გავიზარდე და ქრისტიანული წესების მკაცრი დაცვის პირობებში ვიზრდებოდი. მშობლები არასასულიერო მუსიკის მოსმენას მიკრძალავდნენ - ამას მხოლოდ ჩემს მეგობრებთან სტუმრობისას ვახერხებდი. ერთ-ერთმა მათგანმა Killer Queen მომასმენინა, რამაც ჩემზე შოკური ეფექტი იქონია. 15 წლის ასაკში ამ ტრეკით აღმოვაჩინე მუსიკის სამყარო და ვიპოვე საკუთარი თავიც. რასაც ფრედი ამ სიმღერაში ამბობდა, ქალურ თავდაჯერებას მმატებდა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მისმა სიტყვებმა ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. მომწონს იდეა ქალის, რომელიც ბატონობს და განსაკუთრებულ ძალაუფლებასაა დაპატრონებული, როგორც ბრიტანეთის მონარქი, ელისაბედ მეორე", - ამბობდა მაშინ მომღერალი.

აღსანიშნავია, რომ კეტიმ საყვარელი კომპოზიციის სახელწოდება საკუთარ პარფიუმერულ ბრენდს დაარქვა.

"სიტყვები Killer Queen ჩემი ლექსიკის ნაწილად 15 წლის ასაკში იქცა. ფრედი მერკურიმ ამ სიმღერის ტექსტის საშუალებით დახატა ქალი, რომლად ჩამოყალიბებაც ცხოვრების მიზნად დავისახე", - განუცხადა გამოცემა Women’s Wear Daily-ს მუსიკოსმა.

თავად ფრედი მერკური საკუთარ სიმღერაზე ამბობდა:

"ეს კომპოზიცია არისტოკრატული ფენის წარმომადგენელ მეძავზე დავწერე. მინდოდა, მეთქვა, რომ მაღალი კლასის საზოგადოებაშიც არსებობენ ბო*ები. სულ ეს არის ამ სიმღერის შინაარსი, მაგრამ, მირჩევნია, ის ადამიანებმა საკუთარი ინტერპრეტაციით ისე გაიგონ, როგორც მოისურვებენ".

1974 წელს გამოსული კომპოზიცია "ქვინის" რიგით მესამე ალბომში Sheer Heart Attack სინგლის სახით შევიდა. სიმღერამ ბრიტანეთის ჩარტებში მეორე ადგილი დაიაკავა, აშშ-ში კი კოლექტივის პირველ ჰიტად იქცა.

კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონს, სასცენო სახელით Katy Perry, დღემდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Roar და Dark Horse მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული