Thumbnail

თრეფის პიონერი ოსკაროსანი ჯგუფის, Three 6 Mafia-ს ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა, პოლ ბოუირეგარდმა, ფსევდონიმით DJ Paul, კომპოზიციის Big Bizness განახლებული ვერსია და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკის ორიგინალი 1995 წელს არის ჩაწერილი. ორივე ნამუშევრის პროდიუსერი დიჯეი პოლი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ კლიპის დასასრულს, პოლმა გარდაცვლილ კოლეგას, ჟანრის ქვემიმდინარეობის Chopped And Screwed ავტორს, DJ Screw-ს პატივი მიაგო.

► ნახეთ: DJ Paul - Sweet Robbery 

► ჯგუფი Three 6 Mafia გაერთიანებას გეგმავს 

პოლი სამხრეთული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის ეპოქალურ გაერთიანებაში Three 6 Mafia მოღვაწეობით გაიცნო. ჯგუფი 1991 წელს მემფისში ჩამოყალიბდა. კოლექტივის შემოქმედება თრეფის, ქრანქისა და კლასიკური სამხრეთული ჰიპ ჰოპ ჟღერადობის სინთეზია. კარიერის დასაწყისში არტისტების მიერ ახლებურად გაჟღერებული რეპი პოპულარობით ვერ სარგებლობდა, როგორც აღმოჩნდა, დროებით.

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ჯუისი ჯეი წერს კომპოზიციას Slob On My Knob, რომელმაც დღის შუქი მხოლოდ 1999 წელს გავრცელებულ ალბომში CrazyNDaLazDayz იხილა. 2017-18 წლებში ამ ჩანაწერის მელოდია და რიტმი საკუთარ ნამუშევრებში არაერთმა ცნობილმა  რეპერმა გამოიყენა. შედეგად, დაახლოებით 25 წლის წინ შექმნილი ტრეკი Apple Music-ის ჩარტის სათავეში მოექცა.

ჯგუფის კიდევ ერთი წარმატება ნამუშევარს It's Hard Out Here For A Pimp უკავშირდება, რომელიც ფილმისთვის Hustle & Flow დაიწერა. 2006 წელს ჩანაწერმა წლის საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში ოსკარი დაიმსახურა.

ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფი 2012 წელს დაიშალა. გაერთიანების წევრებმა სოლო კარიერა დაიწყეს. 2013 წელს კოლექტივის წევრი, დიჯეი პოლის ძმა Lord Infamous გულის შეტევით გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ კი 40 წლის ასაკში ინსულტისგან ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი Koopsta Knicca დაიღუპა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული