Thumbnail

ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების 10 გამორჩეული კომპოზიცია

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

1960-1980-იან წლებში ქართული პოპულარული მუსიკის სცენაზე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები დომინირებდნენ. სწორედ ასე უწოდებდნენ საბჭოთა სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად აღიარებულ მუსიკალურ კოლექტივებს. როკი, მოგეხსენებათ, იმ დროს ლპობადი ბურჟუაზიული კულტურის გადმონაშთად ითვლებოდა და აკრძალული იყო. ამიტომაც, კომუნისტმა იდეოლოგებმა დასავლური როკ ბენდების გავლენით ჩამოყალიბებული ჯგუფებისთვის ეს სახელწოდება მოიფიქრეს.

ნახეთ სრული ფლეილისტი

იმ პერიოდის ქართველ არტისტებს მოღვაწეობა არცთუ სახარბიელო პირობებში უწევდათ. ხარისხიანი მუსიკალური აპარატურის არქონას, საბჭოთა ცენზურა ემატებოდა, რომელიც მათ რეპერტუარსა თუ ვიზუალურ იმიჯს მკაცრად აკონტროლებდა. თუმცა, ანსამბლების ნაწილი იდეოლოგიური მარწუხებისგან თავის დაღწევას მაინც ახერხებდა და სტანდარტულ ჩანაწერებთან ერთად, ძალზე საინტერესო ნამუშევრებსაც ქმნიდა. "რერომ", "ორერამ", "დიელომ", "ივერიამ" და სხვა ანსამბლებმა არაერთი კლასიკად ქცეული სიმღერა გამოსცეს, რომლებიც პოპულარობას დღემდე არ კარგავენ და მსმენელთა გამორჩეული სიყვარულითაც სარგებლობენ.

ჩვენს სტატიაში სწორედ ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების 10 გამორჩეულ კომპოზიციას შემოგთავაზებთ. 

10. რერო - გამოდი

საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი, რომელსაც მოგვიანებით "რერო" ეწოდა, 1956 წელს ჩამოყალიბდა. მისი ძირითადი ფუნქცია საესტრადო მომღერლების აკომპანირება იყო, რის გამოც კოლექტივმა დამოუკიდებლად მხოლოდ ორი სტუდიური ალბომი და რამდენიმე სინგლი ჩაწერა. თუმცა, ასეთი მუდმივმოქმედი მუსიკალური სტრუქტურის არსებობამ არაერთი ნიჭიერი შემსრულებლის, მათ შორის ლილი გეგელიას, ნანი ბრეგვაძის, ვახტანგ კიკაბიძის, გიული ჩოხელისა და არჩილ ჩიხლაძის აღმოჩენა თუ პოპულარიზაცია გახადა შესაძლებელი.

"გამოდი" ერთ-ერთი იმ კომპოზიციათაგანია, რომელიც "რეროს" დისკოგრაფიის სიმწირეს განსაკუთრებით გულდასაწყვეტს ხდის. კლასიკური ბიგ-ბენდ ჯაზისა და ფანკის ჟღერადობით გამორჩეული ნამუშევარი პოპულარობას დღემდე არ კარგავს და ახალ მსმენელებს ყველა თაობაში პოულობს.

9. ორერა - კრიმანჭული

რობერტ ბარძიმაშვილის, ზურაბ იაშვილის, თეიმურაზ დავითაიასა და თამაზ ფანჩვიძის მიერ 1958 წელს ჩამოყალიბებული კვარტეტი დროთა განმავლობაში საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლად იქცა. იმის მიუხედავად, რომ იმ ეპოქაში ჩანაწერების გამოშვება მნიშვნელოვან სირთულეებთან იყო დაკავშირებული, "ორერას" ფირფიტები ქვეყანაში მილიონობით იყიდებოდა.

ანსამბლში სხვადასხვა დროს ქართული ესტრადის ისეთი ვარსკვლავები ირიცხებოდნენ, როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე და ვახტანგ კიკაბიძე. მის შემადგენლობაში შედიოდა ლეგენდარული აზერბაიჯანელი ჯაზ პიანისტი ვაგიფ მუსტაფაზადეც. კოლექტივმა გასტროლებით ხუთი კონტინენტი მოიარა და საბჭოთა სცენაზე პირველმა გაბედა ინგლისურენოვანი კომპოზიციების, მათ შორის "ბითლზის" ნამუშევრების შესრულება. მათ ამ სიმღერას კი, ალბათ, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.

8. 75 - ტირიფები

1975 წელს რობერტ ბარძიმაშვილი 17-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ "ორერადან" წავიდა და კონსერვატორიის სტუდენტებისგან ახალი ჯგუფი "75" ჩამოაყალიბა. მალევე სტუდია "მელოდიამ" კოლექტივის სადებიუტო ალბომი გამოუშვა, რომელშიც ადგილობრივი კომპოზიტორების ნამუშევრებისა და უცხოური სიმღერების ქავერების გარდა, ქართული ფოლკლორული მოტივების ძალზე საინტერესო ჯაზ-როკ არანჟირებები იყო წარმოდგენილი.

ვია "75"-ის შემადგენლობაში ისეთი პოპულარული შემსრულებლები შედიოდნენ, როგორებიც არიან ბესიკ კალანდაძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, რომან რცხილაძე და ლევან ლაზარიშვილი. მისი სტილის ცალკეულ ნამუშევრებზე დაყრდნობით დახასიათება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ანსამბლის რეპერტუარში ქალაქური სიმღერებიც გვხვდება და პროგრესივიც, მსუბუქი პოპიც და ჰარდ როკიც, ფიუჟენიც და ფსიქოდელიის ელემენტებიც. ჩვენს სიაში კი ამ ყველასთვის კარგად ცნობილ კომპოზიციას წარმოგიდგენთ.  

7. დიელო - მუხამბაზი

"დიელო" ამირან და სოსო ებრალიძეებმა, გიორგი ლეონიძემ და ვახტანგ კიკაბიძემ 1961 წელს ჩამოაყალიბეს. ანსამბლის ადრეულ ნამუშევრებში ქალაქურ მოტივებთან ერთად ბიგ-ბენდ ჯაზის, პროგრესივისა და ფანკის საწყისები გამოიკვეთა. 1975 წელს ჩაწერილი ეს კომპოზიცია კი იმდროინდელი საბჭოთა საესტრადო მუსიკის კონტექსტიდან იმდენად ამოვარდნილია, რომ აღტაცებანარევ გაოცებას იწვევს.  

ფსიქოდელიური როკის ესთეტიკაში გადაწყვეტილი ცნობილი ქალაქური სიმღერა იდეალური არანჟირებით, ბრწყინვალე ვოკალური ჰარმონიითა და ჯაზის ელემენტებით გაჯერებული ინსტრუმენტალით, რომელიც ფაზ-გიტარის შთამბეჭდავი სოლოთი გვირგვინდება. საინტერესოა, რომ ამ არაჩვეულებრივი კომპოზიციის კვალი უცხოელი არტისტების შემოქმედებაშიც გვხვდება. ნიუ იორკში მოღავაწე ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ კოლექტივის Hermit and the Recluse ჩანაწერი Companion of Artemis სწორედ "მუხამბაზის" სემპლზეა დაფუძნებული.

6. ივერია - იმღერე რამე

ალექსანდრე ბასილაიას მიერ 1968 წელს ჩამოყალიბებულ "ივერიას" უდიდესი წვლილი მიუძღვნის ქართული ქალაქური სიმღერის სარესტორნო-ფანოღური ნაირსახეობის პოპულარიზაციაში. თუმცა, 70 წლების დასაწყისში ეს ანსამბლი უკომპრომისობითა და საბჭოთა ცენზურასთან ხშირი კონფლიქტებით გამოირჩეოდა, რის გამოც რამდენჯერმე დაშლასაც კი გადაურჩა. 

კლასიკური და ფსიქოდელიური როკის გავლენით ჩაწერილი სადებიუტო ალბომი "ივერიამ" 1975 წელს გამოუშვა. ნამუშევარი საბჭოთა საესტრადო სტანდარტებისგან საგრძნობლად განსხვავებული, დახვეწილი და ენერგიული ჟღერადობით გამოირჩეოდა, რომელიც ანსამბლის მოღვაწეობის შემდგომ ეტაპზე ნელ-ნელა გასტერილურდა და საბოლოოდ დაიკარგა კიდეც. სწორედ მასშია შესული არაერთი მუსიკოსის მიერ გადამღერებული ჰიტის "იმღერე რამე" საუკეთესო ვერსია, რომელიც კომპოზიტორ გია ცაბაძეს ეკუთვნის. 

5. ფაზისი - მადინა

საბჭოთა ხმის ჩამწერი ინდუსტრიის მოუქნელობისა თუ ქვეყანაში მოქმედი ცენზურის გამო, იმდროინდელი ქართველი არტისტების დიდმა ნაწილმა ძალზე მწირი დისკოგრაფია დატოვა, ზოგიერთმა კი მუსიკალური კარიერა სრულფასოვანი სტუდიური ჩანაწერის გამოცემის გარეშე დაასრულა. ამის ერთ-ერთი მაგალითი 1971 წელს ქუთაისში ბორის შხიანის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "ფაზისი" გახლავთ.

კოლექტივის ოფიციალური დისკოგრაფია ერთადერთი კომპოზიციით "მადინა" შემოიფარგლება, რომელიც ჟურნალ "კრუგოზორის" ერთ-ერთ ნომერში ჩაკერებულ დრეკად ფირფიტაზე 1973 წელს გამოიცა. ენერგიულ რიტმ სექციაზე აგებული, ფანკისა და პროგრესივის ელემენტებით გაჯერებული ჩანაწერის მოსმენისას ნათელი ხდება, რომ "ფაზისის" სახით ქართულ მუსიკას უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალის მქონე ჯგუფი ჰყავდა, რომლის სრულფასოვანი გამოვლენაც მუსიკოსებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს.  

4. ენგური - მგზავრული

"დიელოს" ყოფილი წევრის, გივი გაბუნიას მიერ 1981 წელს ჩამოყალიბებულმა "ენგურმა" მხოლოდ ორი წლის განმავლობაში იარსება და ერთადერთი სტუდიური ალბომის გამოცემა მოასწრო. იმის მიუხედავად, რომ ნამუშევარი ძალზე ხარისხიანი აღმოჩნდა, კოლექტივმა პოპულარობა ვერ მოიპოვა და მათი შემოქმედება დღემდე თითქმის უცნობი რჩება. ამის უმთავრესი მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ 80-იანების ქართულ ესტრადაზე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლებისთვის დამახასიათებელი, კლასიკური ჟღერადობა აქტუალობას კარგავდა და მას ნელ-ნელა უფრო მსუბუქი პოპ-როკი ანაცვლებდა.

არადა, ფოლკის, პროგრესივის, სიმფონიური პოპისა და ფანკის შესანიშნავი სინთეზი, რომელსაც იმ პერიოდისთვის უჩვეულოდ მაღალი დონის ხმის რეჟისურა გამარჩევდა, ასეთ დაუფასებლობას ნამდვილად არ იმსახურებდა. ჩანაწერში შესული კომპოზიციებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავი "მგზავრული" გახლავთ, რომლის მუსიკის ავტორი ვაჟა დურგლიშვილია, ტექსტის კი მორის ფოცხიშვილი.

3. ნატვრის ხე - ჭადრაკის დაფა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბჭოთა ეპოქაში მოღვაწე ქართველი არტისტები არაერთ დაბრკოლებას აწყდებოდნენ. ტექნიკურ პრობლემებთან და მსოფლიო მუსიკის უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმაციის სიმწირესთან ერთად, სირთულეებს ცენზურაც ქმნიდა. მისი ერთ-ერთი მსხვერპლი რომან რცხილაძის მიერ 1982 წელს ჩამოყალიბებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "ნატვრის ხეც" გახდა.  

კომპოზიციის "ჭადრაკის დაფა" გამო, რომელიც მორის ფოცხიშვილის კიდევ ერთ ლექსზე "ლაზიერის გამბიტი" შეიქმნა, საბჭოთა ცენზურამ კოლექტივს საკონცერტო მოღვაწეობა აუკრძალა და რადიოშიც დაბლოკა. სიმღერა მეოცნებე პაიკის შესახებ, რომელიც მეფისთვის იბრძვის, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ უკანასკნელთან ერთად ერთ მცირე ყუთში თავსდება, კომუნისტი იდეოლოგებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, აკრძალვა მალე მოიხსნა, რომან რცხილაძემ კი "ნატვრის ხესთან" ერთად არაერთი წარმატებული ნამუშევარი შექმნა. 

2. კოლხიდა - რამაიდა

ეს ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "დიელოდან" წამოსულმა კიდევ ერთმა მუსიკოსმა, მარსელ კაპანაძემ შექმნა. "კოლხიდას" შემოქმედება ძირითადად ქართული ფოლკლორისა და ქალაქური სიმღერების ფსიქოდელიურ პოპთან და ჯაზ-როკთან შერწყმის მცდელობებით ხასიათდებოდა. ჟღერადობას კი ფაზ-გიტარა, ფორტეპიანო, სინთეზატორი და ჩასაბერი ინსტრუმენტები განსაზღვრავდა

"რამაიდა", რომელიც ანსამბლის ერთ-ერთმა წევრმა, სოსო ჟვანიამ ქართული ხალხური სიმღერის საფუძველზე შექმნა, "კოლხიდას" მიერ 1975 წელს გამოშვებული ერთადერთი ალბომის გამხსნელი კომპოზიციაა. რთული ვოკალური ჰარმონიები აქ სინთეზატორით შექმნილი ატმოსფერული ჟღერადობითაა გაჯერებული. მთავარ პარტიებს კი კოლექტივის სოლისტები, მარინა კახიანია და თენგიზ შოშიაშვილი ასრულებენ.  

1. აისი - ოროველა

კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "აისი" გაიოზ ქართველიშვილის ხელმძღვანელობით 1974 წელს ჩამოყალიბდა. თბილისის საესტრადო-საცირკო სასწავლებლის კურსდამთავრებულებით დაკომპლექტებული კოლექტივი ასრულებდა ყველაფერს, რაც იმ დროს პოპულარული იყო, დაწყებული ბიგ-ბენდ ჯაზითა და დამთავრებული საორკესტრო პოპით. თუმცა, განსაკუთრებულ აღნიშვნას ქართული ხალხური სიმღერების ფანკისა და  ფსიქოდელიის ელემენტებით გაჯერებული არანჟირებები იმსახურებს.
   
1975 წელს ჩაწერილი "ოროველა" ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარია. კომპოზიცია ექსპერიმენტული ჟღერადობის ინსტრუმენტალითა და ჰიპნოტური ვოკალით იხსნება. მცირე ხანში კი შექმნილ მისტიკურ ატმოსფეროში ლაღი ფანკი და ენერგიული მრავალხმიანობა ისე ეფექტურად შემოდის, რომ ზოგად განწყობას ოდნავადაც არ არღვევს. ერთი სიტყვით, თავად უნდა მოისმინოთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული