Thumbnail

მზიან ამინდსა და მის თანმხლებ დადებით განწყობას სიმღერა არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა მიუძღვნა. ჩვენს სიაში სწორედ ათ ასეთ გამორჩეულ კომპოზიციას წარმოგიდგენთ. 

ნახე სრული ფლეილისტი

10. The Beatles - Good Day Sunshine

ლივერპულური ოთხეულის შემოქმედებაში ეს სიმღერა ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორული ნამუშევარია, რომლისთვისაც საქებარი სიტყვები კოლექტივმა თვით "ვესთსაიდური ისტორიის" ლეგენდარული ავტორისგან, ლეონარდ ბერნსტაინისგანაც კი დაიმსახურა. 1966 წლის ალბომში Revolver შესული ჩანაწერის შექმნა პოლ მაკკარტნის ამერიკული როკ ჯგუფის The Lovin' Spoonful ჰიტმა Daydream და მისმა ვინტაჟურმა, ვოდევილურმა ჟღერადობამ შთააგონა.

9. Roy Ayers Ubiquity - Everybody Loves the Sunshine

ნეოსოულის ნათლიმამის სახელით ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, როი ეიერსის ეს კომპოზიცია მის კარიერაში ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა, რომელიც ჰიპ ჰოპსა თუ ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტებმა სხვადასხვა ეპოქაში არაერთხელ გადასემპლეს. თავად ეიერსი კი ჩანაწერის პოპულარობის შესახებ ხუმრობდა, როგორც ჩანს, მზის სინათლე გრაფ დრაკულას გარდა მართლაც ყველას უყვარსო.

8. The Lovin' Spoonful - Summer in the City

1960-იან წლებში მოღვაწე ამ ამერიკულ კოლექტივს ზაფხულის სურნელის მქონე, დადებითი ემოციებით სავსე ჩანაწერების შექმნა აშკარად სხვებზე უკეთ გამოსდიოდა. კომპოზიცია Summer in the City კი, რომლის ინსტრუმენტალშიც ცხელი ქალაქის ატმოსფეროს უფრო ნათლად გადმოცემის მიზნით, ელექტრობურღისა და მანქანის საყვირის ხმებია გარეული, ბენდის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა.

7. Electric Light Orchestra - Mr. Blue Sky

1977 წელს ჯგუფის ფრონტმენი, ჯეფ ლინი შვეიცარიაში ნაქირავებ შალეში იმყოფებოდა და ახალი ჩანაწერისთვის შთაგონებას ამაოდ ეძებდა. საბოლოოდ, ხანგრძლივი უამინდობის შემდეგ, ალპების თავზე ლურჯმა ცამ გამოანათა. ულამაზესმა პეიზაჟმა მუსიკოსზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ჯერ ოპტიმიზმითა და პოზიტიური განწყობით სავსე ეს ჰიტი, მომდევნო სამ კვირაში კი კოლექტივის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბომში Out of the Blue შესული სხვა კომპოზიციებიც დაწერა.

6. The Beach Boys - Springtime Vacation

ამ ლეგენდარული კალიფორნიული ჯგუფის ნამუშევრები წყნარი ოკეანის პლაჟთან, მცხუნვარე მზესთან და უწყვეტ მხიარულებასთან ასოცირდება. ერთი შეხედვით მარტივი, უპრეტენზიო ჩანაწერების მიღმა მუსიკოსების საოცარი საშემსრულებლო ნიჭი და უზადო პროფესიონალიზმი იმალება. 2012 წელს კოლექტივის ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად გამოცემულ რიგით 29-ე სტუდიურ ალბომში შესული ეს კომპოზიცია კი ნათლად მოწმობს, რომ დრომ მათი შემოქმედების ხარისხს ვერაფერი დააკლო.

5. The Kinks - Sunny Afternoon

საკუთარი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული მუსიკალური კოლექტივის მიერ 1966 წელს გამოცემულ სიმღერაში მზიან შუადღესთან ერთად, ლეიბორისტული პარტიისა და მისი ლიდერის, ჰაროლდ ვილსონის მიერ ქვეყანაში პროგრესული გადასახადის შემოღების შედეგებია აღწერილი. კომპოზიციის ტექსტი გაღარიბებული არისტოკრატის პერსპექტივიდანაა დაწერილი, რომელსაც კარგ ამინდში უსაქმურობის გარდა აღარაფერი დარჩენია.

4. Bob Marley and the Wailers - Sun is Shining

ლეგენდარული იამაიკელი არტისტის შემოქმედებაში ეს კომპოზიცია დღეს ერთ-ერთი გამორჩეულად პოპულარული ნამუშევარია, თუმცა თავდაპირველად ის მსმენელთა თუ კრიტიკოსთა ყურადღების მიღმა დარჩა. ამის მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ რეგეის მეფეს Sun is Shining თავის საკონცერტო რეპერტუარში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეჰქონდა და კარიერის განმავლობაში ცოცხლად სულ ორჯერ აქვს შესრულებული.

3. რერო - გამოდი

ლეგენდარული ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ეს კომპოზიცია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პოზიტიურ განწყობასა და გარეთ გამოსვლის სურვილს არა მხოლოდ ზაფხულის მზე, არამედ შემოდგომის ოქროსფერი ამინდიც იწვევს. 1980 წელს გამოცემულ ალბომში შესული, კლასიკური ბიგ-ბენდ ჯაზისა და ფანკის ჟღერადობით გამორჩეული, არაჩვეულებრივად არანჟირებული ნამუშევარი პოპულარობას დღემდე არ კარგავს და ახალ მსმენელებს ყველა თაობაში პოულობს.

2. Laid Back - Sunshine Reggae

კიდევ ერთი რეგეი ჩანაწერი ჩვენს სიაში, თუმცა ამჯერად მზიანი იამაიკის ნაცვლად, სუსხიანი ამინდით ცნობილი სკანდინავიის ნახევარკუნძულიდან. დანიური კოლექტივის Laid Back მიერ 1983 წელს გამოცემულმა სინგლმა თავის დროზე იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ დღესდღეობით ჟანრის ერთ-ერთ ქვემიმდინარეობას სწორედ მისი სახელით მოიხსენიებენ.

1. Frank Sinatra - Blue Skies

პოპულარული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორის, ირვინგ ბერლინის ეს ნაწარმოები სხვადასხვა დროს ათობით პოპულარულმა არტისტმა გადაამღერა. მათ შორის იყვნენ ელა ფიცჯერალდი, უილი ნელსონი, ბინგ ქროსბი და სხვები. ჩვენი სიაში შესატანად კი ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ფრენკ სინატრას მიერ ჩვეული ქარიზმითა და განუმეორებელი მანერით შესრულებული ვერსია შევარჩიეთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული