Thumbnail

სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა ქარით, თოვლითა და წვიმით შთაგონებული არაერთი მშვენიერი კომპოზიცია შემოგვთავაზეს. ამ სიაში სწორედ ათ ასეთ გამორჩეულ ნამუშევარს წარმოგიდგენთ. 

ნახე სრული ფლეილისტი

გენიალური გია ყანჩელის მიერ შექმნილი "ქარი ქრის" თუ შეუდარებელი ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებული "თოვლი" მსმენელისთვის დამატებით წარდგენას არ საჭიროებს. სწორედ ამიტომ სიის შედგენისას გადავწყვიტეთ, ორ-სამი პოპულარული ჩანაწერისთვის ფართო საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი სიმღერა შეგვერია. მათი რიგითობა ტრადიციულად პირობითია.

10. ვია 75 - ქარი

ვია "75"-ის ეს ნაკლებად ცნობილი ჩანაწერი ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლებისთვის დამახასიათებელი, ერთი შეხედვით, შაბლონური ჟღერადობით იწყება. თუმცა, უეცრად ყველაფერი ძირფესვიანად იცვლება და კომპოზიციაც ისე საინტერესოდ ვითარდება, რომ თავდაპირველი შთაბეჭდილებისგან ნატამალიც კი აღარ რჩება. ჯაზ-როკისა და ფიუჟენის ჟანრებში გადაწყვეტილი სიმღერით "ქარი" ჯგუფის 1981 წლის ალბომი იხსნება, აქ კი 1978 წელს რადიოში შესრულებულ ვერსიას წარმოგიდგენთ. 

9. წერილი - წვიმს

ამ ჯგუფისა და მისი დამაარსებლის, გია თოიძის საკმაოდ მდიდარ დისკოგრაფიაში ქარზე, თოვლსა და წვიმაზე დაწერილი იმდენი სიმღერა მოიძებნება, სურვილის შემთხვევაში ცალკე სიასაც თავისუფლად დავაკომპლექტებდით. 1995 წელს შექმნილი კოლექტივი, რომელსაც თავდაპირველად "ამორალი" ეწოდებოდა, ქართული პოსტ პანკის, გოთიკისა და ალტერნატიული როკის სცენის ვეტერანი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია. 

8. თეატრონი - თოვს, თოვს

1980-იანი წლების ქართული მუსიკის სცენაზე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა ნელ-ნელა მსუბუქმა პოპ როკ სიმღერებმა საანაცვლა. მათი შესრულება განსაკუთრებით კარგად ჯგუფ "თეატრონს" გამოსდიოდა. ამ კომპოზიციის ავტორი კოლექტივის ბასისტი, ნუგზარ ერგემლიძე გახლავთ, წამყვან ვოკალისტად კი მერაბ სეფაშვილი გვევლინება, რომელმაც შემოქმედებითი მოღვაწეობა სწორედ ამ ბენდში დაიწყო.

7. კოლხიდა - ქარი

ცნობილი პოეტის, მორის ფოცხიშვილის ლექსებზე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების მიერ შექმნილი არაერთი სიმღერაა აგებული. მათ შორისაა მარსელ კაპანაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, "კოლხიდას" ეს ჩანაწერი. ბიგ-ბენდ ჯაზისა და სოულის ესთეტიკაში გადაწყვეტილი კომპოზიცია ჯგუფის მიერ 1975 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომში შედის. 

6. KayaKata - ცრის

თბილისის წვიმა და უამინდობა საინტერესო ნამუშევრების შექმნას არა მხოლოდ სხვადასხვა ჟანრის, არამედ ყველა თაობის წარმომადგენლებსაც შთააგონებს. ამის ნათელი მაგალითი ორი უნიჭიერესი თანამედროვე ქართველი არტისტის, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ ჩამოყალიბებული ჰიპ ჰოპ დუეტის ეს კომპოზიციაა, რომელიც მათი ლეგენდარული ამერიკელი კოლეგის, მისი ელიოტის ჩანაწერის Wake Up სემპლზეა აგებული. 

5. ინოლა გურგულია - ქარი კვლავ არხევს

ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ტრიოს, "სამაიას" წევრის, ინოლა გურგულიას ნამუშევრებს პოპულარობა ნამდვილად არ აკლდა. 1960-იან წლებში მუსიკოსი რამდენიმე კინოსურათშიც გადაიღეს, სადაც მისი სიმღერებიც ჟღერს. თუმცა, საბჭოთა ხმის ჩამწერი ინდუსტრია ამ უნიჭიერესი შემსრულებლის მიმართ სრულ გულგრილობას იჩენდა, რის გამოც მას სიცოცხლეში ფირფიტა არ გამოუცია. ინოლას არაჩვეულებრივი ტალანტის სადემონსტრაციოდ კი ეს კომპოზიციაც კმარა, რომლის ავტორიც დავით თორაძე გახლავთ.

4. სტეფანე & ნანი ბრეგვაძე - ისევ წვიმს

მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილი კიდევ ერთი ნამუშევარი ჩვენს სიაში. კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის მიერ დაწერილი ეს შესანიშნავი კომპოზიცია სხვადასხვა დროს არაერთმა ქართველმა მუსიკოსმა გადაამღერა. თქვენთვის წარმოსადგენად კი ქართული პოპ მუსიკის ორი ვარსკვლავის, ნანი ბრეგვაძისა და სტეფანე მღებრიშვილის მიერ შესრულებული ვერსია შევარჩიეთ.

3. პრიზი - თოვს

ცნობილი ბლუზ გიტარისტის, ლევან ლომიძის მიერ 1988 წელს ჩამოყალიბებული ეს კოლექტივი თავდაპირველად ჰევი მეტალის ჟანრში მოღვაწეობდა, თუმცა, მცირე ხანში მუსიკალური მიმართულება საგრძნობლად შეიცვალა და პოსტ პანკის, სინთპოპისა და პოპ როკის შესრულებაზე გადაერთო. კომპოზიცია "თოვს" ჯგუფის მიერ 1992 წელს გამოცემულ ერთადერთ ალბომში "ღამის ქალაქი" შევიდა.

2. დესპანი - მოგონება ქარში

პოპ როკის, პოსტ პანკისა და ქართული ფოლკის ეფექტური სინთეზი ჯაზის მცირედი გავლენით - სწორედ ასე შეიძლება დავახასიათოთ 1990-იან წლების მეორე ნახევარში მოღვაწე ჯგუფის, "დესპანის" ჟღერადობა. რუსთავში შექმნილმა კოლექტივმა ერთადერთი სტუდიური ჩანაწერის გამოცემა მოახერხა. კომპოზიცია "მოგონება ქარში" სწორედ მუსიკოსების მიერ 1999 წელს კასეტებზე გამოშვებულ ამავე სახელწოდების ალბომში შედის. 

1. ჯაზ ქორალი - მოდის წვიმა

ალექსანდრე კილაძის მიერ 1985 წელს ჩამოყალიბებული "ჯაზ ქორალი" ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო კოლექტივი იყო იმდროინდელ ქართულ სცენაზე. კოლექტივი საკმაო პოპულარობითაც სარგებლობდა, რასაც მის მიერ მოგებული არაერთი მუსიკალური კონკურსიც მოწმობს. ქართული მრავალხმიანობისა და ვოკალური ჯაზის ელემენტების შერწყმის მცდელობებმა ამ პროექტის შემოქმედებაში ძალზე შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო, რისი ნათელი მაგალითიც ეს არაჩვეულებრივი კომპოზიციაა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული