Thumbnail

რეცენზია: Fiona Apple - Fetch the Bolt Cutters

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

შორეულ 1997 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა, ფიონა ეფლ მაკეფი-მეგართმა MTV-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ახალბედა არტისტის ჯილდო დაიმსახურა. პრიზის მისაღებად სცენაზე ასულმა ფიონამ სტანდარტული სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის ნაცვლად, მაყურებლებს პირდაპირ ეთერში გამოუცხადა, ის სამყარო, რასაც ახლა ეკრანზე ხედავთ, სრული ნაგავია და თქვენი ცხოვრება ჩვენი, პოპულარული ადამიანების აზრებისა თუ შეხედულებების მიხედვით არ უნდა წარმართოთო.

ისტორიას ვარსკვლავების მხრიდან მსგავსი უცერემონიო გულახდილობის შემთხვევები საკმარისზე მეტი ახსოვს, თუმცა ფიონას მიერ რვაწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გამოცემული ალბომი Fetch the Bolt Cutters იმ ფაქტს უსვამს ხაზს, რომ ბევრისგან განსხვავებით, ამერიკელი მუსიკოსი სიხისტესა და პირდაპირობას ათწლეულების შემდეგაც ინარჩუნებს.

თავისუფალი არანჟირებითა და უცნაური ჟღერადობით გამოირჩეული ჩანაწერის რომელიმე ერთ ჟანრში მოქცევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით მიღებული ხმები, კომპოზიციების არასტანდარტული სტრუქტურა, ქაოტური რიტმები, იმპროვიზებული პასაჟები და უჩვეულო ვოკალური მანიპულაციები - Fetch the Bolt Cutters ერთი ხანგრძლივი, რადიკალური ექსპერიმენტია, რომლის შედეგადაც რაღაც სასწაულით სრულფასოვანი პოპ ჩანაწერი მივიღეთ.

ალბომში მე-20 საუკუნის ფუტურისტული მიმდინარეობების, კონკრეტული მუსიკისა და ფლუქსუსის გავლენა იგრძნობა, რომელთა ელემენტების მეინსთრიმში ინტეგრირება უკიდურესად ამბიციური გადაწყვეტილებაა. თუმცა, ამ ნამუშევრის მთავარი ღირსება რეალურად ისაა, რომ მთელი ეს პოპ სიმფონია ეფლის მხრიდან მხოლოდ საკუთარი ემოციების გულწრფელად გამოხატვის საშუალებაა და არა ორიგინალურობის ჩვენების სურვილი.

ჩანაწერის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი მისი ატმოსფეროს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ რეალობასთან თანხვედრაა. ავეჯის გადაადგილების, ძაღლის ყეფის, საყოფაცხოვრებო ნივთების კაკუნისა თუ კედლებზე დარტყმისას მიღებული ხმები მას ეფლის სახლისა და პირადი სივრცის ერთგვარ მუსიკალურ ანარეკლად წარმოაჩენს. იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის გამო, ადამიანების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფება, გასაგები ხდება, რატომაც იმოქმედა ამ ნამუშევარმა მსმენელთა განცდებზე ასე მძაფრად. ამ სტატიის დაწერის დროისთვის რეცენზიების საიტის Metacritic მონაცემებით, Fetch the Bolt Cutters ისტორიაში ყველაზე მაღალი შეფასების (100/100) მქონე ალბომია.

ნამუშევრის გამხსნელი კომპოზიცია I Want You to Love Me ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ფიონას მუსიკა ფართო აუდიტორიისთვის კარგად ნაცნობ, შედარებით კონვენციურ ფორმაშია მოქცეული. თუმცა, ფორტეპიანოზე შესრულებული მსუბუქი სასიყვარულო ბალადის ბოლო, იოკო ონოსეული ვოკალური სპაზმებით სავსე მონაკვეთი უკვე იმ ექსპერიმენტებისთვის შემზადებაა, რომელიც მსმენელს მომდევნო ტრეკში Shameika და ზოგადად ალბომში ელოდება.

ამ სიმღერის ტექსტში ფიონა სკოლაში სწავლის პერიოდში თანაკლასელი გოგონების მხრიდან ბულინგისა თუ გვერდში ამოდგომის შემთხვევებს იხსენებს. ზოგადად, ფემინისტური ნარატივი მისი ლირიკის ერთ-ერთი ძირითადი თემაა. ეფლი უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, პატრიარქალური საზოგადოების მიერ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქალებს შორის საერთო ენის გამონახვის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს. კომპოზიციებში Rack of His, For Her, Ladies და Under the Table არტისტი სწორედ ამ საკითხებს ეხება, Newspaper-ში კი მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცის ამჟამინდელ საყვარელ ქალთან მეგობრობის სურვილზე საუბრობს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფიონა საკუთარ სახლს ძალზე იშვიათად ტოვებდა და მხოლოდ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობით შემოიფარგლებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მუსიკოსის თანმდევი დეპრესია და შინაგანი გაუწონასწორებლობა იყო, რომელმაც განსაკუთრებით მძაფრად მის საშემსრულებლო მანერაში იჩინა თავი. კომპოზიციებში Drumset, Cosmonauts და Heavy Balloon მისი ვოკალი ხან ისტერიულია, ხან აგრესიული, ხანაც მელანქოლიური. ეს ყველაფერი ექსპერიმენტული გოსპელის მსგავს ეფექტს ქმნის, რომელსაც ჯაზისა თუ ბლუზის ლეგენდების, ნინა სიმონესა და ბესი სმიტის სტილის გავლენა ეტყობა. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფიონას ბენდის წევრების დამსახურება, რომლებმაც ინსტრუმენტული პარტიების შთამბეჭდავ შესრულებასთან ერთად ბექვოკალისტების ფუნქციაც უნაკლოდ შეითავსეს. ტრეკში Fetch the Bolt Cutters მათ პარტნიორობა ცნობილმა მოდელმა და მსახიობმა, კარა დელევინმაც გაუწია.

2012 წელს ფიონა ეფლი მარიხუანის შენახვისათვის დააკავეს. იზოლატორში ყოფნისას, ის საკუთარ თავს დასამშვიდებლად ბუდისტური მედიტაციის ტექნიკის, ვიპასანას ერთ-ერთ ჰიმნს უმღეროდა. სიმბოლურია, რომ ჩანაწერი, რომელიც ნერვულ შეტევასთან მუსიკის დახმარებით გამკლავების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს, სწორედ ამ მელოდიის გადამუშავების შედეგად შექმნილი კომპოზიციით On I Go იხურება. Fetch the Bolt Cutters ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პოპ ნამუშევარია, რომელმაც 2020 წლის საუკეთესო ალბომის ტიტულისთვის კონკურენციაში თამასა ძალზე მაღლა ასწია.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული