Thumbnail

10 ნაკლებად ცნობილი არტისტი, რომელმაც პოპულარული მუსიკის ისტორია შეცვალა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

მუსიკოსის გავლენა და მნიშვნელობა მხოლოდ მისი ცნობადობითა თუ გაყიდული ჩანაწერების რაოდენობით რომ არ განისაზღვრება, ცივილიზებული კაცობრიობა უკვე დიდი ხანია, შეთანხმდა. ისტორიას უამრავი ისეთი არტისტი თუ ბენდი ახსოვს, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით არასდროს სარგებლობენ, თუმცა საკუთარი ნამუშევრებითა და ნოვაციებით ასობით გამოჩენილი კოლეგა შთააგონეს, ზოგ შემთხვევაში კი ცალკეულ ჟანრებსა თუ მიმდინარეობებსაც დაუდეს საფუძველი.

ამ სტატიაში სწორედ ათ ასეთ გამორჩეულ არტისტს წარმოგიდგენთ. 

10. Yellow Magic Orchestra

1912 წელს "ტიტანიკის" ჩაძირვისას გემზე ერთადერთი იაპონელი მგზავრი, მასაბუმი ჰოსონო იმყოფებოდა, რომელიც დაღუპვას სამაშველო ნავში ჩახტომით გადაურჩა. თუმცა, წინ მას არანაკლები განსაცდელი ელოდა. სამშობლოში დაბრუნებული მასაბუმი უღირს საქციელში, ბავშვებისა და ქალების სიცოცხლეზე წინ საკუთარი უსაფრთხოების დაყენებაში დაადანაშაულეს. ის საყოველთაო გაკიცხვის ობიექტად იქცა, რის გამოც დარჩენილი ცხოვრების გატარება, ფაქტობრივად, საზოგადოებისგან გარიყულს მოუწია. 1978 წელს კი მისმა შვილიშვილმა, ჰარუომიმ მეგობრებთან, რუიჩი საკამოტოსთან და იუკიჰირო ტაკაჰაშისთან ერთად ჯგუფი Yellow Magic Orchestra ჩამოაყალიბა, რომელმაც პოპულარული მუსიკის განვითარების გზა სამუდამოდ შეცვალა.

ფუტურისტული, ელექტრონული ჟღერადობის მქონე ბენდმა სამშობლოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. იქ მას "იაპონურ ბითლზსაც" კი უწოდებდნენ, თუმცა ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ კოლექტივი ნაკლებადაა ცნობილი. ამის მიუხედავად, მუსიკოსების შემოქმედებით შთაგონებული არტისტების სია ძალზე შთამბეჭდავად გამოიყურება. ჯგუფმა უდიდესი გავლენა მოახდინა როგორც 1980-იანი წლების სინთპოპზე (Duran Duran, Depeche Mode, The Human League და სხვა ), ასევე დეტროიტულ ტექნოზე, ჰიპ ჰოპის პიონერ აფრიკა ბამბაატასთვის კი ეპოქალური ტრეკის Planet Rock ინსპირაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა. აღარაფერს ვამბობთ მათი ჩანაწერებიდან აღებულ ასობით სემპლზე, რომლებსაც პოპულარული მუსიკის არაერთ ჟანრსა თუ მიმდინარეობაში ვაწყდებით, დაწყებული ჯეი დილას და დამთავრებული მერაია ქერის შემოქმედებით.

Yellow Magic Orchestra მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტად ითვლება, თუმცა, არანაკლებ საინტერესოა ის გავლენა, რომელიც კოლეგებზე ტრიოს წევრთა სოლო მოღვაწეობამ მოახდინა. საკულტო ფიგურად ქცეულ რუიჩი საკამოტოს წარდგენა, ალბათ, ყველაზე ნაკლებად სჭირდება, იუკიჰირო ტაკაჰაშიმ ტექნოპოპისა და დაუნტემპოს ერთ-ერთი პირველი ნიმუშები შექმნა, ჰარუომი ჰასონო კი დღემდე თანამედროვე დასავლელი ინდი არტისტების (Vampire Weekend, Mac DeMarco) კერპად რჩება.

9. John Fahey

ამერიკელმა გიტარისტმა, ჯონ ფეიმ მოღვაწეობა სტანდარტული ბლუგრასის შესრულებით დაიწყო, თუმცა მცირე ხანში ბელა ბარტოკის, ჩარლზ აივზის, გუსტავ ჰოლსტისა და თანამედროვე კლასიკური მუსიკის სხვა წარმომადგენელთა შემოქმედების გავლენით გიტარაზე დაკვრის სპეციფიკური, ვირტუოზული მანერა შეიმუშავა, მისი კომპლექსური, ავანგარდული კომპოზიციები კი ამერიკული პრიმიტივიზმის სახელით ცნობილი მიმდინარეობის საფუძვლად იქცა. ექსპერიმენტული ნეოკლასიკის, ბლუგრასის, სამბასა და ინდური ფოლკის ეს უცნაური ნაზავი მე-20 საუკუნეში შექმნილ მიმდინარეობებს შორის გამორჩეულად საინტერესოა. 

ჯონ ფეის შემოქმედების არაკონვენციური ხასიათის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ მუსიკოსმა განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია. მისი პოპულარობა სიცოცხლეში მელომანებისა და კოლეგების საკმაოდ ვიწრო წრით შემოიფარგლებოდა. შესაბამისად, ცხოვრების გატარებაც საკმაოდ რთულ პირობებში მოუხდა. არტისტის ფინანსურ პრობლემებს სხვადასხვა დროს ალკოჰოლიზმი, მძიმე ავადმყოფობა, განქორწინება და ხანგრძლივი დეპრესია დაერთო. 2001 წელს გარდაცვლილმა ფეიმ სამყაროს ფენომენალური მუსიკალური მემკვიდრეობა დაუტოვა, თავად კი საკულტო ფიგურის სტატუსი დაიმკვიდრა.

მისი დაკვრის მანერა ასობით გიტარისტმა აითვისა, ნამუშევრები კი არაერთი ცნიობილი მუსიკოსის შთაგონების წყაროდ იქცა. ლეგენდარული როკ ჯგუფის, The Who-ს წევრი პიტ თაუნსენდი მას თავისი ეპოქის გამორჩეულ ინოვატორად თვლიდა, Led Zeppelin-ის მესამე სტუდიურ ალბომში ფოლკ მოტივების გაჟღერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი რობერტ პლანტისა და ჯიმი პეიჯის მხრიდან ფეის ჩანაწერებით გატაცება იყო. ამერიკელმა არტისტმა გავლენა ალტერნატივისა და პოსტ პანკის წარმომადგენლებზეც, პირველ რიგში Sonic Youth-ზე მოახდინა და არაერთი ინდი თუ ფოლკ არტისტის, მათ შორის სუფიან სტივენსისა და დევენდრა ბანჰარტის კერპად იქცა. 

8. The Velvet Underground

1964 წელს ჩამოყალიბებული The Velvet Underground ის შემთხვევაა, როდესაც არტისტის საწყისი წარმატება არა მსმენელთა ფართო მასების დაინტერესებამ, არამედ იმ გავლენამ განაპირობა, რომელიც მისმა შემოქმედებამ კოლეგებზე მოახდინა. ამის საუკეთესო მაგალითი ნიუ იორკული კოლექტივის სადებიუტო ალბომი The Velvet Underground & Nico გახლავთ, რომელიც მუსიკოსებმა გერმანელ მომღერალთან და მსახიობთან, კრისტა პეფგენთან, იგივე ნიკოსთან ერთად ჩაწერეს.

1967 წელს, ფსიქოდელიური როკის დომინაციის ეპოქაში გამოსული ჩანაწერის ხისტი, გაბმული და დისონანსებით სავსე ჟღერადობა ამერიკულ ავანგარდულ სკოლასთან უფრო ახლოს იდგა, ვიდრე იმ დროისთვის აქტუალურ მუსიკალურ ტენდენციებთან. კრიტიკოსები ვერც ნიჰილიზმის სავსე, სადომაზოხიზმის, პროსტიტუციისა და ნარკოდამოკიდებულების თემატიკისადმი მიძღვნილი ლირიკით აღფრთოვანდნენ. ალბომის პირველი გამოცემა კომერციულად წარუმატებელი გამოდგა, თუმცა მათი უმეტესობა, ვინც ფირფიტა შეიძინა, ან უკვე მოქმედი მუსიკოსი იყო ან დაკვრა სწორედ მისი მოსმენის შემდეგ დაიწყო. შესაბამისად, The Velvet Undergound-ის სახიფათო იდეებით პოპ კულტურის მოწამვლის ნელი, მაგრამ შეუქცევადი პროცესიც წარმატებით დაიწყო.

ჯგუფის ნამუშევრებით ისეთი ლეგენდარული ფიგურებიც კი დაინტერესდნენ, როგორიც იყო, მაგალითად, დევიდ ბოუი. ამ დროიდან მოყოლებული, მუსიკოსების პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა. The Velvet Underground-ის მიერ შთაგონებული შემსრულებლების სია საკმაოდ დიდია და მათი ჩამოთვლა ძალზე შორს წაგვიყვანს. ამ უზარმაზარი გავლენის მიზეზი, ინოვაციურ ჟღერადობაზე მეტად, ბენდის ნონკონფორმისტული იდეოლოგიაა - ის უნივერსალური ღირებულება, რომელიც ჟანრობრივ ბარიერებზე მაღლა დგას და გაბატონებული ნორმების წინააღმდეგ წასვლისკენ ნებისმიერ მიმდინარეობაში მოღვაწე არტისტს შეიძლება, უბიძგოს.

7. Tangerine Dream

გერმანელი არტისტის, ედგარ ფროზეს მიერ 1967 წელს ჩამოყალიბებული Tangerine Dream ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ელექტრონული მუსიკის ისტორიაში. უახლესი ტექნოლოგიების ათვისებისა და ჟანრში სხვა მიმდინარეობათა ელემენტების ინტეგრირების წყალობით, ჯგუფის გავლენამ უამრავი მიმართულება მოიცვა. ექსპერიმენტული ანდერგრაუნდისა თუ თანამედროვეობაში ასე პოპულარული EDM-ის (ელექტრონული საცეკვაო მუსიკის) წარმომადგენლებისთვის კი კოლექტივის ჩანაწერები ერთგვარ სახელმძღვანელოდაც კი იქცა.

ათობით სტუდიური ალბომი, მხატვრული ფილმების საუნდტრეკები და მულტიმედიური პროექტები - გერმანულმა კოლექტივმა უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა, მუსიკოსების მიერ შთაგონებული არტისტების სია კი ძალზე ეკლექტურად გამოიყურება. აქ ელექტრონულ ბენდებსაც წააწყდებით (M83, Global Communication, The Future Sound of London), როკ ჯგუფებსაც (Porcupine Tree, Kasabian) და საკულტო ჰიპ ჰოპ პროდიუსერ ჯოშუა დევისსაც (DJ Shadow). აღსანიშნავია, რომ პოპის მეფე, მაიკლ ჯექსონი Tangerine Dream-ის მიერ 1977 წლის სურათისთვის Sorcerer შექმნილ საუნდტრეკს თავის ყველა დროის ერთ-ერთ უსაყვარლეს ალბომად ასახელებდა.

ედგარ ფროზე ათწლეულების განმავლობაში კოლექტივის ბირთვად და წამყვან ძალად რჩებოდა. 2015 წლიდან, მისი გარდაცვალების შემდეგ, ჯგუფის ლიდერი თორსტენ ქეშნიგი გახდა, რომელიც ფროზემ თავის მემკვიდრედ სიცოცხლეშივე დაასახელა. თავდაპირველად ტრიოს ფორმით ჩამოყალიბებული Tangerine Dream-ის შემადგენლობაში სხვადასხვა ეპოქაში არაერთი ლეგენდარული არტისტი მოღვაწეობდა, რომელთა შორის განსაკუთრებულ აღნიშვნას ემბიენთის ტიტანი, კლაუს შულცე და ნიუ ეიჯის საკულტო ფიგურა, კონრად შნიცლერი იმსახურებენ.

6. Wendy Carlos

ვენდი კარლოსის სახელი საშუალო სტატისტიკურ მსმენელს ბევრს არაფერს ეუბნება, თუმცა ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ენთუზიასტებს მისი მემკვიდრეობისა და მნიშვნელობის შესახებ კარგად მოეხსენებათ. ამერიკელმა ფიზიკოსმა და არტისტმა უდიდესი როლი შეასრულა სინთეზატორების განვითარებასა და პოპულარიზაციაში, მინი რევოლუცია მოახდინა მუსიკის თეორიაში და სხვადასხვა ეპოქაში ასობით გამოჩენილი კოლეგა შთააგონა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მის მიერ კინომუსიკის ისტორიაში შეტანილი წვლილი. კარლოსის მიერაა გაფორმებული სტენლი კუბრიკის საკულტო სურათი "მექანიკური ფორთოხალი" და სტივენ ლისბერგერის სამეცნიერო-ფანტასტიკური ბლოკბასტერი "ტრონი".

1964 წელს კომპანიამ Moog Inc. გაყიდვაში კომერციული წარმოების პირველი სინთეზატორი ჩაუშვა. ეპოქალური მოდელის შექმნაში ბრენდის დამაარსებელს, რობერტ მუგს დახმარება სწორედ კარლოსმა გაუწია. ოთხი წლის შემდეგ გამოცემულ სადებიუტო ალბომში Switched-On Bach ისტორიაში ერთ-ერთმა პირველმა ტრანსგენდერმა მუსიკოსმა (მისი დაბადების სახელი უოლტერი იყო) ლეგენდარული კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოებები სწორედ ამ ინსტრუმენტზე შეასრულა. ჩანაწერმა გრემის სამი ჯილდო დამსახურა და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა, რითაც ადრე ექსპერიმენტული ავანგარდის ნაწილად მიჩნეული სინთეზატორების მეინსთრიმში დამკვიდრებას შეუმზადა საფუძველი.

ვენდი კარლოსის ხედვა და იდეები ინსპირაციის წყაროდ ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არაერთი ცნობილი არტისტისთვის იქცა, დაწყებული ლეგენდარული იტალიელი არტისტით, ჯორჯო მოროდერით და დამთავრებული ფრანგული დუეტით Daft Punk. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ მუსიკოსი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის სინთეზატორის ევოლუციაში, ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას თანამედროვე სცენაზე ელექტრონული ინსტრუმენტების მზარდი დომინაციის გამო. კარლოსისთვის ტექნოლოგია ყოველთვის თვითგამოხატვის საშუალებას წარმოადგენდა და არა მუსიკიდან ადამიანური ფაქტორის გაქრობის მცდელობას, რის გამოც ზოგიერთი ტენდენცია, განსაკუთრებით კი დრამერების დრამ-მანქანებით ჩანაცვლება არაერთხელ გაუკრიტიკებია.

5. Fela Kuti

ფელა კუტი 1938 წელს ნიგერიაში დაიბადა. მის ოჯახში განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ (ფელას ბიძაშვილი, ვოლე შოიინკა პირველი აფრიკელი იყო, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა), ამიტომაც მომავალი მუსიკოსი დიდ ბრიტანეთში მედიცინის შესასწავლად გაემგზავრა. თუმცა, ლონდონში ის ფანკმა და ჯაზმა უფრო დააინტერესა, სამშობლოში დაბრუნებულმა ფელამ კი საკუთარი ბენდი ჩამოაყალიბა და მუსიკალურ კარიერასთან ერთად აქტივისტური მოღვაწეობაც დაიწყო. მან საკუთარი კომუნა დაარსა და ადგილობრივი ხელისუფლების კორუფციისა და ძალმომრეობის მწვავე კრიტიკას შეუდგა, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს და სამართალდამცველთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც არაერთხელ გახდა.

ფელა ანტიაპართეიდულ მოძრაობას მხარს უჭერდა და "შავი პანტერების" ორგანიზაციასაც უცხადებდა სოლიდარობას. ერთი სიტყვით, უსამართლობის ნებისმიერ გამოვლინებას დონკიხოტური შემართებით ებრძოდა, პროტესტის გამოსახატად კი საკუთარ მუსიკას იყენებდა, რომლის ჟღერადობასაც 1967 წელს, განაში მოგზაურობისას მიაგნო. იქ აღმოჩენილი, ჰაილაიფის სახელით ცნობილი მიმდინარეობის, ჯაზის, ფანკისა და აფრიკული ფოლკ რიტმების შერწყმის ხარჯზე, ნიგერიელი არტისტი აფრობიტის პიონერად იქცა, რაშიც მას დახმარება ლეგენდარულმა დრამერმა, ტონი ალენმა გაუწია, რომელიც კოლექტივის მუსიკალური ხელმძღვანელის როლსაც ითავსებდა.

ფელა კუტის შემოქმედებამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა ჯაზის, როკის, ჰიპ ჰოპის, პოპისა და ელექტრონული მუსიკის ჟანრებში მოღვაწე არტისტებზე. დასავლეთში მისი სტილის მთავარი იმპორტიორი ნიუ ვეივ კოლექტივი Talking Heads აღმოჩნდა, რომლის მიერ 1980 წელს გამოცემული ეპოქალური ალბომი Remain in Light სწორედ აფრობიტზე იყო აგებული. ნიუ იორკული ჯგუფის ლიდერის, დევიდ ბირნის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის მსმენელებსა თუ კოლეგებს აქტიურად მოუწოდებდა, მისი ნამუშევრების ინსპირაციის წყაროთი მეტად დაინტერესებულიყვნენ, თუმცა დღემდე ფართო აუდიტორიისთვის ფელაზე მეტად მისი იდეებით შთაგონებული მუსიკოსების სახელებია ცნობილი.

4. The Sonics

მარტივი აკორდები, დასარტყამი ინსტრუმენტების პრიმიტიული რიტმები და საქსოფონისა თუ ფორტეპიანოს ხაზგასმით მოუხეშავი ბგერები - 1960 წელს ჩამოყალიბებული ბენდი The Sonics სრულიად სამართლიანად ითვლება პანკის ერთ-ერთ წინამორბედად. სიეტლური კოლექტივის უჩვეულოდ აგრესიული ჟღერადობის მიზეზი მისი წევრების მუსიკალური გემოვნება იყო. მათ პრიმიტიული, ხისტი როკ-ენ-როლი იტაცებდა, რის გამოც თავის 1967 წლის სტუდიურ ალბომს Introducing the Sonics, რომლის საუნდიც ლეიბლის ზეწოლის გამო წინა ნამუშევრებთან შედარებით სტერილური იყო, დღემდე ნაგავს უწოდებენ.

The Sonics-ის ჩანაწერები აღტაცებას მხოლოდ 1970-იან წლებში მოღვაწე პანკებში არ იწვევდა. კოლექტივის შემოქმედება 80-იანების პოსტ პანკის წარმომადგენლებსაც იტაცებდა, 90-იანების გრანჟ რევოლუცია კი მათი იდეების გარეშე ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა. ჯგუფის გავლენას არც თანამედროვე ინდი თუ ელექტრონული როკის წარმომადგენლები უჩივიან. ამ ყველაფრის ფონზე, მუსიკოსებმა, რომლებმაც არაერთი გამოჩენილი კოლეგა შთააგონეს, თავად პოპულარობა ვერ მოიპოვეს და ძირითადად გარაჟ როკის ვეტერან მსმენელთა წრეში არიან ცნობილი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავლენა, რომელიც სიეტლურმა კოლექტივმა თავის მშობლიურ ქალაქში დაბადებულ მიმდინარეობაზე, გრანჟზე მოახდინა. ის ყველაზე ნათლად ჟანრის წამყვანი ბენდის, Nirvana-ს შემოქმედებაში იგრძნობოდა, რომლის ფრონტმენი, კურტ კობეინი The Sonics-ის პრიმიტიულ ფორმულას იდეალურად მიიჩნევდა. ეს საკულტო ჯგუფი როკ მუსიკას საკუთარი თავის ხელახლა გამოგონებაში რამდენჯერმე დაეხმარა, ამისათვის კი არც გადავსებულ სტადიონებზე ჩატარებული კონცერტები დასჭირვებია და არც ჩარტების სათავეებში მოქცევა.

3. DJ Screw

მეინსტრიმული ჰიპ ჰოპის მსმენელებისთვის ნაკლებადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ ჟანრის თანამედროვე ტენდენციების ნაწილი ჯერ კიდევ შორეულ 1990-იან წლებში მოიხაზა. ეპოქის წინმსწრები ინოვაციის ავტორი DJ Screw-ს ფსევდონიმით ცნობილი ჰიუსტონელი პროდიუსერი, რობერტ ერლ დევისი იყო, რომელმაც საკუთარი რემიქს ტექნიკის Chopped & Screwed შემუშავებით სემპლინგის ისტორიაში ნამდვილი გარღვევა მოახდინა. 29 წლის ასაკში კოდეინის ზედოზირებით გარდაცვლილმა მუსიკოსმა სიცოცხლის განმავლობაში 350-ზე მეტი მიქსტეიპი გამოსცა და მიმდინარეობის არაერთ სახელოვან წარმომადგენელთან ითანამშრომლა.

დევისის ინოვაციის არსი მარტივი და ამავდროულად გენიალური იყო. უკვე არსებული ჩანაწერების შენელებითა და ტრეკის ამა თუ იმ მონაკვეთის ოსტატური გადაადგილებით მუსიკოსი საოცარ ეფექტს ქმნიდა, კომპოზიციებს კი სრულიად განსხვავებულ ესთეტიკას სძენდა. ამ გზით ჰიუსტონელმა არტისტმა ფსიქოდელიური ჰიპ ჰოპი მანამდე შექმნა, სანამ ამ მიმდინარეობის აღმნიშვნელი ტერმინი გაჩნდებოდა. ის გარემოება კი, რომ სქრიუს ორიგინალურ ნამუშევრებში უმცირესი ჩარევითაც კი ძალზე საგრძნობი ცვლილება შეჰქონდა, მის მიღწევებს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

დევისი შემოქმედება სამხრეთულ ჰიპ ჰოპის წარმომადგენლებისთვის შთაგონების გამორჩეულ წყაროდ იქცა. მისი გავლენა განსაკუთრებით ნათლად ჰიუსტონელ არტისტებზე, მათ შორის პოპულარულ რეპერ ტრევის სკოტისა და პოპ ვარსკვლავ სოლანჟ ნოულზის ნამუშევრებზე აისახა. უდროოდ გარდაცვლილი მუსიკოსი მშობლიურ ქალაქში საკულტო ფიგურად იქცა, იქ მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა მთელი სუბკულტურა არსებობს, რომლის წარმომადგენლებიც თავს "სქრიუჰედებს" უწოდებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სქრიუს სემპლინგისა და რემიქსის ტექნიკა ექსპერიმენტულ ელექტრონული მუსიკაში მოღვაწე ისეთმა მნიშვნელოვანმა არტისტებმაც აითვისეს, როგორებიც არიან Oneohtrix Point Never და Balam Acab.

2. Suicide

ამ ნიუ იორკული ჯგუფის ისტორია კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ საკუთარი ეპოქისთვის გასწრება ყველაზე კარგად მარგინალებს გამოსდით. უსახლკარო მხატვრის, ალან ვეგასა და ავანგარდისტი ჯაზმენის, მარტინ რევის მიერ 1969 წელს შექმნილმა დუეტმა გიტარაზე, ბასსა და როკ მუსიკისთვის ტრადიციულ სხვა ინსტრუმენტებზე თავიდანვე თქვა უარი. დამტვრეული სინთეზატორისა და პრიმიტიული დრამ-მანქანის გამოყენებით შესრულებული მონოტონური, ერთაკორდიანი სიმღერები კი არაფერს ჰგავდა, რაც იმ დროს იქმნებოდა. დუეტის პირველი კონცერტების სარეკლამო ფლაერები იუწყებოდა - "პანკ მუსიკა ყოველ პარასკევ საღამოს Suicide-სგან". ეს მუსიკის ისტორიაში არტისტის მიერ საკუთარი შემოქმედების პანკად დახასიათების პირველი შემთხვევა იყო.

კლუბებში მისულ, პრიმიტიულ როკ-ენ-როლს მიჩვეულ ნიუ იორკელ პანკებს იქ მათთვის უჩვეულო ჟღერადობა ხვდებოდა, რის გამოც ჯგუფის კონცერტები, როგორც წესი, სისხლიანი შეტაკებებით სრულდებოდა. განრისხებული აუდიტორიისგან თავდასაცავად, ვეგა სცენაზე ველოსიპედის ჯაჭვით შეიარაღებული გამოდიოდა, ერთ-ერთ მსმენელს კი ერთხელ ნაჯახიც ესროლა. ამის გამო მათთან დაკავშირებით ხშირად ხუმრობდნენ, მთელ სამყაროში ჭეშმარიტი პანკები მხოლოდ Suicide-ის წევრები არიან, რადგან ისინი თვით პანკებსაც კი სძულთო. კარიერის პირველ ეტაპზე დუეტი სრული კრახისთვის აღმოჩნდა განწირული. თუმცა, 1990-იანი წლების მიწურულს პანკისა და სინთპოპის პიონერთა მნიშვნელობის გადააზრების პროცესი დაიწყო, რამაც მათ საკულტო სტატუსი შესძინა.

ამ დროსა და სივრცეს აცდენილი ბენდის მიერ 1977 წელს ჩაწერილი სადებიუტო ნამუშევარი მუსიკის ისტორიაში პირველ სინთპოპ ალბომად ითვლება. Suicide-მა მსმენელებში განსაკუთრებული პოპულარობა ვერ მოიპოვა, თუმცა მათ მიერ შთაგონებული არტისტების სია წარმოუდგენლად შთამბეჭდავად გამოიყურება - Radiohead, Massive Attack, Nine Inch Nails, Aphex Twin, Daft Punk, Joy Division, Sonic Youth, Depeche Mode, The Chemical Brothers, R.E.M. Pet Shop Boys, Soft Cell, ნიკ ქეივი, ბრიუს სპრინგსტინი. ამ სიის გაგრძელება, ფაქტობრივად, დაუსრულებლად შეიძლება. ვეგამ და რევმა უდიდესი გავლენა მოახდინეს ასევე ინდასტრიალზე, პოსტ პანკზე, ტექნოსა და ნოიზზე, რომლის გამოძახილიც ამ მიმდინარეობებში დღემდე იგრძნობა.

1. Throbbing Gristle

1975 წელს შექმნილი Throbbing Gristle პირველი და ყველაზე ავტორიტეტული ინდასტრიალ კოლექტივია. ჯენეზის პი-ორიჯის, ქოზი ფანი ტუტის, პიტერ კრისტოფერსონისა და კრის კარტერის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის მუსიკა უხეში, ბრუტალური და აბსტრაქტული იყო, თემატიკა უკიდურესად პროვოკაციული, სცენის გაფორმება კი ნაცისტურ სიმბოლიკასა და პორნოგრაფიის ელემენტებს მოიცავდა. ბენდის პირველივე საჯარო გამოსვლა ისეთი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რომ ბრიტანელი პარლამენტარებიც კი გამოეხმაურნენ და აღშფოთებულებმა მუსიკოსებს "ცივილიზაციის დამანგრევლები" უწოდეს.

Throbbing Gristle ძალზე ამბიციური პროექტი იყო და დასავლური ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი მანკიერებების ყველაზე რადიკალური გზებით გამოვლენას ისახავდა მიზნად. 1980 წელს ჯენეზის პი-ორიჯმა მისია შეწყვეტილად, ინდასტრიალის ეპოქა კი დასრულებულად გამოაცხადა. დაშლილი ბენდის ბაზაზე კი ახალი ჯგუფი Psychic TV შეიქმნა, რომელიც პოსტ-ინდასტრიალის წამყვან ძალად იქცა. სწორედ მის შემადგენლობაში დაუახლოვდნენ ერთმანეთს ჯონ ბელანსი და კრის კრისტოფერსონი, რომლებმაც მიმდინარეობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დუეტი Coil ჩამოაყალიბეს.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული ინდასტრიალის სტრუქტურა უფრო და უფრო რიტმული, ჟღერადობა კი გაცილებით კონვენციური ხდებოდა. შედეგად კი, ერთ დროს ანდერგრაუნდში გამომწყვდეულმა ჟანრმა, ისეთი კოლექტივების მეშვეობით, როგორებიც არიან Nine Inch Nails, Skinny Puppy და Ministry, მეინსთრიმში შეაღწია. როგორც თითოეული ამ ბენდის, ასევე ჟანრში მოღვაწე ყველა სხვა არტისტის შემოქმედება სწორედ იმ იდეებს ეფუძნება, რომლებიც პირველად Throbbing Gristle-ის შემოქმედებაში გამოჩნდა. ჯგუფის, რომელმაც მუსიკის სამყაროში კულტურული ექსტრემიზმის სკოლა გახსნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული