Thumbnail

რეცენზია: Yves Tumor - Heaven to a Tortured Mind

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

Yves Tumor-ის სახელით ცნობილი ამერიკელი არტისტი, შონ ბოუი თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი რომანტიკოსია, ამ ეპითეტის ყველა შესაძლო გაგებით. ენიგმატური მუსიკოსის შემოქმედება სენტიმენტალურობითა და დრამატიზმით გამოირჩევა, იდუმალი ნოსტალგიის განცდითაა გამსჭვალული და არც სასიყვარულო თემატიკის დეფიციტს უჩივის. თუმცა, მისი რომანტიკული ბუნება ყველაზე ნათლად მაშინ ვლინდება, როდესაც ჯიუტად ცდილობს, მეინსთრიმის ნაწილად შაბლონური პოპ ტრეკების ნაცვლად, რაღაც ახლის, უნიკალურისა და ჭეშმარიტად ღირებულის შექმნის ხარჯზე იქცეს. ამასთანავე, ის გარემოება, რომ ეს ნამუშევრები ჯერჯერობით კუთვნილი დაფასების ნახევარსაც ვერ იღებს, შონის ამ მისწრაფებას ხელს აშკარად ვერ უშლის.

თუ 2018 წელს გამოცემულ ალბომში Safe in the Hands of Love საქმე ექსპერიმენტული პოპის თანამედროვე ტენდენციების განვითარებისა და წინ წაწევის მცდელობასთან გვქონდა, წლევანდელ სტუდიურ ჩანაწერში არტისტმა კოლეგების მიერ არაერთხელ ნაცად ხერხს, წარსულის მუსიკალური ტრადიციების დეკონსტრუირებასა და მათ ახალი ფორმით წარმოჩენას მიმართა. ნამუშევარი 1970-იანი წლების გლემ როკის, მძიმე ფანკისა და მოთაუნ სოულის ვინტაჟურ ჟღერადობას ეხმიანება, თუმცა ამ მიმდინარეობებისთვის დამახასიათებელი ელემენტები აქ იმდენად უჩვეულოდაა დამუშავებული, რომ სრულიად ახალ და ეპოქისთვის რელევანტურ სახეს იძენენ.

ალბომის გამხსნელი კომპოზიცია Gospel for a New Century ზემოხსენებული მიდგომის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მკვეთრად გამოხატულ ფუტურისტულ ხასიათთან ერთად, მასში ნათლად იგრძნობა რეტრო სოულისა და არენბის გავლენა. მომდევნო ტრეკის Medicine Burn ჟღერადობა უფრო მეტად არაკონვენციურია, ლირიკაში კი სენტიმენტალურ განცდებს ბოუისთვის ჩვეული გროტესკულობა და აპოკალიპტური ჰალუცინაციები ერთვის. ამ ატმოსფეროს კიდევ უფრო ამძაფრებს Identity Trade, რომელიც მომავლის კიბერპანკულ სამყაროში ნეონის ღმერთების სახელზე აღვლენილ ლოცვას ჰგავს.

ალბომის ცენტრალური ტრეკის წოდებას ყველაზე მეტად Kerosene! იმსახურებს. გლემ როკის ამ შთამბეჭდავ და ორიგინალურ ნიმუშში ივ ტუმორი თავისი მოგვარისა და ჟანრის ლეგენდის, დევიდ ბოუის ღირსეულ მემკვიდრედ მოგვევლინა. ნამუშევრის ინსტრუმენტალში ელექტრონული გიტარა განსაკუთრებულ როლს თამაშობს, მასზე შესრულებული ყველაზე ეფექტური პარტიები კი სწორედ ამ კომპოზიციაში გვხვდება. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს მოწვეული ვოკალისტის, დაიანა გორდონის დამსახურება, რომელმაც არტისტს პარტნიორობა უნაკლოდ გაუწია.

კომპოზიციაში Hasdallen Lights მუსიკოსი ჩვეულზე მაღალ რეგისტრში მღერის, შესრულების მანერით კი სოულისა და ფანკის ვეტერან ვარსკვლავებს მოგვაგონებს. ეს ხაზი შარშანდელი წლის აღმოჩენასთან, არენბი არტისტ კელსი ლუსთან თანამშრომლობით ჩაწერილ ტრეკში Romanticist ვითარდება, რომელიც რომანტიკული, ინტიმური ატმოსფეროთი გამოირჩევა. ალბომის ეს მცირე, შედარებით მსუბუქი მონაკვეთი თითქოს შემზადებაა Dream Palette-ისთვის, სადაც ქაოტური ტექსტურებისა და უცნაური მიკროპასაჟების ფეიერვერკი გვხვდება, ივ ტუმორი კი თავის დემონურ ქარიზმას მთელი დიდებულებით წარმოაჩენს.

Super Stars-ში ივ ტუმორი შესრულების გამომწვევი მანერით კიდევ ერთ ლეგენდარულ კოლეგას, პრინსს წააგავს. Folie Imposée-ში კი თუ ვინმეს მოგვაგონებს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს იმ პერიოდიდან, როდესაც ჯერ კიდევ ექსპერიმენტული ანდერგრაუნდის იმედისმომცემ წარმომადგენლად ითვლებოდა. კომპოზიციებში Strawberry Privilege და Asteroid Blues არტისტი თითქოს იმ კლაუსტროფობიურ ლაბირინთშია დაკარგული, რომელიც ალბომის მსვლელობისას თავადვე ააგო. გასასვლელს კი უკანასკნელ ტრეკში A Greater Love პოულობს, რომელიც ამ არაჩვეულებრივი ნამუშევრისთვის მართლაც რომ იდეალური ფინალური აკორდია.

ალბომს კრიტიკოსებისა და მსმენელების ერთსულოვანი აღფრთოვანება ხვდა წილად, თუმცა აშკარაა, რომ ჩარტების დაპყრობა არც მას უწერია. პოპ კულტურაში ივ ტუმორის მსგავსი არტისტების როლი მუდამ ასეთი იყო - ინოვატორი, რომლის ხედვასაც მეინსთრიმი მხოლოდ წლების შემდეგ უნდა დაეწიოს. Heaven to a Tortured Mind როკის, ფანკის, სოულის, პოპისა და ელექტრონიკის ვინტაჟურ-ფუტურისტული სინთეზია, რომელიც 2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის წოდებას იმსახურებს. ჰედონიზმითა და ბნელი გლამურულობით სავსე, ახალი სექსუალური რევოლუციის იდეით შეპყრობილი ეს ჩანაწერი თითქოს შორეულ მომავალში, სხვა პლანეტაზე ჩატარებული ვუდსტოკის ექოა, სადაც ფერადი ჰიპების ნაცვლად გლიტერიანი ანდროიდები ირევიან.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული