Thumbnail

რეცენზია: The Strokes - The New Abnormal

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ალბათ, არ გაგიჭირდებათ ისეთი სპორტსმენების გახსენება, რომლებიც ვარსკვლავებად კარიერის დასაწყისშივე მონათლეს, გულშემატკივრებისა და სპეციალისტების მხრიდან მუდმივმა წნეხმა კი მათ განვითარებას წარუშლელი დაღი დაასვა. ალტერნატიული როკ ბენდის, The Strokes-ის ისტორიაც დაახლოებით ასეთივე სცენარის მიხედვით წარიმართა. 1998 წელს ნიუ იორკში ჩამოყალიბებულ კოლექტივს თავიდანვე ეტყობოდა დიდი პოტენციალი, რის გამოც მუსიკოსებთან კონტრაქტის გასაფორმებლად ლეიბლებს შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა. ჯგუფის მიერ 2001 წელს გამოცემულმა სადებიუტო ალბომმა Is This It უდიდესი წარმატება მოიპოვა. მედიამ და მსმენელებმაც არ დაახანეს და ახალგაზრდა არტისტებს მხრებზე "როკის მხსნელების" ტვირთი აჰკიდეს.

The Strokes-ის მიმართ კრიტიკოსები მუდამ განსაკუთრებით პრეტენზიულები იყვნენ. ბენდის ჟღერადობას ზოგი ზედმეტად დახვეწილად თვლიდა, ზოგიც ზედმეტად პრიმიტიულად, ნაწილი ინოვაციებს მოითხოვდა, ნაწილიც როკ-ენ-როლის კლასიკური ფორმულადმი ერთგულებას. სწორედ ეს ტოქსიკური დამოკიდებულება იქცა მათი რეგრესის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის შედეგადაც ყოველი მომდევნო ნამუშევარი წინასთან შედარებით სუსტად გამოიყურებოდა. თუმცა, წლევანდელ ალბომში The New Abnormal, რომლის პროდიუსერადაც ლეგენდარული რიკ რუბინი მოგვევლინა, ჯგუფის წევრები მხოლოდ საკუთარ ხედვას ეყრდნობიან, რაზეც ჩანაწერის გამხსნელი კომპოზიციის The Adults Are Talking ტექსტში ჩადებული ალუზიებიც მიგვანიშნებს.

Selfless პირადი ურთიერთობების შესახებ დაწერილი სევდიანი კომპოზიციაა, სადაც ბენდის ფრონტმენი, ჯულიან კასაბლანკასი საკუთარ ფალცეტს ძალზე ეფექტურად იყენებს. საცეკვაო ელექტრონიკის ელემენტებით დატვირთულ Brooklyn Bridge to Chorus-ში ფრანგული დუეტის, Daft Punk-ის გავლენა იგრძნობა, რომელთანაც კასაბლაკასმა თავის დროზე ჰიტის Instant Crush ჩაწერისას ითანამშრომლა. Bad Decisions-ში კოლექტივი გარაჟ როკ ჟღერადობას უბრუნდება, მასზე გადაღებული ვიდეორგოლით კი იმ ჯგუფებზე მიგვანიშნებს, რომლებიც 2000-იან წლებში The Strokes-ის სტილის კოპირებას ცდილობდნენ. მსგავსი შინაარსის მქონე კლიპის შექმნა ტრეკზე, რომელშიც მუსიკოსებმა ბილი აიდოლის ტრეკის Dancing With Myself მელოდია გამოიყენეს, თვითირონიის საკმაოდ კარგი მაგალითია.

სიმღერაში Eternal Summer ბენდისთვის საკმაოდ უჩვეულო, ნიუ ვეივის ესთეტიკას ვაწყდებით, რომელიც მათი თანაქალაქელი საკულტო კოლექტივისა და მიმდინარეობის პიონერის, Talking Heads-ის საფირმო ხელწერას წააგავს. მომდევნო კომპოზიცია At the Door კი უდავოდ იმსახურებს ცალკე გამოყოფას. სინთეზატორის ჟღერადობაზე აგებული მინიმალისტური ბალადა სონგრაითერული თვალსაზრისით ალბომში შესული ჩანაწერებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. სიმღერას ძალზე ლამაზი ანიმაციური ვიდეორგოლი ახლავს. იქ ნაჩვენები კოსმოსური ოდისეა ნამუშევრის ატმოსფეროსთან და მელანქოლიურ-დეპრესიულ განწყობასთან იდეალურ თანხვედრაშია.

კომპოზიციებში Why Are Sundays So Depressing და Not the Same Anymore ბენდი მსმენელებისთვის კარგად ნაცნობი, კოლეგებისგან თუ საკუთარი ჩანაწერებიდან ნასესხები მუსიკალური იდეების გადამუშავებას აგრძელებს, თუმცა ეს ყველაფერი ისე ეფექტურადაა მოწოდებული, რომ გაცვეთილისა და მოსაწყენის შთაბეჭდილებას ოდნავადაც არ ტოვებს.

ალბომის დასკვნითი და ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკი Ode to the Mets კასაბლანკასმა 2016 წელს, თავისი ფავორიტი ბეისბოლის კლუბისა და უმაღლესი ლიგის აუტსაიდერის, New York Mets-ის მორიგი მარცხის შემდეგ დაწერა. ჯგუფის კარიერის რეტროსპექტივა ამ სიმღერის პათოსს სიმბოლურ დატვირთვას აძლევს - გატაცება ზოგჯერ იმედგაცრუების მიზეზი ხდება, მაგრამ მისთვის თავის დანებება აზრადაც არ მოგდის.

ერთი სიტყვით, მუსიკოსებს არც ველოსიპედის თავიდან გამოგონება უცდიათ და არც როკ მუსიკისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა. სანაცვლოდ კი სწორედ ისეთი, უპრეტენზიო და გულწრფელი ალბომი ჩაწერეს, როგორიც თავად სურდათ. არც იმაზე უდარდიათ, დასწამებდა თუ არა ვინმე ბანალურობას. შედეგიც სახეზეა, თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, The New Abnormal პირველი შემთხვევაა, როდესაც The Strokes-ის ახალი ჩანაწერი წინას სჯობია. ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი როკ ბენდის ღირსეული დაბრუნებაა, რომელსაც ერთგული მსმენელები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული