Thumbnail

რატომ არ უყვარდა კურტ კობეინს კონცერტებზე Smells Like Teen Spirit-ის შესრულება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს ჰიტი Smells Like Teen Spirit ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიცია და ერთგვარი სავიზიტო ბარათია. სიმღერამ გამოსვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა და ახალგაზრდა თაობის ჰიმნადაც იქცა. თუმცა, კოლექტივის ფრონტმენ კურტ კობეინს ნამუშევრის წარმატება დიდად არ ახარებდა და არც კონცერტებზე უყვარდა მისი შესრულება.

სიმღერის ისტორია: Smells Like Teen Spirit

Nirvana-ს ჰიტის Smells Like Teen Spirit კლიპის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

"ყველა ამ სიმღერაზეა ფოკუსირებული. იმიტომ, რომ MTV კლიპს ეთერში მილიონჯერ ატრიალებს. ხალხს, რასაც ჰქვია, ტვინში ჩაუტენეს. არადა, ძალიან ბევრი მასავით კარგი სიმღერა მაქვს დაწერილი, თუ არა უკეთესი. მაგალითად, Drain You. ის ისეთივე კარგია, როგორც Teen Spirit. მიყვარს ამ კომპოზიციის ტექსტი და არასდროს ვიღლები მისი შესრულებით. მასაც რომ დიდი წარმატებისთვის მიეღწია, ალბათ, ასე არ მომეწონებოდა", - ამბობდა კურტი გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში.

"ნირვანამ" სიმღერა Smells Like Teen Spirit 1991 წელს გამოუშვა. კომპოზიცია კოლექტივის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Nevermind არის წარმოდგენილი. ჩანაწერის ვიდეორგოლმა ბენდს MTV Video Music Awards-ის ორი ჯილდო მოუტანა. ნამუშევრის სახელწოდება კურტ კობეინს პანკ-როკ ჯგუფის Bikini Kill ვოკალისტმა, კეტლინ ჰანამ შთააგონა, როდესაც თავისი ოთახის კედელზე Kurt Smells Like Teen Spirit დაწერა.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულ კობეინს ბენდის ვოკალისტობა სულაც არ სურდა. ამის შესახებ შემსრულებელმა 1994 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აგრეთვე Rolling Stone-თან ისაუბრა.

"სიმღერა არასოდეს მინდოდა. უბრალოდ, მსურდა, რითმ-გიტარა დამეჭირა და ფრონტმენის უკან, ჩრდილში ვმდგარიყავი. მაგრამ სკოლის პერიოდში, როდესაც საძინებელში ვუკრავდი, ინსტინქტურად კომპოზიციებს ვწერდი ხოლმე", - აღნიშნა მუსიკოსმა.

კურტ კობეინმა ჯგუფი "ნირვანა" 1987 წელს შექმნა. გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს, კობეინის თვითმკვლელობიდან 20 წლის შემდეგ, გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული