Thumbnail

რეცენზია: Thundercat - It Is What It Is

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

სტივენ ლი ბრუნერის, იგივე Thundercat-ის მსგავსი ფიგურა პოპულარული მუსიკის ისტორიაში ძალზე ცოტა თუ მოიძებნება. ამერიკელი არტისტის ჩანაწერები დახვეწილი საკომპოზიციო სტილითა და ურთულესი ინსტრუმენტული პარტიებით გამოირჩევა, ასეთი სიღრმისა და საშემსრულებლო პროფესიონალიზმის ფონზე კი არასერიოზულობით, შავი იუმორითა და ზოგ შემთხვევაში, უხამსობით სავსე ლირიკას ვაწყდებით, რასაც ბრუნერის ექსცენტრიკული იმიჯი და ეპატაჟური პერსონა ემატება.

მუსიკოსი რომ თავისი სპეციფიკური ხელწერის შეცვლას არც მეოთხე სტუდიურ ალბომში It Is What It Is აპირებდა, ამაზე ნამუშევრის პირველი სინგლით Dragonball Durag და მასზე გადაღებული ვიდეორგოლითაც ნათლად მიგვანიშნა.

ახალ ჩანაწერში არტისტს მისთვის ჩვეული ესთეტიკისთვის არ გადაუხვევია და ფანკის, ჯაზის, სოულისა და ელექტრონიკის კოსმიური ფსიქოდელიით გაჯერებული ნაზავი შემოგვთავაზა. თხუთმეტი ტრეკისგან დაკომპლექტებული ალბომის ქრონომეტრაჟი სულ ოცდაჩვიდმეტი წუთით შემოიფარგლება, ცალკეული კომპოზიციების, მათ შორის Lost in Space, How Sway, Overseas, How I Feel და Existential Dread ხანგრძლივობა კი წუთნახევარს არ აღემატება. ამის მიუხედავად, კომპლექსური მელოდიებისა თუ მრავალფეროვანი ემოციური პალიტრის ხარჯზე, მისი მოსმენისას დრო თითქოს იწელება და ნამუშევარიც გაცილებით მასშტაბური პროექტის განცდას ტოვებს, ვიდრე რეალურად არის.

კრიტიკოსები 35 წლის ბრუნერს ყველა დროის საუკეთესო ბასისტებს შორის სავსებით სამართლიანად მოიხსენიებენ. ამ ალბომში მისი საშემსრულებლო დონის დასახასიათებლად "ვირტუოზული" რომ უფერული ეპითეტია, კომპოზიციის Unrequited Love ბას პარტიაც ნათლად ადასტურებს. ინსტრუმენტალის თვალსაზრისით, განსაკუთრებით Innerstellar Love ბრწყინავს, სადაც მუსიკოსს პარტნიორობა თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, კამასი ვაშინგტონმა გაუწია. ცალკე უნდა აღინიშნოს არტისტის ძმის, რონალდ ბრუნერის დამსახურება, რომელმაც დასარტყამი ინსტრუმენტების პარტიები ჩაწერა. 

სხვა ნამუშევრების მსგავსად, მოწვეული სტუმრების ნაკლებობას თანდერქეთის არც ეს ალბომი უჩივის. კომპოზიციაში Fair Chance მას პარტნიორობას პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტები Ty Dolla Sign და Lil B უწევენ, Black Qualls-ში კი უნიჭიერეს დონალდ გლოვერს, იგივე Childish Gambino-ს ვხვდებით. ტრეკზე King of the Hill ბრუნერმა ნიუ ჯაზ კოლექტივთან BADBADNOTGOOD და Flying Lotus-ის ფსევდონიმით ცნობილ ელექტრონულ არტისტთან, სტივენ ელისონთან ითანამშრომლა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ჩანაწერის პროდიუსერადაც მოგვევლინა.

ხავერდოვანი მუსიკის ფონზე თანდერქეთი ეგზისტენციურ პრობლემებზე გვესაუბრება. მსგავსი კონტრასტულობა არტისტის შემოქმედებისთვის უცხო არასდროს ყოფილა, თუმცა ამ ჩანაწერში განსაკუთრებით მძაფრად იჩინა თავი. ამის ერთ-ერთ მიზეზად ორი წლის წინ მისი უახლოესი მეგობრის, რეპერ მაკ მილერის გარდაცვალება იქცა, რომლის ხსოვნასაც ეძღვნება კიდეც ეს ნამუშევარი. ბრუნერისთვის ხაზგასმული უდარდელობა თითქოს დეპრესიასთან გამკლავების ხერხია, რაზეც კომპოზიციის Miguel's Happy Dance ტექსტით მიგვანიშნებს. რთულ მდგომარეობაში ყოფნისას, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი შეიძლება გაცილებით უარესად ყოფილიყო და აჰყევით ცეკვით ცხოვრების შეშლილ რიტმს, მოგვიწოდებს მუსიკოსი. 

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო, ქარიზმატული და ნიჭიერი არტისტის ახალი ჩანაწერი კომპოზიციით It Is What It Is იხურება. ალბომის სათაურად ქცეული ეს ფრაზა მუსიკოსის ცხოვრებისეულ ფილოსოფიასაც ასახავს - ყველაფერი ისეა, როგორც არის და ერთადერთ გამოსავლად ამის მიღება რჩება. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული