Thumbnail

ქანიე ვესთის ყოფილი მცველი: მას სასაცილო და აბსურდული მოთხოვნები ჰქონდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის ყოფილმა პირადმა მცველმა, სტივ სტენილესმა კომპანია Apple-ის პოდკასტში Hollywood Raw მიიღო მონაწილეობა. ინტერვიუს მიმდინარეობისას, მან გაიხსენა, რა წესები უნდა შეესრულებინა ცნობილ რეპერთან მუშაობისას.

ნახეთ: ქანიე ვესთმა თავისი ბავშვობის სახლი $225,000-ად დაიბრუნა

"ქანიეს სასაცილო და აბსურდული მოთხოვნები აქვს დაწესებული. როცა ქუჩაში მოძრაობს, 10 ნაბიჯით უნდა ჩამოშორდე. ასე რომ, თუ რომელიმე გამვლელი მასთან მიახლოებას ან რაიმეს დაშავებას მოინდომებს, ცხადია, ამის პრევენციას ვერ მოასწრებ და მოსახდენი მოხდება", - აღნიშნა მან.

სტივისვე თქმით, რეპერის არაადეკვატურობა პირველ სამუშაო დღეს შენიშნა:

"მოდის კვირეული იყო. მის სტუდიაში უნდა მივსულიყავით. ლიფტში რომ შევედით, მკითხა, ღილაკზე თითის დაჭერას არ აპირებო? მე კი ვუპასუხე, ეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა, წარმოდგენა არ მაქვს, რომელ სართულზე უნდა ავიდეთ-მეთქი, ამაზე კი მომიგო - შენ რა, წინასწარ არ დარეკე და გაარკვიე, კონკრეტულად სად უნდა მივსულიყავიო?. სამი ვარიანტი შევთავაზე - მას შეეძლო, ჩემთვის პირდაპირ ეთქვა, რომელ ღილაკზე უნდა დამეჭირა და მომავალში მეცოდინებოდა; ან თავად დაეჭირა და მე თვითონ დავინახავდი; მესამე შემთხვევაში კი შეეძლო, მთელი დღე იქ ყოფილიყო და ჩემთვის მოეყოლა, თუ რამდენად ფასეულია მისი დრო. საბოლოოდ, პირველ ვარიანტზე შეაჩერა არჩევანი".

სტენილესმა ინტერვიუში აგრეთვე ეჭვი გამოთქვა, რომ ქანიე და მისი ცოლი, ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი პაპარაცებს წინასწარ ატყობინებდნენ საკუთარ ადგილსამყოფელს.

"ყოველ ჯერზე, როცა ისინი საჯარო ადგილებში მიდიოდნენ, პაპარაცებმა ამის შესახებ იცოდნენ. ფაქტია, ვიღაც მათ წინასწარ აფრთხილებდა. არ ვიცი, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. მე, უბრალოდ, ვამბობ, რომ, სადაც კი მივდიოდით, ისინი შემთხვევით გვერდით ჩნდებოდნენ ხოლმე. ეტყობა, მე არ ვარ პაპარაცების შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული", - აღნიშნა მან.

სტივ სტენილესი ქანიე ვესთს ღიად მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც 2016 წელს რეპერმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსმა პირადი მცველი Met Gala-ს ღონისძიების საღამოს, ნიუ იორკის სასტუმროს Waldorf Astoria საპრეზიდენტო ნომერთან იმ დროს გამოიჭირა, როდესაც მის ცოლს, კიმ კარდაშიანს ეფლირტავებოდა. პასუხად სტივმა განაცხადა, რომ ქალთან, უბრალოდ, სამუშაო გრაფიკს ათანხმებდა. მაშინ Daily Mail-თან ინტერვიუში მან რეპერი საკუთარი თავით უკიდურესად შეპყრობილ ადამიანად მოიხსენია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული