Thumbnail

ადელის ფიტნეს ინსტრუქტორი საუბრობს, როგორ შეძლო მუსიკოსმა წონაში დაკლება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მას შემდეგ, რაც ბრიტანელი პოპვარსკვლავი, ადელი ჭარბ წონასთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ რადიკალურად შეცვლილი გარეგნობით გამოჩნდა, საზოგადოების მხრიდან მეტწილად დადებითი შეფასება დაიმსახურა, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც 32 წლის მუსიკოსი გააკრიტიკეს. მისმა ყოფილმა ფიტნეს ინსტრუქტორმა, პიტ ჯერასიმომ, რომელიც მომღერალთან ლონდონში მუშაობდა, ინსტაგრამზე განმარტა, თუ რა იყო ადელის მიზანი, როდესაც საკუთარ ვიზუალში მკვეთრი ცვლილების შეტანა გადაწყვიტა.

პლასტიკური ქირურგები აფასებენ, რა პროცედურებს მიმართა Adele-მა ფორმების შესაცვლელად

"გული მწყდება ნეგატიური კომენტარების კითხვისას, რომლებშიც ადელს სიმსუქნის ფობიაში ადანაშაულებენ. მას არასდროს უცდია, სხვა ადამიანად ქცეულიყო. როცა ჩემთან ერთად ეს გზა დაიწყო, უკიდურესი სიგამხდრე ადელის მიზანი არ ყოფილა. ჩვენ, უბრალოდ, გვინდოდა, ჯანმრთელად ეგრძნო თავი. განსაკუთრებით ორსულობისა და ოპერაციის შემდეგ.

ვარჯიშისა და სწორი კვების შედეგად, ადელმა წონაში კლება დაიწყო, რაც მალევე გახდა შესამჩნევი. შემდეგ კი ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. ბუნებრივია, როცა ადამიანის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, ეს ახალ ემოციებს იწვევს და სურვილი გიჩნდება, შენი თავის საუკეთესო ვერსია გახდე. მან სწორი კვებითი ჩვევები ჩამოიყალიბა და თავი ფიტნესს მიუძღვნა - ამით ვამაყობ და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ადელი იმისთვის არ გარდასახულა, რომ ალბომები გაყიდოს, რეკლამა გაიკეთოს ან მოდელის როლი მოირგოს. ის ამას საკუთარი თავისა და შვილისთვის, ანჯელოსთვის აკეთებს", - წერს პიტ ჯერასიმო.

ფიტნეს ინსტრუქტორმა იმ ძირითად ფაქტორებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მუსიკოსს სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმარა. არსებული ინფორმაციით, მან 25 კილოგრამამდე დაიკლო.

სირტუინის დიეტა

დიეტოლოგების, ეიდენ გოგინსონისა და გლენ მატენომის მიერ 2016 წელს შემუშავებული დიეტა, რომელსაც მომღერალმა მიმართა, სირტუინის ცილის შემცველი პროდუქტების მიღებას გულისხმობს, როგორებიცაა: კაკაო, წითელი ღვინო, ციტრუსი და სხვა. შესაბამისად, მუსიკოსს მკაცრი აკრძალვები არ ჰქონია ალკოჰოლსა და შოკოლადზე.

რეგულარული ვარჯიში

ადელი სპორტდარბაზს კვირაში 2-3 ჯერ სტუმრობდა. მისი მწვრთნელის თქმით, მუსიკოსი მრავალფეროვან ვარჯიშებს აკეთებდა, რათა პროცესი მომაბეზრებელი არ გამხდარიყო. კერძოდ, ის მიმართავდა, როგორც კარდიოს, ისე ძალისმიერ ვარჯიშებს, აგრეთვე, დროს უთმობდა კიკბოქსინგს. სხეულისთვის საბოლოო ფორმების მისანიჭებლად კი მომღერალი პილატესითაც დაკავდა.

სრულფასოვანი ძილი

პიტ ჯერასიმოს თქმით, მომღერალს, დაძაბული გრაფიკის შემდეგ, სტრესის მოხსნასა და კუნთების რელაქსაციაში ერთსა და იმავე დროს 7-8 საათიანი უწყვეტი ძილი ეხმარებოდა.

ადელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. 2013 წელს ფილმისთვის Skyfall დაწერილი კომპოზიციისთვის მას ოსკარისა და ოქროს გლობუსი ჯილდოები გადაეცა. 15 გრემის მფლობლ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 120 მილიონზე მეტი ჩანაწრი აქვს გაყიდული. არტისტს სულ სამი ალბომი აქვს გამოცემული, აქიდან ორმა, "21" და "25" ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 2012-16 წლებში ჟურნალმა Time ის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. პოპვარსკვლავს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Rolling in the Deep, Someone Like You და Hello მოუტანა, სამივე კომპოზიციაზე გადაღებულმა კლიპებმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვები დააგროვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული