Thumbnail

რატომ აიკრძალა მაიკლ ჯექსონის კლიპის In the Closet ჩვენება სამხრეთ აფრიკაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის შემოქმედება არაერთ ცნობილ ვიდეორგოლს ითვლის, მათ შორის კომპოზიციის In the Closet კლიპს, რომლის ავტორიც ცნობილი ფოტოგრაფი და რეჟისორი, ჰერბ რითსია. 1992 წელს გავრცელებულ ნამუშევარში ბრიტანელი სუპერმოდელი, ნაომი კემპბელი მონაწილეობს, რომელიც 22 წლის ასაკში უკვე კარიერის მწვერვალზე იმყოფებოდა.

ნახეთ: Madonna-ს შვილი მაიკლ ჯექსონის ჰიტზე They Don’t Care About Us ცეკვავს

მაიკლ ჯექსონის ხელთათმანი აუქციონზე 85 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

თუმცა, საკულტო ვიდეორგოლი ყველა ქვეყნისთვის არ აღმოჩნდა მისაღები. როგორც ჯექსონის შესახებ დაწერილ წიგნში Michael Jackson: The King of Pop ვკითხულობთ, სამხრეთ აფრიკაში ვიდეოს ტელევიზიების ეთერში გაშვება იმ მოტივით აიკრძალა, რომ მასში წარმოდგენილი საცეკვაო მოძრაობები ზედმეტად გამომწვევი და სექსუალურად პროვოკაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მაიკლ ჯექსონს In the Closet-ის ჩაწერა ლეგენდარულ მადონასთან ერთად სურდა, თუმცა, არტისტები სიმღერის ტექსტსა და ვიდეორგოლის კონცეფციაზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც მადონამ 1992 წელს ბრიტანელ ჟურნალისტ ჯონათან როსთან ინტერვიუში აღნიშნა, მაიკლმა მისი იდეები ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნია.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მადონას სურდა, მაიკლს კლიპში ე.წ. დრაგ ქუინი განესახიერებინა.

"წარმოგიდგენია? მას სურდა, რომ ქალივით ჩაცმული ვყოფილიყავი. მე კი ვუთხარი, რომ ამას არასოდეს გავაკეთებდი. ნამდვილი სიგიჟე იყო", - გაიხსენა ჯექსონის სიტყვები მასთან მომუშავე მუსიკოსმა, Babyface-მა.

In the Closet შემსრულებლის მერვე ალბომში Dangerous სინგლის სახით არის წარმოდგენილი. კომპოზიცია წყვილის ფარულ სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგვითხრობს. სიმღერაში ქალის ვოკალურ პარტიას მონაკოს პრინცესა, სტეფანია ასრულებს.

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული